Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცველთა დანაშაულის გამოსაძიებლად


კანონპროექტის პრეზენტაცია
კანონპროექტის პრეზენტაცია

სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული მომავალში, შესაძლოა, დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ გამოიძიოს. ასეთი სტრუქტურის შექმნის გადაწყვეტილება საქართველომ ევროსაბჭოს, ევროკავშირის, გაეროსა და ადამიანის უფლებების დამცველი სხვა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო და მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაშიც ჩაწერა, 23 თებერვალს კი სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“, ევროპის საბჭოს საქართველოს წარმომდგენლობისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით მომზადებული კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სწორედ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას შეეხება.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი ისეთი სამსახურის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება, ხოლო მის თანამშრომლებზე ზემოქმედება ან მათ საქმიანობაში ჩარევა კანონით დაისჯება. ამ სამსახურმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ის დანაშაულები უნდა გამოიძიოს, რომელთა შედეგადაც ადამიანი გარდაიცვალა, დაუზიანდა ჯანმრთელობა, სცემეს, მასზე იძალადეს ან დაამცირეს, მტკიცებულებათა არსებობის შემთხვევაში კი, დამოუკიდებელ საგამოძიებო სამსახურს ასეთი სამართალდამცავების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლებაც ექნება. თუმცა კონტროლის ეს გარე მექანიზმი ეფექტურად მხოლოდ მისი დამოუკიდებლობის შემთხვევაში იმუშავებს, - აცხადებს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი ნიკა ჯეირანაშვილი:

„ეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს, არც ერთი სამინისტროს ან პროკურატურის, ან, თუნდაც, სახალხო დამცველის ოფისის დაქვემდებარებაში არ უნდა მოექცეს. მას უხელმძღვანელებს პირი, რომელსაც, პირობითად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კომისარი ვუწოდეთ და რომელსაც ხმათა უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ამ ორგანოს დამოუკიდებლობასთან ერთად უნდა ჰქონდეს გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის უფლება“.

ვფიქრობთ, რომ კანონში დევს ის გარანტია, რომ კომისრის ოფისმა მაქსიმალური დამოუკიდებლობით ისარგებლოს და იყოს მიუკერძოებელი...
ბესარიონ ბოხაშვილი

კანონპროექტის თანახმად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კომისარს პარლამენტი 7 წლით აირჩევს. მას დაექვემდებარება საგამოძიებო და საპროკურორო დეპარტამენტები, რომლებიც კონკურსის შედეგად გამარჯვებული სპეციალისტებით დაკომპლექტდება. ეს იქნება საჯარო სამსახური, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა კანონის ავტორები ფიქრობენ, რომ ამ ორგანოს ასევე მისცენ საერთაშორისო ფონდებიდან დახმარების მიღების შესაძლებლობაც.

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი ბესარიონ ბოხაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ კანონზე მომუშავე ჯგუფი არაერთი ქვეყნის ანალოგიურ მექანიზმს გაეცნო და დაწერა ისეთი კანონი, რომელიც საქართველოს რეალობასთან არის მიახლოებული. თუმცა, მისივე თქმით, ეს პირველი ვარიანტია და მასში, შესაძლოა, კონსულტაციების შედეგად არაერთი ცვლილება შევიდეს. ბოხაშვილი მიიჩნევს, რომ კანონი მოიცავს ისეთ ბერკეტებს, რომლებიც ამ ორგანოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს:

„ვფიქრობთ, რომ კანონში დევს ის გარანტია, რომ კომისრის ოფისმა მაქსიმალური დამოუკიდებლობით ისარგებლოს და იყოს მიუკერძოებელი. ასევე, კანონში ჩვენ ჩავდეთ კონკრეტული მექანიზმები, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისარი ბოროტად გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას, პარლამენტს შეეძლება მისი გადაყენება“.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი შეფასებისა და კომენტარებისათვის გაეგზავნა წამების საკითხებში გაეროს ყოფილ სპეციალურ მომხსენებელს მანფრედ ნოვაკს, რომელმაც 23 თებერვალს „ჰოლიდეი ინ“-ში შეკრებილ საზოგადოებას თავისი შენიშვნები გააცნო კიდეც. მისი თქმით, მთავარია ეს უწყება არ იქცეს მეორე პროკურატურად და არ იმუშაოს მის პარალელურად.

გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე ლაპარაკობს ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი ტუღუში, თუმცა, ამასთანავე, მიიჩნევს, რომ თავისთავად ამ მექანიზმის მოდელზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. წარმოდგენილი ვარიანტი, მისი თქმით, ევროპულ ქვეყნებში მოქმედი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურების ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს:

„საუბარი მიდის იმაზე, რომ რამდენიმე ქვეყანაში მართლაც შეიქმნას მსგავსი მექანიზმი. მაგალითად, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ მსგავსი სამსახური შეიქმნას უკრაინაში, შვედეთში, სომხეთის მიმართაც ჰქონდათ მსგავსი რეკომენდაცია, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ, როგორც წესი, იმ ქვეყნების მექანიზმები გამოირჩევა ხოლმე დამოუკიდებლობის მეტი ხარისხით, სადაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრობლემა არ დგას ან დგას ძალიან ნაკლებად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კანონის დამწერები ეცადნენ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ დამოუკიდებლობის გარანტიები, თუმცა მნიშვნელოვანი მაინც ის იქნება, როგორ აღსრულდება ეს კანონი რეალობაში“.

კონტროლის გარე მექანიზმის მომხრეა სამართლის ექსპერტი დავით ჯანდიერიც, თუმცა მიიჩნევს, რომ, ასეთი სამსახურის შექმნის შემთხვევაში, მას არ უნდა ხელმძღვანელობდეს ერთი კონკრეტული ადამიანი:

დავით ჯანდიერი
დავით ჯანდიერი

„სასურველი იქნებოდა, ერთი კომისრის ნაცვლად, ისეთი კომისია შექმნილიყო, როგორიცაა, მაგალითად, მარეგულირებელი კომისია ან რამე მსგავსი, ის იყოს კოლეგიური ორგანო და ერთპიროვნულად არ მივიღოთ შინაგან საქმეთა მინისტრის ან მთავარი პროკურორის ალტერნატივა. ცხადია, ასეთ შემხვევაში დამოუკიდებლობის მიღწევა უფრო ადვილი იქნება“.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის იდეა ახალი არ არის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიასათვის, რომელიც 23 თებერვალს ასევე ესწრებოდა კანონპროექტის პრეზენტაციას. მან განაცხადა, რომ თუ ეს მექანიზმი შეიქმნება, მისი მთავარი მიზანი უწყებებს შორის ინტერესთა კონფლიქტის დაძლევა უნდა იყოს. ბესელია ფიქრობს, რომ ამ საკითხზე საუბარი უნდა გაგრძელდეს, თუმცა კანონის შინაარსზე, მისი თქმით, მუშაობა საჭირო იქნება:

კანონის შინაარსთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანს, ეკა ფოფხაძესაც, თუმცა, მთლიანობაში, ისიც მიიჩნევს, რომ ასეთი სამსახურის შექმნა საქართველოს ნამდვილად სჭირდება, რის დასტურადაც მას შემდეგი სტატისტიკა მოჰყავს:

„2014 წელს სახალხო დამცველმა 24 წინადადებით მიმართა პროკურატურას, მოეხდინა რეაგირება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უფლებამოსილების გადამეტებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, თუმც ამ ეტაპზე არც ერთ ამ მოთხოვნას სისხლისსამართლებრივი დევნა არ მოჰყოლია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ისეთი სამსახური, რომელიც ასეთ საჩივრებს გამოეხმაურება და ამიტომ გვგონია, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნა მნიშვნელოვანია“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG