Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი პირობას დებს, რომ ექსტრემიზმის მიმართ შეურიგებელი იქნება


აშშ და ბრიტანეთი პირობას დებენ, რომ ერთიანი ფრონტით შეებრძოლებიან ისლამისტურ ექსტრემიზმს - მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში პარიზში ექსტრემისტებმა სამ დღეში 17 ადამიანი დახოცეს.

ეს პირობა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა დადეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი განაცხადა, რომ „ფანატიზმის, ფუნდამენტალიზმისა და შეუწყნარებლობის“ უმთავრესი მსხვერპლი მუსლიმები არიან.

15 იანვარს ლონდონში გამომავალ „ტაიმსში“ დაბეჭდილ ერთობლივ წერილში ობამა და კამერონი აცხადებენ, რომ პარიზში მომხდარ თავდასხმებს მსოფლიომ „ერთიანი ხმით“ უპასუხა და რომ ისინი არავის მისცემენ „სიტყვის თავისუფლების ჩახშობის“ საშუალებას.

„იმის მიუხედავად, საქმე ცალკეულ ფანატიკოსებთან გვაქვს თუ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ექსტრემისტებს ქედს არ მოვუხრით“, - წერენ ლიდერები და დასძენენ: „ჩვენ დავამარცხებთ ამ ბარბაროს მკვლელებს და მათ დამახინჯებულ იდეოლოგიას“.

ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

ბერლინში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ისლამისტური ექსტრემიზმის წინააღმდეგ აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს.

პარიზში მომხდარი თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტში წუთიერი დუმილის დაცვის შემდეგ, მერკელმა დეპუტატებს განუცხადა: „სიძულვილის მქადაგებლებს, ისლამის სახელით მოქმედ მოძალადეებს, მათ უკან მდგომ ძალებს და მათ, ვინც ინტელექტუალურად აღვივებს საერთაშორისო ტერორიზმს, სახელმწიფოს განკარგულებაში არსებული ყველა კანონიერი მეთოდით მძლავრად შევებრძოლებით“.

ამასთან, მერკელმა ბევრი ისაუბრა მუსლიმთა მარგინალიზაციის საფრთხეზეც - განაცხადა, ისინი, ვინც ისლამისტური ტერორის სახელით გერმანიის მუსლიმებს ზოგად ეჭვს უქვემდებარებენ, ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილებას ვერ გააჩენენო.

ორი შეიარაღებული კაცი, ისლამისტური ლოზუნგების ყვირილით, 7 იანვარს შეიჭრა ფრანგული სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ პარიზის შტაბბინაში და 12 ადამიანი დახოცა, მათ შორის, რედაქტორები და კარიკატურისტები.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ალ-ყაიდის იემენის დანაყოფმა, ანუ ორგანიზაციამ „ალ-ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“ - განაცხადა, რომ თავდამსხმელებს, საიდ და შერიფ კუაშებს, რედაქციაზე თავდასხმა დაევალათ წინასწარმეტყველ მუჰამედისთვის შურისძიების მიზნით.

წინასწარმეტყველის კარიკატურების დაბეჭდვის გამო ჟურნალი ხშირად იღებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს.

9 იანვარს ოთხი ებრაელი კაცი შეეწირა მესამე თავდამსხმელის მიერ პარიზში კოშერულ სუპერმარკეტზე მიტანილ იერიშს.

საფრანგეთის უსაფრთხოების ძალებმა ოპერაციების ფარგლებში სამივე თავდამსხმელი მოკლეს.

15 იანვარს პარიზში, არაბული სამყაროს ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ოლანდმა თქვა, რადიკალური ისლამი იკვებება სიღარიბით, უთანასწორობით, კონფლიქტით და შეუსაბამობებითო. მისი თქმით, ისლამი თავსებადია დემოკრატიასთან.

ფრანსუა ოლანდი
ფრანსუა ოლანდი

„ასევე უნდა გვახსოვდეს, - რასაც მე ვაკეთებ კიდეც ყოველთვის, არაბულ სამყაროში ვიზიტისას, - რომ ისლამი თავსებადია დემოკრატიასთან, რომ უარი უნდა ვთქვათ ყველა ცრურწმენასა და დაბნეულობაზე - და ეს, პირველ რიგში, საფრანგეთში. ფრანგებს, რომლებიც ისლამს მისდევენ, ისეთივე უფლებები და ისეთივე მოვალეობები აქვთ, როგორც ყველა მოქალაქეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ოლანდის თქმით, ნებისმიერი ანტიმუსლიმური ან ანტისემიტური ნაბიჯი მკაცრად უნდა დაისაჯოს.

11 იანვარს პარიზში მილიონობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელიც თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მოეწყო. „შარლი ებდოს“ რედაქციის წევრებმა, რომლებიც იერიშს გადაურჩნენ, სწრაფად დაიწყეს ახალ ნომერზე მუშაობა. ნომრის გაყიდვა 14 იანვარს დაიწყო და საფრანგეთში მთელი ტირაჟი რამდენიმე საათში გაიყიდა.

„კაცები და ქალები შეიძლება დახოცო, მაგრამ მათ იდეებს ვერ მოკლავო“, - განაცხადა ოლანდმა ამის თაობაზე და დასძინა, „შარლი ებდო“ ცოცხალია და კვლავაც იცოცხლებსო.

ამ ახალი, საგანგებო ნომრის ტირაჟი 5 მილიონი იქნება, მაშინ როცა უწინ ეს ჟურნალი 60,000 ეგზემპლარით გამოდიოდა.

ნომერი ექვს ენაზე ითარგმნა - მათ შორის, ინგლისურად, არაბულად და თურქულად.

ნომრის გაყიდვიდან მიღებული მოგება დაღუპულთა ოჯახებს დაურიგდება.

ახალ ნომერს უკმაყოფილებით და პროტესტით გამოეხმაურნენ მუსლიმური ქვეყნებიდან, წინასწარმეტყველი მუჰამედის ახალი კარიკატურის გამო.

ნომრის ყდაზე გამოსახულია წინასწარმეტყველი მუჰამედი, რომელსაც ცრემლი ჩამოსდის და ხელში უჭირავს აბრა: „მე ვარ შარლი“. კარიკატურის სათაურია „ყველაფერი ნაპატიებია“.

პაკისტანის პარლამენტის ქვედა პალატამ 15 იანვარს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს კარიკატურას და საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირის ჩათვლით, მოუწოდებს „უზრუნველყოს ის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს“.

აჰმეტ დავუთოღლუ
აჰმეტ დავუთოღლუ

ანკარაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ კარიკატურას „დიდი პროვოკაცია“ უწოდა და დასძინა, პრესის თავისუფლება არ ნიშნავს მუსლიმთა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფის თავისუფლებასო. „ჩვენ დავიცავთ წინასწარმეტყველის ღირსებას ზუსტად ისე, როგორც დავიცავთ ჩვენს პოზიციას პარიზში ტერორიზმის წინააღმდეგო“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

„შარლი ებდოს“ ბოლო ნომრიდან კარიკატურები და სტატიები თურქეთში მხოლოდ ოპოზიციურმა ყოველდღიურმა გამოცემა „ჯუმჰურიეთმა“ გადაბეჭდა, თუმცა ყდაზე გამოსახული კარიკატურის გამოქვეყნებისგან ამ გამოცემამაც თავი შეიკავა.

თურქეთის ერთ-ერთმა სასამართლომ ბრძანება გასცა ქვეყანაში დაიბლოკოს ინტერნეტსაიტები, რომლებზეც „შარლი ებდოს“ ბოლო ნომრის ყდაა გამოქვეყნებული.

მუჰამედის ახალი კარიკატურის გამოქვეყნებას „შეურაცხყოფა“ და „პროვოკაცია“ უწოდა ირანმაც.

კარიკატურა დაგმო პალესტინელთა გასამხედროებულმა ჯგუფმა, ჰამასმა - მისი შეფასებით, ის ცეცხლზე ნავთს ასხამს.

ავღანეთის თალიბანმა შეაქო „შარლი ებდოზე“ მიტანილი იერიში და მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვას „უხამსი აქტი“ უწოდა.

„ეს უკიდურესად სულელური ნაბიჯი იყოო“, - განაცხადა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“.

მოვლენებს გამოეხმაურა რომის პაპიც - ფრანცისკემ დაიცვა გამოხატვის თავისუფლების პრინციპი, თუმცა განაცხადა, რელიგიის შეურაცხყოფის გზით ადამიანთა პროვოცირება არასწორიაო.

„არ შეიძლება პროვოცირება, სხვების რწმენის შეურაცხყოფა, რწმენის დაცინვაო“, - უთხრა მან ჟურნალისტებს შრი ლანკიდან ფილიპინებზე მიმავალ თვითმფრინავში.

ამასთან, პაპმა „აბსურდული“ ნაბიჯი უწოდა ღმერთის სახელით ადამიანთა მოკვდინებას.

XS
SM
MD
LG