Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შემცირდა სირიაში წამსვლელთა ნაკადი


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, საგრძნობლად შემცირდა საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც სირიაში მიემგზავრებიან საბოძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. სპეციალისტების შეფასებით, ამის მიზეზია როგორც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებში სავიზო კონტროლის გამკაცრება, ისე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო ფორმირებებში გაწევრიანებისათვის. საინტერესოა, რამდენად ეფექტიანად ებრძვის საქართველოს მთავრობა ტერორიზმს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, სულ უფრო მცირე რაოდენობის საქართველოს მოქალაქე ახერხებს ქვეყნის დატოვებას სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადა სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში:

„დღეის მდგომარეობით, საქართველოს 50-მდე მოქალაქეა წასული სირიაში. ყველა მათგანზე გვაქვს ინფორმაცია და მეტსაც ვიტყვი, ვისზეც გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, როგორც კი ჩამოვლენ, ისინი აგებენ პასუხს კანონის წინაშე“.

ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს არ გააჩნიათ იმის მექანიზმი, რომ დაადასტურონ, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მოცემული მოქალაქე სირიასა თუ ერაყში, ვინაიდან ისინი ამ ქვეყნებში ხვდებიან თურქეთიდან უკანონო გზით, შესაბამისად, მათ პასპორტებში არ ფიქსირდება საზღვრის კვეთა...
ალეკო კვახაძე

საქართველოს კანონმდებლობა, რამდენიმე თვის წინ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული 312-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, მართლაც ითვალისწინებს სასჯელს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო ფორმირებებში გაწევრიანებისათვის. ერთი კვირის წინ სწორედ ასეთი ბრალდება (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ანდა მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში) წაუყენეს სამშობლოში დაბრუნებულ დავით ბორჩაშვილს. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, შემთხვევით არაა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სირიაში წასული მებრძოლების რაოდენობის მიხედვით:

„რაც არის იმის შედეგი, რომ ჩვენი უშიშროება ძალიან კარგად მუშაობს. გარდა ამისა, ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები კანონმდებლობაში. დასჯადი გავხადეთ ტერორისტულ ორგანიზაციებში ჩართვისთვის გამგზავრება, მონაწილეობა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც აქამდე არ გვქონდა - ეს ერთგვარად იცავს როგორც ჩვენს მოქალაქეებს პრევენციულად, რომ არ წავიდნენ, ასევე მთელ საზოგადოებას, რომ უკან არ დაბრუნდნენ და თუ დაბრუნდებიან, პასუხი აგონ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით თანმიმდევრულ და სწორ ნაბიჯებს ვდგამთ“.

საქართველოს სპეცსამსახურები მართლაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სირიიდან სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს, თუმცა, როგორც კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ამბობს, მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ პირი იმყოფებოდა სირიაში, არაა საკმარისი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის.

„ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს არ გააჩნიათ იმის მექანიზმი, რომ დაადასტურონ, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მოცემული მოქალაქე სირიასა თუ ერაყში, ვინაიდან ისინი ამ ქვეყნებში ხვდებიან თურქეთიდან უკანონო გზით, შესაბამისად, მათ პასპორტებში არ ფიქსირდება საზღვრის კვეთა. აქედან გამომდინარე, თუ რამე სახის დამამტკიცებელი ვიდეო ან ფოტომასალა მაინც არ არსებობს, შეუძლებელია სამართლებრივად დადგენა, მართლა იყო თუ არა ადამიანი სირიასა და ერაყში. ასე რომ, ერთგვარი შავი ხვრელი არსებობს, რომლითაც შესაძლოა ამ ხალხმა ისარგებლოს“, უთხრა ალეკო კვახაძემ რადიო თავისუფლებას.

ის ადამიანები, ვისაც გადაწყვეტილი აქვს წასვლა, მაინც ახერხებენ წასვლას. ამაში დავრწმუნდი მას შემდეგ, რაც აგვისტოში რამდენიმე პანკისელი ახალგაზრდა წავიდა სირიაში და არა მხოლოდ პანკისიდან, გურიიდან და აჭარიდანაც, ვგულისხმობ იმ მუქარის შემცველი ცნობილი ვიდეოს ავტორებს...
გელა მთივლიშვილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,
არსებობს პარტნიორი ქვეყნების მიერ მოწოდებული სია იმ ათასობით ადამიანისა, რომლებიც შესაძლოა ტერორისტული საფრთხის მატარებელნი იყვნენ. სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, თუ ეს ადამიანები გადაწყვეტენ წავიდნენ საბრძოლველად, მათ ან დააკავებენ საზღვარზე, ანდა, თუ ტერორისტული საფრთხის ალბათობის ხარისხი დაბალია (მაგრამ მაინც არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ის ტერორისტული მიზნებისთვის მიემგზავრებოდეს უცხოეთში), მაშინ პარტნიორ ქვეყანას მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია და აღნიშნული მოქალაქის მიმართ ამოქმედდება „არდაშვების რეჟიმი". ლევან იზორიას თქმით, საქართველოს სპეცსამსახურების მიერ გატარებული სწორედ ამ ზომების წყალობით შემცირდა საქართველოს მოქალაქეების გადინება სირიაში. ნაკადის შემცირების ფაქტს ადასტურებენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც, თუმცა, როგორც გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, შენიშნავს, კანონებისა და სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრებას ნამდვილად ჰქონდა პოზიტიური პრევენციული შედეგი, მაგრამ პრობლემა ამით არ გადაჭრილა:

„ის ადამიანები, ვისაც გადაწყვეტილი აქვს წასვლა, მაინც ახერხებენ წასვლას. ამაში დავრწმუნდი მას შემდეგ, რაც აგვისტოში რამდენიმე პანკისელი ახალგაზრდა წავიდა სირიაში და არა მხოლოდ პანკისიდან, გურიიდან და აჭარიდანაც, ვგულისხმობ იმ მუქარის შემცველი ცნობილი ვიდეოს ავტორებს. გადავამოწმე და ეს ადამიანები სირიაში წასული არიან 2015 წლის სექტმბერში, ანუ, სამწუხაროდ, ისევ ახერხებენ წასვლას“.

გელა მთივლიშვილის მსგავსად, კავკასიოლოგი ალეკო კვახაძეც ამბობს, რომ კანონის გამკაცრებამ ხელი ვერ შეუშალა მუქარის შემცველი ვიდეომიმართვის ავტორებს წასულიყვნენ სირიაში:

„ის პირები, ვისაც უნდა წასვლა, ამ კანონის მიუხედავად, მაინც მიდიან. წამსვლელთა რაოდენობა ბოლო ექვსი თვის მანძილზე მართლაც შემცირდა, მაგრამ არა იმ კანონის გამკაცრების გამო, არამედ იმის გამო, რომ ყველაზე აქტიური და ჯიჰადისტურ თემაში ჩართული ადამიანი, რომელიც წამსვლელი იყო, უკვე წავიდა. ამიტომ, ბუნებრივია, ნაკადი შემცირდა“.

კანონის გარდა, საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა სასაზღვრო კონტროლიც. მარტო 2015 წლის 14 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლით, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს. საქართველოს მთავრობამ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით 12 მილიონი ლარი დახარჯა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG