Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ბაზარი და ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები


2014 წლის ნოემბრის ბოლოსთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეროვნული ვალუტა დაახლოებით 9 პროცენტით გაუფასურდა. ამ დროს თავისთავად აქტუალური ხდება ხოლმე კითხვები იმის თაობაზე, თუ რა როლი უკავია საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო პოლიტიკაში და როგორი პრონციებით მუშაობს საქართველოში არსებული სავალუტო ბაზარი.

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ანუ გაცვლით კურსს სავალუტო ბაზარი განსაზღვრავს, სავალუტო ბაზარი კი შედგება კომერციული ბანკებისა და სხვა კორპორაციებისა და ინდივიდებისაგან, რომლებიც ვალუტის ყიდვა-გაყიდვას ახორციელებენ.

ამას გარდა, 2009 წლიდან ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონების მეშვეობით ახორციელებს უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე, რომლის მიზანიც, ერთი მხრივ, საერთაშორისო რეზერვების შევსებაა, ხოლო, მეორე მხრივ, - გაცვლითი კურსის მკვეთრი რყევების თავიდან აცილება. ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე აუქციონების ჩატარების მეშვეობით ინტერვენციების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა 2013 წელს. წლის დასაწყისში ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის მყიდველის როლში გამოდიოდა. ეს ინტერვენციები მიზნად ისახავდა კურსის ზედმეტი გამყარებისგან თავის არიდებას, რაც იმ პერიოდში არსებულ დეფლაციურ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებდა. მეოთხე კვარტალში კი, პირიქით, გაძლიერდა ლარის გაცვლითი კურსის ზეწოლა გაუფასურების მიმართულებით, იმპორტის ზრდისა და საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრი გაფართოების ხარჯზე.

წელსაც ანალოგიური სცენარი განვითარდა. ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით ზეწოლა რამდენიმე მიზეზით ხდება: 1) საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გაფართოება ნოემბერ-დეკემბერში; 2) გაუარესებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, კერძოდ, იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, ექსპორტის მთლიანი მოცულობა 5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11 პროცენტით გაიზარდა, რის შედეგადაც, 2013 წელთან შედარებით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2,5 პროცენტით გაიზარდა და 8,4 პროცენტი შეადგინა; 3) სეზონური ფაქტორი - გაზრდილი მოხმარება და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ფულადი ნაკადების ზრდა.

ამ და სხვა ფაქტორების გასანეიტრალებლად, 2013 წლის ნოემბრიდან წლევანდელ ნოემბრამდე ეროვნულმა ბანკმა სულ 480 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, აქედან წელს - ნახევარზე მეტი, 260 მლნ აშშ დოლარი. ოფიციალური სარეზერვო აქტივები, 2013 წლის ოქტომბერთან შედარებით, 14 პროცენტით არის შემცირებული და, ბოლო მონაცემებით, 2,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან მინიმუმ ორი მომავალი წლის დასაწყისისთვის მოიხსნება, კურსის დასტაბილურებას სწორედ ამ პერიოდისთვის უნდა ველოდოთ.

XS
SM
MD
LG