Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო 7 ნოემბრის საქმეზე


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა არ განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლითაც ადვოკატები დედაქალაქის მერის გიგი უგულავასათვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვდნენ. მერაბიშვილმა და უგულავამ სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადეს და სხდომა დატოვეს. მორიგი სასამართლო 28 აპრილს დაიგეგმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ 17 აპრილის წინასასამართლო სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გახსნეს. მათ სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადეს და თქვეს, რომ სასამართლო დარბაზს ამიერიდან მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად და ახლობლების სანახავად გამოიყენებენ.

„საერთო სასამართლოებმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელეს. კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნაა, ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ, თუკი პირს არ უმტკიცდება დანაშაული, ის ციხიდან გათავისუფლდეს“, - განაცხადა უგულავამ.

სახელმწიფო აპარატი ივანიშვილის დახმარებით ისეა მოწყობილი, რომ ადამიანები მუდმივად პატიმრობაში იყვნენ, იყვნენ მისი პირადი პოლიტიკური პატიმრები...
გიორგი გაბაშვილი

თბილისის ყოფილი მერის ადვოკატები უგულავას უკანონო პატიმრობაზე ლაპარაკობენ - მათი განცხადებით, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 2 აპრილს ამოიწურა. შესაბამისად, ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, უგულავა უკანონო პატიმრად იქცა.

17 აპრილს, წინასასამართლო სხდომის პარალელურად, განცხადება გააკეთა უგულავას თანაგუნდელმა გიორგი გაბაშვილმაც: „სახელმწიფო აპარატი ივანიშვილის დახმარებით ისეა მოწყობილი, რომ ადამიანები მუდმივად პატიმრობაში იყვნენ, იყვნენ მისი პირადი პოლიტიკური პატიმრები. გიგი უგულავას შემთხვევაში, მაგალითად, ცხრათვიანი პატიმრობის ვადა გასულია, მაგრამ ის მაინც რჩება პატიმრობაში“.

ყველა ეს ადამიანი პირადად ჩემ მიერ დაისჯება. ყველას პასუხს პირადად ვაგებინებ...
ვანო მერაბიშვილი

სხდომის დაწყების წინ სიტყვით ვანო მერაბიშვილიც გამოვიდა და თქვა, რომ ქვეყნის განვითარება „ერთ მატყუარა კაცს“ შეეწირა. შს ყოფილმა მინისტრმა სხდომის დატოვებამდე საპატიმროში მყოფ თბილისის სპეცრაზმის ყოფილ მეთაურს კახა ნაკანსაც მიმართა და მოუწოდა, „ნუ გაახარებს ივანიშვილს“. როგორც ცნობილია, ნაკანმა ციხეში თავის მოკვლა სცადა. მერაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ადეიშვილის წითელი ცირკულარიდან ამოღების ფაქტმაც გააბრაზა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის და ამ ხელისუფლებას, მერაბიშვილის განცხადებით, “წინ კიდევ რამდენიმე კრუნჩხვა ელის“. მისივე სიტყვებით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება, დასჯის ყველა იმ ადამიანს, ვინც კახა ნაკანის, თენგიზ გუნავას და სხვა რიგითი თანამშრომლების უკანონო დაკავებაში მონაწილეობდა.

„ყველა ეს ადამიანი პირადად ჩემ მიერ დაისჯება. ყველას პასუხს პირადად ვაგებინებ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

პარალელურად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის თაობაზე და ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ადეიშვილის ძებნა მისი ლტოლვილის სტატუსის გამო შეწყდა. თუმცა საქართველოს მთავრობაში ფიქრობენ, რომ ამით ადეიშვილის მიმართ კითხვებზე პასუხი არ გაცემულა - ეს განცხადება 17 აპრილს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა. ადეიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის ფაქტორი გამორიცხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამაც:

„წითელი ცირკულარიდან ადეიშვილის ამოღება აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის იმასთან, როგორი მტკიცებულებები არსებობს. ეს ფაქტი პირდაპირ უკავშირდება მისი ლტოლვილის სტატუსს“.

ზურაბ ადეიშვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებას საქალაქო სასამართლოდან 17 აპრილსვე გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე, რომლის განცხადებით, მიზეზი ინტერპოლის გადაწყვეტილებისა, შეეწყვიტა ადეიშვილის ძებნა, გახდა არა მისი ლტოლვილობა, არამედ მის მიმართ „პოლიტიკური დევნის მაღალი ალბათობა“.

ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო, ბრალდების მხარის მოთხოვნით, 28 აპრილისათვისგადაიდო. გიგი უგულავას დაცვის მხარე კი აპირებს უახლოეს ხანებში, წინასწარი პატიმრობის შეწყვეტის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართოს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG