Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციები საოკუპაციო ბანერებთან


აქციის მონაწილეებმა ბანერებს ოკუპაციის გასაპროტესტებელი პლაკატები გადააკრეს
აქციის მონაწილეებმა ბანერებს ოკუპაციის გასაპროტესტებელი პლაკატები გადააკრეს

მეორე დღეა სოფელ ხურვალეთთან და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ბანერების დადგმას როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ხურვალეთში დღეს ჟურნალისტებიც ჩავიდნენ, რომლებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მცოცავი ოკუპაცია მათ მიერ დადგმულ ბანერებთან ტრანსპარანტებითა და პლაკატებით გააპროტესტეს, ადგილობრივი მოსახლეობა კი ხელისუფლების დახმარებას ითხოვს. მათთვის უცნობია, მისცემენ თუ არა რუსეთის მესაზღვრეები მოსავლის აღების საშუალებას და იმ ნაკვეთებში შესვლის უფლებას, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციეს. ხურვალეთელების განცხადებით, სოფელი, რომელმაც მიწის ნაკვეთების 70 პროცენტი, სასაფლაო და მთლიანი საძოვარი დაკარგა, მოსახლეობისგან დაცლის საფრთხის წინაშე დგას.

საოკუპაციო ბანერების განთავსებას ცხინვალშიც გამოეხმაურნენ. ორჭოსანთან და ხურვალეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების განთავსების ფაქტს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ხოხ გაგლოითი ეხმაურება და ქართულ მხარეს მოუწოდებს, რომ არ იქნება ზედმეტი, თუკი "საზღვრის" დემარკაციისა და დელიმიტიზაციის კომისია ერთობლივ მუშაობას დაიწყებს. მისი განცხადებით, ასეთ შემთხვევაში აღარავითარი პრობლემა არ შეიქმნება.

"არც ერთი სასაზღვრო ნიშანი, რომელიც სამხრეთ ოსეთის საზღვრის პერიმეტრზეა განთავსებული, არ მდებარეობს რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ. საქართველოს წარმომადგენლების გაბერილი საინფორმაციო ისტერიკა შეუძლებელია არ შეფასდეს როგორც ვულგარული პროვოკაცია, ხოლო რაც შეეხება თბილისის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ისტებლიშმენტის ცალკეულ პირთა შეშფოთებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ეს არის გამოგონილი. "ბიპის" ოპერატორ კომპანიას შეუძლია დამოუკიდებლად მიმართოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და ეჭვგარეშეა, რომ ყველაფერი გაკეთდება მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის", - განაცხადა ხოხ გაგლოითიმ.

ხურვალეთში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ჩავიდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეჰპირდა, რომ წელს მოსავლის აღებისას პრობლემები არ შეექმნებათ. საოკუპაციო ხაზის გადმოწევით შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად, გამგებლის თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებაში აქტიურად მუშაობენ.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა იოსებ ბორცვაძემ, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა, ხელისუფლებას აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდა.

ახალგაზრდებთან ერთად ხურვალეთში ჩავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, რომლებმაც რუსეთის მესაზღვრეების მიერ დამონტაჟებულ ბანერებს ოკუპაციის გასაპროტესტებელი პლაკატები გადააკრეს. ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა ხელისუფლებას ხურვალეთიდან გადადგომისკენ მოუწოდა.

ხურვალეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. გასული კვირის ბოლოს რუსეთის მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ხურვალეთისა და წითელუბნის სიღრმეში განათავსეს. ოკუპირებულ მხარეს ათ ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოექცა, ოკუპირებული ორჭოსანიდან გადმოტანილი ბანერის მიღმა კი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის კიდევ ერთი მონაკვეთი მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG