Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ისევ ბაზრის დაკეტისთვის ემზადება


რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა წინადადებაზე, რომ ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მხარდამჭერ ქვეყნებს ემბარგო დაუწესდეთ. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. "ამ დროისთვის მუშავდება მთავრობის დადგენილების პროექტი შვიდ ქვეყანასთან დაკავშირებით", განაცხადეს უწყებაში.

მათივე თქმით, ჯერ უცნობია ვადა, თუ როდისთვის დასრულდება დოკუმენტზე მუშაობა. სამინისტროში დაადასტურეს, რომ კონტრზომების შემოღების საკითხი საქართველოს მიმართაც მუშავდება. "ქვეყნების სია ზუსტდება", განაცხადეს სამინისტროში. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციაშია ნათქვამი, საქართველო ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის გამო ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების გაგრძელებას გასული თვის მიწურულს მიეხრო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს 19 ივნისის გადაწყვეტილებას ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ ანექსიის გამო გასულ წელს შემოღებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის არაწევრმა შვიდმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის -მონტენეგრომ, ალბანეთმა, ისლანდიამ, ლიხტენშტაინმა, ნორვეგიამ, უკრაინამ და საქართველომ. დეკლარაციის თანახმად, ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისი იყოს, რასაც ევროკავშირი მიესალმება.

ქართული მხარე განმარტავს, რომ წელს საქართველოს რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს - საუბარი იყო შარშანდელი სანქციის მექანიკურ გაგრძელებაზე. აქვე საქართველოს ხელსუფლება აცხადებს, რომ საუბარია მხოლოს ამ ერთ კონკრეტულ სანქციაზე და ქვეყანა თავის დროზე შეუერთდა მას, რადგან ამასვე მოითხოვს მთელი მსოფლიოსგან თავისი ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - მიმართ.

მიუხედავად ამისა, რუსეთის განცხადებები სწორედ ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ „როსპოტრებნადზორმა“ დაიწყო საუბარი ქართველი მეღვინეების მიერ ტექნოლოგიების მუდმივ დარღვევაზე და რამდენიმე ექსპორტიორს ბაზარზე ღვინის შეტანის უფლებაც არ მისცა.

კერძოდ, როგორც რუსეთის სანიტარულ სამსახურში განაცხადეს, ხარისხის ანალიზი და მიწოდებული პროდუქციის უსაფრთხოება ადასტურებს წარმოების ტექნოლოგიის დარღვევებსა და არასაკმარის კონტროლს გამოშვებულ პროდუქციაზე როგორც მწარმოებლის, ისე საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან.

უწყების ცნობით, 2015 წელს რუსეთში საქართველოს 45 მწარმოებლის მიერ, მთლიანობაში, 67 მილიონი ლიტრი პროდუქცია შევიდა, საიდანაც პროდუქციის 10 პარტია გამოვლინდა (კონიაკი "ძველი კახეთი", "კოლხიდა", "საფერავი"), რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. მათივე ინფორმაციით, პროდუქციის ყველა პარტია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.

მოვლენების ასეთი თანხვედრა ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან გვაქვს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის ბაზრის არასტაბილურობას.

შეგახსენებთ, რომ რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის 2012 წლიდან გაიხსნა და დღეისთვის ღვინის ბაზარზე რუსეთი პირველობას არ თმობს. 2015 წლის 7 თვეში რუსეთში 8 მილიონ 477 635 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც, დაახლოებით, 3,5-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფი ყაზახეთის მონაცემებს და თითქმის 5-ჯერ - უკრაინის მონაცემს.

მთლიან ექსპორტში რუსეთი შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება: 2015 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, ის მთავარ საექსპორტო ბაზრებს შორის მეოთხე ადგილზეა, 7,1 პროცენტით, თუმცა ახალი ემბარგო, თუ ის მაინც შედგა, ქვეყნის ეკონომიკაზე, უდავოდ, საკმაოდ მძიმედ აისახება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG