Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი კადრები და ახალი მთავრობა თვითმმართველობაში


თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა. 2014 წლის 14 ივლისი
თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა. 2014 წლის 14 ივლისი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს წევრებს თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველისგან რეაგირებას ითხოვენ. მერია ამ თემაზე ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. რას ფიქრობენ ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი?

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე ქალაქის ახლად არჩეულ მთავრობას მერიისა და გამგეობის ძველ თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც დღეს, 13 აგვისტოს, გამართულ ბრიფინგზე სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, ყველა თანამშრომელს, ვინც სამსახურს თავისი ნებით არ დატოვებს, მათი საქმიანობის დეტალურ ანგარიშს სთხოვენ:

სევდია უგრეხელიძე
სევდია უგრეხელიძე

„ამ ყველაფრის სათავეში დგას, რა თქმა უნდა, თვით ბატონი მერი, ნარმანია, ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჩახავა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს იმ ადამიანებს, ვისაც თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს:

„ეს არის დანაშაული და აუცილებლად მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ძალიან მასიურად ხდება თანამშრომლებზე ზეწოლა. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სახალხო დამცველს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ყურადღებით იყვნენ“.

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ კომენტარის გასაკეთებლად ჯერჯერობით მზად არ არიან. სახალხო დამცველის აპარატის იურისტი კი, მაია ლიპარტელიანი, ამბობს, რომ ომბუდსმენმა ამ თემაზე მუშაობა უკვე დაიწყო. მისი თქმით, დამსაქმებელს დასაქმებულის გათავისუფლების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ამით მოქმედ კანონმდებლობას არ არღვევს:

„თუ ეს ხდება ზეწოლით, იძულებით, ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს ადამიანის კომპეტენცია, კვალიფიკაცია და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, დამსაქმებლის ცვლილება, ვინც არ უნდა იყოს ის, ქალაქის მერი თუ სხვა ვინმე, არ არის ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი“.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სახალხო დამცველს შეუძლია რეკომენდაციით მიმართოს იმ ორგანიზაციას, რომელმაც კანონი დაარღვია და სთხოვოს ამ კანონდარღვევის აღმოფხვრა...
მაია ლიპარტელიანი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი იურისტი ეკა ბოკუჩავა ამბობს, რომ ორგანიზაციას ამ თემაზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია და მხოლოდ დღეს გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით მსჯელობს. მისი თქმით, „არაკვალიფიციურობის გამო გათავისუფლება“ მერიის მხრიდან მისაღები არგუმენტი არ არის:

„ვფიქრობთ, რომ სამსახურს, პირველ რიგში, უნდა გამოეკვლია, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, და შეეძლო მიეღო ზომები, რომლებიც შეიძლება იყოს საყვედურის გამოცხადება, სამსახურიდან დროებით ჩამოშორება და, ბოლოს, სამსახურიდან გათავისუფლება. ეს გადაწყვეტილება ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო დასაბუთებული“.

სახალხო დამცველის სამსახურმა კი ადგილობრივ თვითმმართველობებში მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაგზავნა წერილები, სადაც ითხოვს ინფორმაციას, თუ რამდენი ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. მაია ლიპარტელიანის თქმით, ჯერჯერობით ომბუდსმენთან არ არის არც ერთი განცხადება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობებიდან დასაქმებულთა უკანონო გათავისუფლებას ეხებოდეს.

„ინფორმაციის გამოგზავნის ვადა ჯერ არ გასვლიათ იმ დაწესებულებებს, ჩვენ ვისაც მივმართეთ, და, აქედან გამომდინარე, დაველოდებით პასუხს. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სახალხო დამცველს შეუძლია რეკომენდაციით მიმართოს იმ ორგანიზაციას, რომელმაც კანონი დაარღვია და სთხოვოს ამ კანონდარღვევის აღმოფხვრა“.

მაია ლიპარტელიანი დასძენს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც მიიჩნევს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, სასამართლოსაც უნდა მიმართოს.

XS
SM
MD
LG