Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ბოიკოტი კორცხელის ინციდენტის გამო


დაპირისპირება კორცხელში
დაპირისპირება კორცხელში

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ძალადობის გამო ჯერ არავინაა დაკავებული. ინციდენტიდან გასული 3 დღის შემდეგაც სამოქალაქო სექტორის მთავარი მოთხოვნა დანაშაულის გახსნა, დამნაშავეთა იდენტიფიცირება და საქმის კვალიფიკაციის შეცვლაა. თავის მხრივ, აქტიურობს პოლიტიკური ოპოზიციაც - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კერძოდ, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა მანამ, სანამ დამნაშავეები და დანაშაულის დამკვეთები არ დადგინდებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტის გამოცხადებას წინ უძოდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში თემაზე - ვინ არის დამნაშავე 22 მაისის ინციდენტში და რატომ ჭიანურდება საქმის გამოძიება. შესაბამისად, როგორც მოგვიანებით დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, მანამ, სანამ არ იქნებიან დასჯილები დამნაშავეები და დანაშაულის ორგანიზატორები, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის სხდომათა დარბაზში აღარ დაბრუნდება. იგი ჩამოთვლის იმ პირთა წრესაც, ვისაც საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს კორცხელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ედებათ ბრალი:

“არაფორმალური მმართველი ამ ქვეყნისა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ექვემდებარება ყველაფერი ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არის მთავრობის, რომელიც ფორმალურად ასრულებს საქართველოში მთავრობის როლს, კვირიკაშვილის და, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში, ამ დამნაშავეების შემთხვევაში, კალაძის, რომელიც არის უშუალო ორგანიზატორი, დამფინანსებელი ამ ჯგუფისა, დამფინანსებელი ბიუჯეტიდან, გამწვრთნელი ამ ჯგუფისა და რომელიც არის გამომშვები, შეკვეთის მიმცემი ამ დარბევის, რომელიც მოხდა რამდენიმე, 4 დღის წინ. ერთადერთი, რაც დადგინდა, თურმე ეს ყოფილან არა ზონდერები, თურმე ყოფილან „ქართული ოცნების“ ახალი სახეები, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს იქით ატარებენ მიტინგებზე“.

თავის მხრივ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად მიაჩნია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გიორგი ვოლსკის. იგი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შიდაპოლიტიკური ვითარების დაძაბვასა და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას ცდილობს:

“ძალიან ჰგავს ეს მთლიანად გაწერილ სცენარს, რომელიც დაიწყო კორცხელში პროვოცირებით და შემდეგ გადაიზარდა ზუსტად იმ ბოიკოტში, რომელიც დღეს ვიხილეთ. რაღაც თანმიმდევრობა მიანიშნებს იმაზე, რომ ის ამოცანა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ გეგმას წარმოადგენს, დამარცხება სიტუაციისა, არის სწორედაც გამოხატულება დღევანდელი საქციელი“.

კორცხელის ინციდენტის სახელით ცნობილი საქმე კი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს და გამოძიების შედეგებზე ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერია ცნობილი. 24 მაისის ღამით კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირი თავად გამოცხადდა სამინისტროში. რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ მათ სამინისტრო კომენტარების გარეშე დატოვეს.

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ნაცვლად, მათი სამინისტროში მისვლისა და ეგრეთ წოდებული გამოკითხვის ფაქტი ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ განმარტა. მისი თქმით, სპორტსმენები მოწმის სახით დაიკითხნენ:

“მე ორ მათგანს ვიცავ - გეგეშიძეს და ტყეშელაშვილს. ორი მათგანის დაკითხვას ვესწრებოდი. მე არ ვიცი, რა მოხდა სხვა დაკითხვებზე, მაგრამ ამ ადამიანებმა ისაუბრეს იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა, ისაუბრეს ფაქტებთან დაკავშირებით. საუბარი გახლავთ, რომ ინციდენტი რაღაც თითქოს პროვოცირებასაც ჰგავდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი ამ ბიჭების მიმართ, მაგრამ იყო რეალურად სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა შემდგომ, სამწუხაროდ, ეს ინციდენტი“.

ზურაბ ბელთაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები „ქართული ოცნების“ აქტივისტები არ არიან და კორცხელში პარტიის მხარდამჭერების სტატუსით იმყოფებოდნენ. საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს კორცხელში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორში კი მიიჩნევენ, რომ რეალურად არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიმართ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე მუხლი მიესადაგება. ესენია: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება; არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა; წინასწარი განზრახულობით პოლიტიკური მოტივებით ადამიანების დევნა ან, მინიმუმ, ხულიგნობა. ამ ჩამონათვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის დანაშაულსაც ამატებს, რომელიც, მისი აზრით, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ზოგადად კი, ეკა გიგაური სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, განსაკუთრებით კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება იყოს სახელმწიფოს მხრიდან იმის გამო, რომ ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება არჩევნები და თუკი ასეთი არჩევნები გაგრძელდა, ცალსახად შეიძლება ამ ფაქტებმა უარყოფითი გავლენა მოახდინონ როგორც საარჩევნო პროცესზე, ასევე არჩევნების დღის მიმდინარეობაზე“.

ეკა გიგაურის აზრს იზიარებს პოლიტოლოგი ალექსანდრე კვახაძე, რომლის თქმით, უკანასკნელი დღის მოვლენებმა აჩვენა, რომ არსებობენ მთავრობისგან წახალისებული ზონდერჯგუფები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც სახელმწიფოს ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან. მათ შორისაა 24 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სპორტსმენების მხარდამჭერი აქციის ერთ–ერთი მონაწილის, პაატა აბულაძის, მედიასთან გაკეთებული შემდეგი განცხადება:

“მაინც არ დაგაჭერინებთ. აქ სასწაული მოხდება. ბოკერიაც დაიჭირეთ, ყველანი, კი ბატონო. როგორ გაბედეს, არა, ბოკერიას ხელი დაარტყეს, გარეწარს? არ დაგაჭერინებთ, სასწაული მოხდება, ტყუილია მაგი. გადავისხამ ბენზინს. აგერ თქვენ და აგერ მე! აბა ვნახოთ, ვისი გავა!“

პაატა აბულაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თანახმად, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის ნათესავია. ალექსანდრე კვახაძე კი, თავის მხრივ, კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს და ყურადღებას ამახვილებს პოლიციაზე, 22 მაისის ინციდენტში მის არასათანადო რეაგირებაზე, პასიურ როლსა და რისკებზე, რომლის წინაშეც ის დგას:

„იმ ფონზე, როდესაც ვიდეოკადრზე დაფიქსირდა, რომ ერთ-ერთმა ზონდერმა მოძალადემ ხელი დაარტყა პოლიციელს, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს, და არც ერთი პირი არ არის დასჯილი, ეს ყველაფერი იწვევს პოლიციის დემორალიზაციას“.

დანაშაულის სრულფასოვანი გამოძიების პირობას კი, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ, დებს პარლამენტის თავმჯდომარეც, რომელიც ამბობს, რომ ძალადობის აქტებზე რეაგირება ხელისუფლების, სახელმწიფოსა და პოლიციის საქმეა და, თუ ეს ასე არ მოხდა, მმართველი პოლიტიკური ძალა დაისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG