Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო-საქართველოს ცენტრი მთელ საქართველოს მოიცავს


იენს სტოლტენბერგი (ცენტრში)
იენს სტოლტენბერგი (ცენტრში)

27 აგვისტოს ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. 2014 წლის უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული საგანგებო ცენტრის გახსნაში თავად ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მონაწილეობდა. საზეიმო ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ როგორც ხელისუფლების, ისე პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებიც. რას გულისხმობს და რა მიზნებს ისახავს ნატო-საქართველოს საწვრთნელი და შემფასებელი ცენტრი?

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობას. იენს სტოლტენბერგს მანამდეც არაერთხელ უთქვამს და 27 აგვისტოს საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისასაც აღნიშნა, რომ ერთობლივ ცენტრს მხოლოდ საქართველოს ინტერესები არ უკავშირდება:

„ეს ცენტრი დაეხმარება საქართველოს გააგრძელოს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და გაძლიერება, რათა გაუმკლავდეს 21-ე საუკუნის გამოწვევებს. მაგრამ ეს ცენტრი მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ მოემსახურება – ის ზუსტად ასევე მნიშვნელოვანი იქნება ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისთვისაც და ის განავითარებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთქმედებას“.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით, 2014 წლის სექტემბერში ნატოს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ცენტრის დაარსების თაობაზე დროულად შესრულდა, თუმცა ვიდრე ცენტრი სრული დატვირთვითა და მასშტაბით ამოქმედდება, ნატოს გენერალური მდივნის თქმით, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამიტომ აქტიურად გაგრძელდება საქართველოსა და ნატოს ექსპერტების ერთობლივი მუშაობა.

გაიხსნა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:08 0:00

„რა თქმა უნდა, ცენტრი იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ეს შენობა და მისი ოფისები. ის მოიცავს საწვრთნელ ტერიტორიებს და სასროლეთებს მთელი საქართველოს მასშტაბით“, – აღნიშნა 27 აგვისტოს ნატოს გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ საერთაშორისო მშვიდობის დაცვისთვის საერთო მიზნების განხორციელებას მოემსახურება უფრო მეტი პერსონალი როგორც ნატოს, ასევე საქართველოს მხრიდან. აქვე აღინიშნება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კიდევ უფრო მეტად იქნება „წარმოდგენილი“და „ხილული“ საქართველოში და საქართველოც კიდევ უფრო მეტად იქნება ჩართული საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების პროცესებში.

ცენტრის გახსნას აქვს როგორც „მორალური, ასევე პოლიტიკური, გამოყენებითი და ოპერატიული მნიშვნელობა“, – აღნიშნა 27 აგვისტოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, რომლის აზრითაც, შესაძლოა ამას მოჰყვეს გარკვეული უარყოფითი რეაქციები რუსეთის მხრიდან, თუმცა საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაუხვიოს მთავარ მიზანს:

„სიგნალები შეიძლება იყოს ძალიან ბევრი და ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები, შესაბამისი შტაბები, სადაც განიხილავენ გარკვეულ სცენარებს და ამ სცენარებზე რეაგირებას. ჩვენი საქმეა ვაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელი გვაქვს, რაც დაგეგმილი გვაქვს და გადაუხრელად ვიაროთ ნატოსკენ“.

ეს სასწავლო ცენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ცენტრის ფუნქციონირება დაგვეხმარება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებაში...
ირაკლი ღარიბაშვილი

ცენტრის მიზნები და ამოცანები არც ერთი მეზობლის წინააღმდეგ რომ არ არის მიმართული, ეს თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც აღნიშნა და დაამატა, რომ ცენტრი, პირიქით, ხელს შეუწყობს რეგიონალური და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. პრემიერი ცენტრის სხვა კონკრეტულ სარგებელზეც ლაპარაკობს:

„ეს სასწავლო ცენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ცენტრის ფუნქციონირება დაგვეხმარება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებაში. ცენტრის დაარსებას აქვს კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა – ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლება. შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ცენტრი ამ ეტაპის წარმატებით დაძლევაში დაგვეხმარება. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ თანამშრომლობის ეს ახალი ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას“.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ყველა რესურსის მობილიზებით და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით გაგრძელდება ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელება, რაც, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ აისახება ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებში“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა. ასევე მისი თქმით, ნატოს მშვიდობა მოაქვს და ის „დღევანდელ მსოფლიოში, უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით, მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია“.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კი განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, რომლებიც, ოფლისა და სისხლის ფასად, უწყობენ ხელს საქართველოს დაახლოებას ნატოსთან და ბევრმა საკუთარი სიცოცხლეც შესწირა საქართველოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

„ჩვენი ახალი სასწავლო ცენტრი კიდევ უფრო დახვეწს თქვენს უნარებს, დახვეწს თქვენი პარტნიორებისა და თქვენი მეგობრების უნარებს, უნარებს, რომლებსაც თქვენ გამოიყენებთ მხოლოდ ერთისთვის, რომ დაიცვათ თავისუფლება და ის ღირებულებები, რის ირგვლივაც ჩვენ ვართ გაერთიანებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა შეიარაღებული ძალების ასეული, რომელიც საგანგებოდ გადამზადდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG