Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო დეტალურად გამოიძიებს მშიდობისმყოფელთა შესაძლო დანაშაულს


საქართველო დაინტერესებულია დეტალურად გამოიძიოს, მართლაც იყვნენ თუ არა საქართველოს წარმომადგენლები იმ სამხედროებს შორის, რომლებსაც ბრალად ედებათ ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, - განაცხადა საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე. საუბარია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შესაძლოა ქართველი, ფრანგი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მიეკუთვნებოდნენ იმ მშვიდობისდამცველებს, რომლებიც ბავშვებზე ძალადობდნენ 2014 წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

საქართველოში „ყურადღებით და შეშფოთებით“ გაეცნენ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის განცხადებას, აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე, რომელზეც გამოეხმაურა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის განცხადებას, რომ საქმე ეხება „უაღრესად სერიოზულ ბრალდებებს“ და საჭიროა მათი "გულდასმით და სასწრაფოდ" გამოძიება. გაეროს ინფორმაციით, ბრალდებები ეხება დანაშაულებს, მათ შორის, გაუპატიურების შემთხვევებს, რომლებიც, უმეტესწილად, 2014 წელს იქნა ჩადენილი და რომელთა შესახებ ინფორმაციაც ბოლო კვირებში გამოვლინდა:

ვახტანგ კაპანაძე
ვახტანგ კაპანაძე

„ჩვენი პოზიციაა, - როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე მთავრობის, ასევე თავდაცვის სამინისტროს, - რომ მსგავსი ქმედება, ვინც უნდა ჩაიდინოს ის, არის დასასჯელი და ის პირი - არ აქვს მნიშვნელობა არც მის ქვეყანას, არც წარმომავლობას, არც სამხედრო წოდებას - უღირსად იქცევა. ამჟამად ჩვენი მიზანია განვახორციელოთ დეტალური გამოძიება. ამ ამოცანით ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა შესაბამის ორგანოსა და უწყებებთან. ყველა ზომას ვიხმართ, რათა დადგინდეს სიმართლე და ის პირი, თუკი დადასტურდა აღნიშნული ფაქტები, დაისაჯოს შესაბამისი სასჯელით“.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, გაეროს განცხადებაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის შესახებაა საუბარი და მის ხელთ არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა ქართველი, ფრანგი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მიეკუთვნებოდნენ იმ მშვიდობისდამცველებს, რომლებიც ბავშვებზე ძალადობდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში თავიანთი მისიის შესრულებისას. აღსანიშნავია, რომ ქართული კონტინგენტი, ევროკავშირის ოპერაციის ფარგლებში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში 2014 წლის 8 ივნისიდან მონაწილეობდა, თავდაპირველად 150-კაციანი შემადგენლობით. მისია მოგვიანებით 85 კაცამდე შემცირდა. მათ 2015 წლის მარტამდე იმსახურეს. ვახტანგ კაპანაძის თქმით, „ქართული სახელმწიფო და, უპირველეს ყოვლისა, თავად ქართული ჯარი, 17 წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ამოცანას და ამასვე გააგრძელებს მომავალშიც, როგორც მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების ყველაზე საიმედო და სანდო პარტნიორი“.

ჯერ ძალიან ადრეა ქართული კონტინგენტის შესაძლო დანაშაულზე საუბარი, ინფორმაცია ამის თაობაზე ქართულ მხარეს ერთი კვირის წინ მიეწოდა, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ „მანამდე მსგავსი არასოდეს არც ერთ დოკუმენტში არ ყოფილა. ყველას გვაქვს ნანახი უამრავი სამადლობელი წერილი, შეფასების ანგარიშები, რომლებიც ქართული კონტინგენტის ცენტრალურ აფრიკაში საქმიანობას შეეხებოდა“:

„გამოძიება გასულ კვირას დაიწყო, გადაწყვეტილება მივიღეთ და ჩამოვაშორეთ საქმიანობას ის პირები, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ 2014 წელს ამ თემებს, მათ შორის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, რომელიც მისიებს ხელმძღვანელობდა. თუკი დადასტურდა, რომ ვინმემ ჩაიდინა იმასთან ახლოს მყოფიც კი, რაზეც საუბარია გაეროს მიერ გამოქვეყნებულ დღევანდელ პრესრელიზში, კანონის უმკაცრესი ზომებით დაისჯება“.

თავდაცვის მინისტრის სიტყვებით, თანამდებობიდან ჩამოცილებულია ექვსი პირი, რათა მათ გამოძიებაზე რაიმე მიზეზით გავლენა ვერ მოახდინონ. სამინისტროს ცნობით, „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან ჩამოცილებულია ყველა, ვისი პირდაპირი ვალდებულებაც იყო 2014 წელს ფაქტების გამოძიება და სიმართლის გარკვევა“.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ თემაზე უშიშროების საბჭოს სხდომის ფორმატში საუბარი არ ყოფილა, თუმცა, მისივე სიტყვებით, ქართველი ჯარისკაცები არიან „ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ და ვატარებთ“, და კითხვებზე პასუხებს გამოძიების დასრულებამდე არ უნდა ველოდოთ.

ფაქტია, რომ ასეთ სიტუაციებში - ერაყი, ავღანეთი, მანამდე კოსოვო იყო და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - როცა ვაგზავნით ჩვენს სამხედრო კონტინგენტს, ყველა სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაიაროს არა მარტო საბრძოლო მომზადება, არამედ ფსიქოლოგიური და მორალური ტესტებიც...
ირაკლი ალადაშვილი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიის ფარგლებში მოქმედი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე საუბარი გასული წლის გაზაფხულზე ფრანგულ მედიაში დაიწყო. საფრანგეთის მედია, თვითმხილველებსა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ცენტრალური აფრიკის მცხოვრებლები იძულებით გადაადგილებულ მცირეწლოვნებზე ქართველი და ფრანგი მშვიდობისმყოფელების სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ ჰყვებიან. მედიის ინფორმაციით, ბავშვები სექსუალური ძალადობის შესახებ საუბრისას 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდს ასახელებენ.

მაშინ ქართული და ფრანგული სახელმწიფო უწყებები აცხადებდნენ, რომ ქართველი ჯარისკაცები ვერ იქნებოდნენ დასახელებული ფაქტების მონაწილე, ვინაიდან მაშინ ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არ იმყოფებოდნენ.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი, ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, საქმის გამოძიება ადვილი არ იქნება, მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, თუმცა, მისივე თქმით, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ამას ძალიან ცუდი რეზონანსი ექნება არა მარტო ქართული არმიისთვის, არამედ ქვეყნის პრესტიჟისთვის, ზოგადად. ამასთან, ირაკლი ალადაშვილის თქმით, არ უნდა მოხდეს საკითხის განზოგადება:

„ფაქტია, რომ ასეთ სიტუაციებში - ერაყი, ავღანეთი, მანამდე კოსოვო იყო და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - როცა ვაგზავნით ჩვენს სამხედრო კონტინგენტს, ყველა სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაიაროს არა მარტო საბრძოლო მომზადება, არამედ ფსიქოლოგიური და მორალური ტესტებიც, იმიტომ რომ ის არის თავისი ქვეყნის წარმომადგენელი, მით უმეტეს, იარაღით ხელში, და მის მიერ იქ ჩადენილი ნებისმიერი არაკანონიერი ქმედება აისახება ქვეყნის პრესტიჟზე“.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG