Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ადმირალი რუსულ საფრთხეზე საუბრობს


„რუსეთის სამხედრო ავიაციამ საკუთარი ქვეყნის საჰაერო სივრცის მიღმა წელს ბევრად მეტი საპატრულო გაფრენა შეასრულა, ვიდრე ცივი ომის შემდგომი პერიოდის ნებისმიერ სხვა წელს“-ადმირალი გორტნი

რუსეთმა შესაძლოა კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში ამერიკის და კანადის თავდაცვითუნარიანობას და მათთვის „კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“ საფრთხე შეუქმნას - აცხადებს შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის ადმირალი უილიამ გორტნი. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტი ადმირალის წერილობით მოხსენებას ხუთშაბათს 2016 წლის ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით გამართულ მოსმენებზე გაეცნო. უილიამ გორტნი „ნორადის“ (NORAD) - ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის შტაბის მეთაურია.

„ბოლო წელი რუსეთი მსოფლიო არენაზე სამხედრო აგრესიის ზრდით გამოირჩეოდა“ - აცხადებს ადმირალი გორტნი. მისი თქმით, „რუსეთის სამხედრო ავიაციამ საკუთარი ქვეყნის საჰაერო სივრცის მიღმა წელს ბევრად მეტი საპატრულო გაფრენა შეასრულა, ვიდრე ცივი ომის შემდგომი პერიოდის ნებისმიერ სხვა წელს“. თუმცა, სენატისადმი მოხსენებაში ადმირალს კონკრეტული მონაცემები არ დაუსახელებია. მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცის გახშირებულ დარღვევებსაც, რომელთა რაოდენობა ასევე ბევრად აღემატება საბჭოთა პერიოდის დროინდელ მსგავს ინციდენტებს.

ეს ყოველივე ადმირალ გორტნის აზრით, კრემლის ერთგვარი გზავნილია, რომლითაც მოსკოვი დასავლეთის პოლიტიკისადმი უკმაყოფილებას გამოხატავს, განსაკუთრებით - უკრაინასთან მიმართებაში. „ნორადის“ მეთაური აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების და კანადის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ გამოწვევას იმის გარკვევა წარმოადგენს, თუ რა ტიპის რაკეტების მატარებელია რუსული ბომბდამშენები, წყალქვეშა ნავები, თუ სამხედრო გემები და რამდენადაა ისინი აღჭურვილი ატომური იარაღით.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება, რომ ადმირალმა გორტნიმ სენატისთვის გაკეთებულ მოხსენებაში ყველაზე მთავარ საფრთხეებს შორის ასევე დაასახელა ქვეყნის შიგნით მყოფი ძალადობის მომხრე ექსტრემისტები, კიბერ-შეტევები და მასშტაბური დამნაშავეობრივი ჯგუფების ქსელები.

XS
SM
MD
LG