Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: თუ უკრაინამ იარაღი არ მიიღო, გარდასაქმნელიც აღარაფერი იქნება


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეერთებულ შტატებს მოუწოდა, საბრძოლო იარაღი მიაწოდოს უკრაინას. 4 მარტს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის მრჩევლად მუშაობს, განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება იარაღი (მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები) „რუსეთის შემდგომი იერიშების“ მოსაგერიებლად.

სააკაშვილის თქმით, თუ უკრაინამ იარაღი არ მიიღო, მერე გარდასაქმნელი აღარაფერი იქნება, ანუ რეფორმების გასატარებლად თვით ქვეყანაც აღარ იარსებებს. სააკაშვილი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის დახმარების საკითხში ვაშინგტონმა ევროპელებთან უნდა ითანამშრომლოს, რადგან, მისი თქმით, ნაკლებად სავარავუდია, გერმანია კიევისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდეს.

როგორც ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ საკითხში რჩევა სთხოვა ქვეყნის შესაბამის უწყებებს. „ეს საკითხები ახლაც განხილვის სტადიაშია“, განაცხადა ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას და დასძინა, რომ განიხილება უკრაინის არმიისთვის იმგვარი აღჭურვილობის მიწოდების შესაძლებლობა, რომელიც უშუალო საპირწონედ გამოდგებოდა რუსეთის ხელთ არსებული შეიარაღების ზოგი სახეობისთვის.

ბევრი ამერიკელი კანონმდებელი, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან, მხარს უჭერს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამის წინააღმდეგია.

აშშ-ის სენატში წარმოთქმულ სიტყვაში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ, თუ უკრაინას თავდაცვის საშუალება არ ექნა, რუსეთმა, შესაძლოა, მიიტაცოს ახალი ტერიტორიები ამ ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, და სცადოს უკრაინის მთავრობის დასუსტება.

XS
SM
MD
LG