Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2014 წლის 24 დეკემბერი


„კრემლში გაიხსენეს რუსეთის სახელმწიფოს გეოპოლიტიკური მიღწევები“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „იზვესტიამ“ სტატია, რომელსაც გამხსნელ ფოტოდ წამძღვარებული აქვს „რუსეთის რუკა“, ხოლო ქვესათაურში გამოტანილია ფრაზა: „გამოფენა, სახელწოდებით „რუსეთის რუკა“, დაამშვენა ანტიკვარულმა ძღვენმა საქართველოდან და უკრაინიდან“.

სტატიაში ვკითხულობთ: „მოსკოვის კრემლის უსპენსკის სამრეკლოში გაიმართა გამოფენა „რუსეთის რუკა. ისტორიის ღირსშესანიშნავი მოვლენები“, რომელიც მიეძღვნა რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიის ფორმირებას მეთექვსმეტე-მეოცე საუკუნეებში. სტატიის მიხედვით, თითოეული საუკუნის გეოპოლიტიკური მოვლენები შეიძლებოდა ქცეულიყო ცალკე მასშტაბური პროექტის მასალად, კამერულ საექსპოზიციო სივრცეში კი რუსეთის ტერიტორიის ოთხსაუკუნოვანი ზრდის ისტორიის ჩვენება იყო უკიდურესად რთული, თუმცა გამოფენის კურატორებმა ნივთების საგულდაგულოდ შერჩევით შეძლეს გამოფენისათვის სილამაზისა და შინაარსის მინიჭება“.

სტატიის მიხედვით, გამოფენის ცენტრალური ნაწილი დაიკავა მოსკოვის წმინდა ეკატერინეს ორდენის სასწავლებლის აღსაზრდელთა ძღვენმა. 1772 წელს გოგონებმა იმპერატორ ალექსანდრე მეორეს აჩუქეს ხელით ამოქარგული რუსეთის იმპერიის რუკა. საჩუქარს ჰქონდა სიმბოლური მნიშვნელობა: სწორედ ალექსანდრე მეორის დროს მიაღწია რუსეთის ფართობმა მაქსიმუმს - 23,7 მილიონ კვადრატულ კილომეტრს“.

გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რუსეთის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად გაკეთებული საჩუქრები, რომელთა შორის, როგორც სტატიის ავტორი შენიშნავს, განსაკუთრებული ადგილი დაიკავა კიევ-პეჩორის მონასტრის ხატმა, საჩუქრად მირთმეულმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისათვის მეთექვსმეტე საუკუნეში, და ძვირფასმა ხანჯლებმა, რომლებიც მე-19 საუკუნეში თავადმა მანსუროვმა უსახსოვრა ალექსანდრე პირველს აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების აღსანიშნავად.

რუსეთის ბეჭდურმა მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის ამბავს. „საქართველომ „ტვირთი 200“ მიიღო“ - ამ სათაურით გაზეთ „კომერსანტში“გამოქვეყნებულ სტატიაში ლაპარაკია იმაზე, თუ რა გამოხმაურება მოჰყვა მოხალისეთა ბატალიონ „აიდარის“ 32 წლის ქართველი მებრძოლის დაღუპვას. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და მთელი პასუხისმგებლობა დააკისრა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას, რომელიც, სამინისტროს განცხადების მიხედვით, მოუწოდებდა ქართველ სამხედროებს მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებში.

„კომერსანტი“ იქვე აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის საპასუხო განცხადებას: „არასოდეს მოვუწოდებდი ქართველ სამხედროებს დაეტოვებინათ საქართველო, მისი შეიარაღებული ძალები და წასულიყვნენ უკრაინაში, მაგრამ მე ამაყი ვარ იმ ქართველი სამხედროების საქციელის გამო, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას“.

„კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატია მთავრდება მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი საქმიანობის აღწერით, რომ ის ცხოვრობს ნიუ-იორკში, ბიძასთან, თემურ ალასანიასთან, და დროის დიდ ნაწილს ატარებს უკრაინაში.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი აქვეყნებს სტატიას უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ უარი თქვა ბლოკგარეშე სტატუსზე და დაუბრუნდა ნატოში გაწევრიანების კურსს. გაზეთის რედაქცია იხსენებს, რომ ნატოსთან დაახლოების იდეა უმაღლეს რადაში გაჩნდა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში, ყირიმში ვითარების გამწვავების ფონზე.

„20 დეკემბერს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა პოროშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილება უარი ეთქვათ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა წინა ხელისუფლებამ“, წერს გამოცემა, რომელიც იქვე სთავაზობს მკითხველს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

„ეს გადაწყვეტილება კონტრპროდუქტიულია და გარდა იმისა, რომ უფრო მეტ კონფრონტაციას გამოიწვევს, შექმნის ილუზიას, რომ ასეთი გზით შეიძლება ღრმა შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტის მოგვარება“.

ადგილობრივმა ექსპერტებმა კი უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებას განზრახულებათა დეკლარაცია უწოდეს. მათი თქმით, უკრაინის მთავრობა იღებს ვალდებულებას გაატაროს ისეთი რეფორმები, რომლებიც ნატოში გაწევრიანების წინაპირობას შექმნის.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG