Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2014 წლის 17 დეკემბერი


გაზეთი „კომერსანტი“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობაზე წერს. სტატიის მიხედვით, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, „საქართველოს არაფორმალური მმართველის“ პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნებას ბევრი ქართველი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ვარაუდობს. პოლიტიკურ პრობლემებს, რომლებიც დაიწყო კოალიციიდან ირაკლი ალასანიას პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“, გასვლით, დაერთო ლარის გაუფასურება და ეკონომიკური არასტაბილურობის განცდა, რასაც დაემატა მთავრობის კრიტიკა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სამხედრო-სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმების გამო. ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, „კომერსანტი“ წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია ყოველმხრივი კრიზისის დასაძლევად. გამოცემა ციტირებს პოლიტილოგ რამაზას საყვარელიძეს, რომლის თქმითაც, მოსახლეობამ დღევანდელი ხელისუფლება აირჩია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პირადად ივანიშვილს ენდობოდა, ხოლო თუ ხელისუფლების მიმართ გაჩნდებოდა პრეტენზიები, მაშინ ივანიშვილს ან უნდა შეეცვალა მთავრობა, ან თავად უნდა დაეკავებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რადგანაც ივანიშვილმა თვითონაც კარგად იცის, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა მაინც მას დაეკისრება. თუმცა სტატიის დასკვნით ნაწილში ავტორი შენიშნავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილს ჯერ არაფერი უთქვამსო.

„დევალვაციური შოკის შედეგები“ - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი „ვედომოსტი“ სტატიას, რომელშიც ლაპარაკია რუსეთის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობის შესახებ. გაზეთი ელაპარაკა რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილეს სერგეი შვეცოვს, რომლის თქმითაც, შექმნილი ვითარება კრიტიკულია:

„იმას რაც ხდება, ერთი წლის წინ საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით. უახლოესი დღეები იქნება ყველაზე მძიმე 2008 წლის შემოდგომის შემდეგ“.

სტატიის მიხედვით, რუსულმა ბანკებმა შემოიღეს ზღვრული ტარიფები ვალუტის გაყიდვაზე, რადგანაც ბანკებს სიფრთხილის გამო არ უნდათ ვალუტის გაყიდვა. თუმცა იმის გამო, რომ ფორმალურად მომხმარებელს ვერ ეტყვი უარს ვალუტის გაცვლის ოპერაციაზე, ხელოვნურად სწევენ კურსს. მოსახლეობა კი, ორშაბათიდან მოყოლებული, ცდილობს რუბლის უცხოურ ვალუტაში გადაცვლას, რაც შეუქცევადი პროცესების პროვოცირებას იწვევს.

ამ ფონზე ექსპორტიორები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ არ გაყიდონ ვალუტა. ეკონომიკის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლის სერგეი პუხოვის თქმით, ეცემა ნავთობის ფასი - ინგრევა ბაზარი, რუბლის კურსის მატება კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნავთობის გაიაფების შეჩერების შემდეგ. არადა, ნავთობი იაფდება დღეში საშუალოდ 2-3 პროცენტით. ამ ტემპით პროგნოზირებულ 40-50 დოლარს ერთი ბარელი ნავთობი რამდენიმე დღეში მიაღწევს. ალფა-ბანკის მაკროეკონომიკური ანალიზის ცენტრის დირექტორის ნატალია ორლოვას თქმით, რუსეთის ეკონომიკა დგას რეცესიის საფრთხის წინაშე. 2015 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, სავარაუდოდ, 4 პროცენტით შემცირდება. „ხალხის კეთილდღეობის თვალსაზრისით, საშინელებაა რაც ხდება. ვბრუნდებით გასული საუკუნის 90-იან წლებში“ - ასეთი პესიმისტური დასკვნით მთავრდება „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც რუსეთის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობას შეეხება.

რუსეთის პრესა წერს ასევე რუსული წარმოების ავტომობილების საქართველოს ბაზარზე შეტანის პერსპექტივაზე. ლაპარაკია კომპანია „გაზის“ მიერ წარმოებულ „გეზელნექსტსა“ და „გაზონნექსტზე“, რომელთა ნაწილი აღჭურვილია ბენზინზე, ნაწილი კი აირზე მომუშავე ძრავებით. კომპანია „გაზი“ საქართველოში ასევე ყიდის „გეზელ ბიზნესის“, „სობოლ ბიზნესის“, „გაზ-3309“-ისა და „სადკოს“ სერიის ავტომობილებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ექსპორტის გაზრდა ხელს უწყობს როგორც წარმოების მოცულობის გაზრდას, ასევე ბაზრების დივერსიფიცირებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG