Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი ვადა საბერძნეთისათვის


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ხუთშაბათს სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში და პირობა დადო, რომ 9 ივლისს გააცნობს ევროზონის ლიდერებს ეკონომიკური რეფორმების გეგმას. ამასობაში, საბერძნეთში ბანკები დახურული რჩება.

ციპრასის დაპირება, რომ 9 ივლისს წარმოადგენს ეკონომიკური რეფორმის გეგმას, ერთ დღეში მოჰყვა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შემდეგ განცხადებას: „აქამდე თავს ვარიდებდი საბოლოო ვადებზე საუბარს, მაგრამ დღეს საღამოს ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა ვთქვა, რომ საბოლოო ვადა ამ კვირაში ამოიწურება. ჩვენ, ყველას, გვეკისრება პასუხისმგებლობა ამ კრიზისზე და ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა მის მოგვარებაზე“. ეს სიტყვები დონალდ ტუსკმა წარმოთქვა 7 ივლისს ბრიუსელში, ევროზონის საგანგებო სამიტის შემდეგ. და თუ კრიზისი 12 ივლისამდე ვერ მოგვარდა, ბევრი ლაპარაკობს ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის შესაძლებლობაზე.

ის, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალი ორშაბათიდან, საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში 8 ივლისს განმარტა ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა, კრისტიან ნოიერმა: „ვშიშობ, რომ თუ კვირამდე არ იქნება შეთანხმება, საბერძნეთის ეკონომიკას კოლაფსი მოელის და ქაოსი დაიწყება. ბანკები კოლაფსის პირას დგას. თვეებია, მათ ფულით ვამარაგებთ, მაგრამ მივალთ ეტაპამდე, როცა ეს აღარ იქნება შესაძლებელი“.

ახლა ყურადღების ცენტრში დგას სწორედ კვირა, 12 ივლისი, როცა ბრიუსელში შეიკრიბებიან არა მარტო ევროზონის, არამედ მთელი ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნის ლიდერები. მათ მოუწევთ გადაწყვიტონ, მისაღებია თუ არა რეფორმების შესახებ წინადადება, რომელსაც მათ საბერძნეთი შესთავაზებს თავისი ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. ჩემი აზრით, ეს იქნება ბოლო შეხვედრაო, უთხრა ჟურნალისტებს იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უბრალოდ, განსხვავებულად ჩამოაყალიბა იგივე მოსაზრება 12 ივლისისთვის დანიშნულ სამიტზე: პროცესის ბოლოში გავედითო.

ამ განცხადებების ფონზე აუწყა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ევროპარლამენტს, რომ 9 ივლისს გააცნობს ევროზონის ლიდერებს ახალ წინადადებებს, რეფორმების დამაჯერებელ გეგმას საბერძნეთის პრობლემის „სამართლიანად“ მოსაგვარებლად.

„ნება მიბოძეთ, ევროპარლამენტს აღვუთქვა, რომ კრიზისისაგან დამოუკიდებლად განვაგრძობთ რეფორმებთან დაკავშირებულ ძალისხმევას. ნუ დავივიწყებთ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბერძენმა ხალხმა გამოიჩინა უზარმაზარი ძალისმხევა ვითარებასთან მოსარგებად, მაგრამ ამან ამოწურა ბერძენი ხალხის გამძლეობა და მოთმინება“, განაცხადა ციპრასმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე.

საბერძნეთში 5 ივლისს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩევლების 60 %-ზე მეტმა უარყო უცხოელი კრედიტორების მორიგი დახმარება, რომელიც მომჭირნეობის ზომებს უკავშირდება. 8 ივლისს კი საბერძნეთის მთავრობამ ოფიციალურად მოითხოვა მორიგი დახმარება ევროპის სტაბილურობის მექანიზმის ფარგლებში. პასუხის მიღებამდე, მისგან რეფორმების სრულ გეგმას მოელიან ევროზონის ლიდერები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG