Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საით და რატომ მიდიან „ნაციონალური მოძრაობიდან“


"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი

მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები ოთხმა დეპუტატმა დატოვა, ლოგიკურად წარმოიშვა შეკითხვები: რა შეიძლება იდგეს ამ ფაქტის უკან და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ფაქტმა შიდაპოლიტიკურ სარბიელზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ყოფილ თანამებრძოლთა ქმედებას ინფანტილურ სვლად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ამან ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი. ანალიტიკურ წრეებში მსჯელობა ჯერჯერობით ვარაუდებისა და ეჭვების დონეზე მიმდინარეობს, რადგანაც პარტიიდან წასულ პირებს ჯერ ბოლომდე არ უთქვამთ თავიანთი სათქმელი. წინასწარი ინფორმაციით, ისინი გადაწყვეტილების მიზეზებს 27 მაისს გაახმაურებენ.

ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გოგა ხაჩიძისა და გიორგი მელაძის წასვლა ძალიან მძიმედ აღიქვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ერთმა ნაწილმა და, როგორც სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოჩნდა, მათ ისინი საერთო მიზნების ღალატშიც კი დაადანაშაულეს.

სიტყვა „ღალატი“არ უხსენებიათ, თუმცა გულისწყრომა „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთმა წარმომადგენელმა გამოხატა. მათი აზრით, ყოფილმა თანამებრძოლებმა ხელისუფლების წნეხს ვერ გაუძლეს, არასერიოზულად მოიქცნენ და ინფანტილური გადაწყვეტილებით ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად იმოქმედეს.

არ მოვყვები სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, თვითონ ხელისუფლებასთან შეთანხმებით იქნა თუ არა ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ცხადია, რომ ეს იყო წყლის დასხმა ივანიშვილის წისქვილზე...
ნუგზარ წიკლაური

ყოფილი თანაგუნდელების ქმედებას „პოლიტიკური ინფანტილიზმის“ გამოხატულებად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაურიც და, როგორც მან რადიო თავიუსუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, უნიათო ხელისუფლება ასეთი ხერხით დაუპირისპირდა მზარდი რეიტინგის მქონე ოპოზიციურ პარტიას:

„ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს, რომ რაიმე პოზიტიური შესთავაზოს ხალხს, ამ დარტყმით მოახდინა დროებითი შეფერხება ჩვენი მოძრაობის. არ მოვყვები სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, თვითონ ხელისუფლებასთან შეთანხმებით იქნა თუ არა ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ცხადია, რომ ეს იყო წყლის დასხმა ივანიშვილის წისქვილზე. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ამ ადამიანებისთვისაც არის ეს ცნობილი“.

ოთხი თანაგუნდელის პარტიიდან გასვლის ამბავი ნუგზარ წიკლაურმა ამ ამბის გახმაურებამდე ერთი დღით ადრე, ანუ 24 მაისის საღამოს, შეიტყო, თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავიოსუფლებას, ჯაფარიძე, ხაჩიძე, მელაძე და კუბლაშვილი ბოლო ათი დღის განმავლობაში ძალიან პასიურობდნენ და გულგრილობას იჩენდნენ პარტიის მიმართ. ამასთან, წიკლაურის თქმით, ფაქტებზე დაყრდნობით თანდათან გაირკვა, რომ დეპუტატების ოთხეულს წასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2 თვის წინ ჰქონდა მიღებული და ისინი უმცირესობიდან კიდევ ერთი დეპუტატის „რეკრუტირებასაც“ კი ცდილობდნენ.

მოწინააღმდეგე მხარის ელექტორატის დანაწევრება და სეგმენტაცია ასხამს წყალს მის მოპაექრე ძალაზე და ამ შემთხვევაში ხელისუფლება ამით გარკვეულ სარგებელს ნახავს...
ზაალ ანჯაფარიძე

პარტიიდან წასულებს წასვლის რეალური მიზეზები ჯერ არ დაუსახელებიათ და არც ის უთქვამთ, თუ რას აპირებენ პარლამენტის სივრცეში უმცირესობის რიგების დატოვების შემდეგ, მაგრამ, როგორც, მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძე დაჰპირდა საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით, სათქმელი ოთხშაბათს ითქმება. ამავე განცხადებიდან ვიგებთ, რომ ოთხეული ღირებულებების ერთგული რჩება და არ წყვეტს პოლიტიკურ ბრძოლას „ოლიგარქის მმართველობის“ წინააღმდეგ. ერთ-ერთი ვერსიით, პარტიიდან წასული ოთხეული შესაძლოა შეუერთდეს საზოგადოება „ივერიას“, რომელშიც ძირითადად ასევე „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული პოლიტიკოსები და დიპლომატები ერთიანდებიან.

კონკრეტული დასკვნების გამოსატანად დამატებითი ინფორმაცია ესაჭიროება დამოუკიდებელ ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს. თუმცა, მისი პირველი შთაბეჭდილებით, მომხდარი ფაქტი მიანიშნებს შიდა რყევებზე და ერთგვარ განხეთქილებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში. ზაალ ანჯაფარიძე არ მოელის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან წასული პოლიტიკოსები ცალკე მოახერხებენ მიზიდულობის ცენტრი შექმნან, მაგრამ თუკი ისინი გარკვეულ ძალებს შეუერთდებიან და სათანადოდ იაქტიურებენ, შესაძლოა დააზარალონ „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალ არჩევნებზე:

„თუკი მათ, ვთქვათ, სხვებთან ერთად ჩამოაყალიბეს ახალი პროდასავლური, ლიბერალური ღირებულებების (ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციის დონეზე მაინც მიმდევარი) პოლიტიკური ძალა და ამ პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა სერიოზულ პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა სეგმენტის ნაწილს ისინი წაიღებენ... მოწინააღმდეგე მხარის ელექტორატის დანაწევრება და სეგმენტაცია ასხამს წყალს მის მოპაექრე ძალაზე და ამ შემთხვევაში ხელისუფლება ამით გარკვეულ სარგებელს ნახავს“.

არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს წინასწარი შეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მცდელობისთვის, რამდენიმე პოლიტიკური ძალის სახით შევიდეს მომავალ პარლამენტში და მოხვდეს ახალ პროდასავლურ კოალიციაში, – ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, თუმცა ამ ეტაპზე ეს მიზანი მას მიუღწევლად მიაჩნია ახლად გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ამავე საკითხთან დაკავშირებით პოლიტოლოგს მეორე ვერსიაც აქვს და ასევე არ გამორიცხავს, რომ ოთხი დეპუტატის პარტიიდან წასვლა ნამდვილი განხეთქილების ნიშანი იყოს და ის მიხეილ სააკაშვილის სამომავლო როლის განსაზღვრის სადავო თემას უკავშირდებოდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG