Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 პროცენტით შემცირდა


საბაჟო-გამშვები პუნქტი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე
საბაჟო-გამშვები პუნქტი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

საქართველოში ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს საგარეო ვაჭრობას. ამ სფეროში კი ტენდენცია საკმაოდ შემაშფოთებელია, ფიქრობენ ექსპერტები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია.

2015 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4 მილიარდ 761 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 82 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 24 პროცენტით ნაკლებია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იმპორტი კი მოცემულ პერიოდში 3 მილიარდ 680 მლნ. აშშ დოლარია - 9 პროცენტით ნაკლები. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივნისში 2 მილიარდ 598 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა. ექსპერტების შეფასებით, ამ რიცხვების უკან ეროვნული ვალუტის, ლარის, გაუფასურება და ეკონომიკის ზრდის შემცირება დგას.

თავდაპირველად რამ გამოიწვია იმპორტის შემცირება, რომელიც ბოლო წლების მანძილზე განუხრელად იზრდებოდა? იმპორტის კლების მიზეზებისა და მისი შედეგების შესახებ "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე ამბობს:

„იმპორტის შემცირება გამომდინარეობს იქიდან, რომ იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასებმა ძალიან მოიმატა საქართველოში, ხალხი ვეღარ ყიდულობს იმპორტირებულ პროდუქციას სიძვირის გამო, მოხმარება შემცირდა და იმპორტი შემცირდა.“

ბესიკ ნამჩავაძე
ბესიკ ნამჩავაძე

როგორც ცნობილია, ლარის გაუფასურება, რაც იმპორტის შემცირების მთავარი მიზეზია, გასული წლის მეორე ნახევარში დაიწყო. ეროვნული ვალუტის დევალვაციის მთავარი მიზეზი კი უცხოური ვალუტის შემოდინების კლებაა, რაც უცხოეთში მცხოვრები ქართველების ფულადი გზავნილების შემცირებამ და ექსპორტის კლებამ გამოიწვია. საქართველოს პროდუქციით საზღვარგარეთ ვაჭრობის ვარდნის მთავარი მიზეზი საექსპორტო პროდუქციის ძირითად ბაზრებზე - რუსეთსა და უკრაინაში - მიმდინარე მოვლენებია. ამას ამბობს ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძეც:

„მაინც ძირითადი ჩვენი ექსპორტის შემცირებაში არის ჩვენს საექსპორტო ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემები, ვიდრე ჩვენი შიდა პრობლემები. როდესაც რუსული რუბლი, უკრაინული გრივა ქართულ ლარზე მეტად გაუფასურებულია ესეც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ექსპორტზე.“

არადა, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ აკლებდა რუსეთის ბაზრის პოპულარიზებას და ამ მიმართულებით საქართველოს ექსპორტის წახალისებას. მაგრამ მიმდინარე წელს რუსეთთან დათბობის მთავარ „მიღწევას“, ღვინის ექსპორტს, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ვარდნა აქვს. ერთი წლის წინ იანვარ-ივნისში თუ, დაახლოებით, 84 მილიონი აშშ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, წელს, დაახლოებით, 39 მილიონის ღვინო გავიდა რუსეთის ბაზარზე. შესაბამისად, რუსეთი 2014 წელს ღვინის საერთო ექსპორტში 6 პროცენტს იკავებდა, ახლა კი მისი წილი 3,7 პროცენტამდე ჩამოვიდა. რუსეთში ღვინის რეალიზაციის პრობლემებზე ერთ-ერთი პირველი ალაპარაკდა ნუცა აბრამიშვილი, კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიის“ გენერალური დირექტორი:

ახლა გამოსავალი ის არის, რომ უნდა გადავჯგუფდეთ იმ ბაზრებზე, რომლებიც ჩაანაცვლებს რუსეთისა და უკრაინის ბაზარს. ევროკავშირის ბაზარზე გადანაცვლება იქნება მიზანშეწონილი და აღმოსავლეთის ბაზარზეც...
მიხეილ დონდუა

„საკმაოდ ბევრი მეღვინეობა გაიზარდა, გაიზარდა მოცულობა. რუსეთის ბაზარზე შესვლისას ქართველი მწარმოებელი არ იყო მზად დიდი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის და ბევრს მოუხდა წარმოების გადაიარაღება, მათ შორის, ჩვენც. ჩვენც გავიზარდეთ. დაახლოებით, 1.5 მილიონ ბოთლს ვაწარმოებთ ამ ეტაპზე და ვფიქრობთ, ამ ეტაპზე გავჩერდეთ, შევინარჩუნოთ ამ მოცულობის წარმოება, იმისათვის რომ რუსეთი ჩავანაცვლოთ სხვა ბაზრებით“.

ღვინის ექსპორტის ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დონდუაც:

„ახლა გამოსავალი ის არის, რომ უნდა გადავჯგუფდეთ იმ ბაზრებზე, რომლებიც ჩაანაცვლებს რუსეთისა და უკრაინის ბაზარს. ევროკავშირის ბაზარზე გადანაცვლება იქნება მიზანშეწონილი და აღმოსავლეთის ბაზარზეც. ქართულ ღვინოს აქვს ის პოტენციალი, რომ აქცენტი გააკეთოს ხარისხზე, ევროპულ გემოვნებაზე და ევროპელებს შესთავაზოს ევროპისთვის უფრო მისაღები ღვინოები“.

ღვინის ექსპორტს საქართველოს მთლიან ექსპორტში 3.7 პროცენტი უკავია, ხოლო თხილის პროდუქციას - თითქმის ორჯერ მეტი. საქართველოს ექსპორტის ლიდერი გახდა სპილენძის მადნები, 12 პროცენტით. შემდეგ მოდის ფეროშენადნობები, 10 პროცენტით, ხოლო თითქმის 10 წლის მანძილზე პირველად დაკარგა პოზიციები ავტომობილების რეექსპორტმა, რომელსაც ექსპორტის 20-25 პროცენტი ეკავა ხოლმე. ახლა ის მესამე ადგილზეა, 9 პროცენტზე ოდნავ მეტით.

ექსპორტი მცირდება, იმპორტის შემცირება უჩვენებს, რომ მოხმარებაც მცირდება, ეს შედეგად მიგვიყვანს იქამდე რაც უკვე ჩანს, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლები გვექნება...
ბესიკ ნამჩავაძე

შეიცვალა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სურათიც. რუსეთს, რომლის წილიც საქართველოს ექსპორტში 6.5 პროცენტს შეადგენს, გაუსწრო ბულგარეთმა და ამ ქვეყანაში საქართველოს ექსპორტის მოცულობამ 9 პროცენტს გადააჭარბა. მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქეთი, შემდეგ კი მოდის აზერბაიჯანი და ჩინეთი. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მთავარი აქცენტის რუსეთზე გაკეთება შედეგიანი არ აღმოჩნდა და საგარეო ვაჭრობის მოცულობამ კლება დაიწყო. ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო ვაჭრობის - ექსპორტ-იმპორტის -შემცირების უარყოფითი გავლენის თაობაზე ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე ამბობს:

"ორი უმსხვილესი კომპონენტია ეკონომიკაში და ეკონომიკურ ზრდაში ექსპორტი და მოხმარება. ექსპორტი მცირდება, იმპორტის შემცირება უჩვენებს, რომ მოხმარებაც მცირდება, ეს შედეგად მიგვიყვანს იქამდე რაც უკვე ჩანს, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლები გვექნება."

გასულ წელს საქართველოს მთავრობამ 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაგეგმა, მაგრამ მიმდინარე წლის პირველმა თვეებმა აჩვენა, რომ დაგეგმილი ვერ შესრულდებოდა. ახლა მთავრობა ვარაუდობს, რომ 2015 წლის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკა 2 პროცენტით გაიზრდება, მაშინ როდესაც 2013 წლამდე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საშუალოდ, 7 პროცენტს შეადგენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG