Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ზიკას გავრცელების შემთხვევები არ ყოფილა


ზიკას ვირუსის საფრთხის შეფასების შუალედურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოამზადა, საქართველო ევროპის რეგიონის იმ ქვეყნების რიგში მოხვდა, სადაც დაავადების გავრცელების მაღალი ალბათობაა. ობიექტური მიზეზების გამო, ეს არ უკვირთ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სადაც განმარტავენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველოში ზიკათი დაავადების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა აღრიცხული.

ზიკას რისკის შეფასების შუალედურ ანგარიშში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 18 მაისს გამოაქვეყნა, ვირუსის ტრანსმისიის მაღალი ალბათობის მქონედ საქართველო რუსეთის შავიზღვისპირა ტერიტორიებსა და პორტუგალიის კუნძულ მადეირასთან ერთად მოხვდა. ამის მიზეზად მიჩნეულია რეგიონში აედეს ეჯიპტის, ანუ კოღოს იმ სახეობის არსებობა, რომელიც ზიკას გადამტანია. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროპის ქვეყნებს სიტუაციის თვითშეფასება და რისკების განმსაზღვრელი სპეციალური კითხვარის შევსება მოსთხოვა. დასკვნაც სწორედ ამ თვითშეფასებას ეფუძნება და მასში გათვალისწინებულია როგორც ქვეყნის ტერიტორიული სიდიდე, ისე მოსახლეობის სიმჭიდროვე;

“ევროპის ის ტერიტორიები, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე არის მაღალი და ზედამხედველობის სისტემები, მტკიცედ მოექცნენ უფრო მაღალი რისკის ზონებში, შედარებით იმ ქვეყნებთან, რომლებშიც მოსახლეობის სიმჭიდროვე ან ზედამხედველობის შედეგად მიღებული შედეგი, ანუ ჰქონდათ თუ არა კონკრეტული გამომწვევი გამოვლენილი თავის ტერიტორიაზე, იყო ან უცნობი, ან არ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია“.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლის გიორგი ქურციკიშვილის თანახმად, ევროპის რეგიონიდან რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორის 18 ქვეყანა მოხვდა:

„საფრანგეთი, იტალია, მალტა, ხორვატია, ისრაელი, ესპანეთი, მონაკო, სან-მარინო, თურქეთი, საბერძნეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია, საქართველო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა და მონტენეგრო. აი, ეს ის ქვეყნებია, სადაც ეს გადამტანები არსებობენ და, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მოხდეს ამ ვირუსის გავრცელება ამ ქვეყნებში შემოტანის შემთხვევაში“.

ზიკას გადამტანის გავრცელების შესახებ შავიზღვისპირეთის ტერიტორიებზე 2014 წლიდანაა ცნობილი. კოღოს გავრცელების სეზონი გვიანი გაზაფხულიდან იწყება, საქართველოში საშუალოდ 6-7 თვე გრძელდება და, შესაბამისად, გადამტანის არსებობასთან დაკავშირებული რისკიც ქვეყანაში ამდენივე ხანს გასტანს. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თანახმად, სახელმწიფომ 2015 წლიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გადამტანებთან საბრძოლად. წელს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება ანაკლიიდან სარფამდე შავიზღვისპირა ზოლში და შენობა-ნაგებობები, ღია წყალსატევები და ტყისპირა ზოლი ორჯერადად დამუშავდება:

„ამიტომ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არავითარი პანიკის საფუძველი მოსახლეობისთვის არ არსებობს, იმდენად, რამდენადაც, ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში წყარო, დაინფიცირებული ადამიანი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და ჩვენი ეპიდზედამხედველობის სისტემა განსაკუთრებით გამკაცრებულია ამ თვალსაზრისით, რომ არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ გაიპაროს. ხაზს ვუსვამ, რომ, რა თქმა უნდა, თეორიული რისკი არსებობს, რამდენადაც საქართველოში არსებობს ამ ვირუსის გადამტანი კოღო. ამიტომ ყველა ღონისძიება ტარდებოდა, ტარდება და გატარდება იქითკენ, რომ რისკის მინიმიზაცია მოვახდინოთ“.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ზიკას დაავადება ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ფატალურად არ სრულდება. იგი განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის, რადგან იწვევს მიკროცეფალიებს და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებს ახალშობილებში. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულებს აფრთხილებსთავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ვირუსია გავრცელებული. ზოგადად კი, სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ არ დაუშვან კოღოს გამრავლებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და დაიცვან თავი მწერებისკბენისგან.

2016 წლის მაისის მონაცემებით, ზიკასვირუსის გადაცემა 58 ქვეყანასა და ტერიტორიაზე აღინიშნება. ამ ქვეყნების რიგში საქართველო არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG