Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოცმუშაკებს ბავშვების მოძალადე ოჯახებისგან განცალკევების უფლება მიენიჭათ


ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 22 ივნისს მესამე მოსმენით დაამტკიცა, სოციალურ მუშაკს უფლება მიენიჭება ძალადობის შემთხვევაში ბავშვი ოჯახის მოძალადე წევრისგან განაცალკევოს, ამ გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობაკი დაისჯება 7 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით ანგამოსასწორებელი სამუშაოებით ერთი თვის განმავლობაში. იმუშავებს თუ არა ახალი კანონი და შეცვლის თუ არა დღეს არსებულ სურათს? რა საფრთხეებს ხედავენ ბავშვთა უფლებების დამცველები სოცმუშაკებისათვის უფლებამოსილების გაზრდაში და როგორ მიიღეს ახალი პასუხისმგებლობა თავად სოციალურმა მუშაკებმა?

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა 74-ხმით დაამტკიცა -ასე შევიდა ცვლილებები ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონში. თუ აქამდე სოციალურ მუშაკს უფლება არ ჰქონდა ბავშვის მოძალადისგან განცალკევების გადაწყვეტილება მიეღო და ამისთვის ის პოლიციის გადაწყვეტილებას ელოდა, ახლა ეს მისი პასუხისმგებლობაა.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად,ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან, კანონიერი წარმომადგენლისა თუ სხვა პირისგან განცალკევება კანონის უკიდურესი ზომაა.ამ დროს უნდა გაითვალისწინონ არასრულწლოვანის აზრიც, მისი ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით. 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს უფლება აქვს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოსაც მიმართოს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ ეს უფლება სოცმუშაკებს შეუძლიათ გამოიყენონ იმ იშვიათ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება:

„უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური ან სექსუალური ხასიათის. ეს, შესაძლოა, იყოს უგულებელყოფა, ფსიქოლოგიური ძალადობა და ა.შ. ასეთ დროს, როცა გადაუდებელი საჭიროება არსებობს, გადაწყვეტილებას იღებს სწორედ სოცმუშაკი. ოჯახიდან განცალკევების შემდეგ, ცხადია, ბავშვს აზრს ვეკითხებით, ვცდილობთ მოვიძიოთ, მის გარშემო თუ არის რაიმე თანადგომის ქსელი, ვისთანაც ბავშვს აქვს გარკვეული ურთიერთობა, მიჯაჭვულობა, თუ არადა, ის გადადის სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში“.

სახალხო დამცველის აპარატმა ეს საკანონმდებლო ცვლილება დადებითად შეაფასა. ომბუდსმენის ოფისთან არსებული ბავშვთა უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი მაია გედევანიშვილი ამბობს, რომ, მართალია, ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანა უკიდურესი ზომაა, დღეს უფრო ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვის ოჯახში დატოვება მისთვის სასიცოცხლოდ საშიშია:

„ჩვენი აზრით, ეს არ არის ცუდი ცვლილება, რადგან ვფიქრობთ, რომ პროცესი უფრო სწრაფად წავა და გაადვილდება, როცა სოცმუშაკს არ მოუწევს ლოდინი, როდის მიიღებს პოლიცია რამე გადაწყვეტილებას. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება პრაქტიკაში დაინერგოს, აღსრულების მექანიზმი განისაზღვროს, ამაღლდეს უწყებების პასუხისმგებლობა და სოცმუშაკების კვალიფიკაციაც“.

მაია გედევანიშვილმა გაიხსენა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ამბავი, როდესაც სოციალურმა მუშაკმა ვერაფრით მოახერხა პოლიციას გამოეწერა შემაკავებელი ორდერი და ეს მაშინ, როდესაც ოჯახში მშობლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ორი ბავშვი იყო.

დადებითი ის მომენტია, რომ როდესაც არის გადაუდებელი შემთხვევა, როცა დრო არ ითმენს, სოცმუშაკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ჩნდება კითხვა: სოცმუშაკებს გავუზარდეთ უფლებამოსილება, თუ ამით მათზე გადავიტანეთ მთელი პასუხისმგებლობა?...
ანა არგანაშვილი

ანა არგანაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ცვლილების კანონში შეტანით ბავშვთა უფლებების ძირითადი არსი, ცხადია, არ იცვლება - ოჯახი, როგორც ბავშვის ბუნებრივი გარემო, იყო და რჩება პირველ არჩევნად და ბავშვისთვის საუკეთესო გარემოდ. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ სხვა გამოსავალი, გარდა ბავშვის განცალკევებისა, არ არსებობს. ერთი მთავარი პირობა აქაც არის: ამ გადაწყვეტილებას წინ უნდა უძღოდეს ძალიან ფრთხილი და ღრმა კვლევა. თუ ყველაფერი აღმოჩნდება ამაო, ბავშვი უნდა გამოიყვანონ ოჯახიდან, რასაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა. გამორიცხული არც ის არის, რომ ოჯახი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმოს და სასამართლოში იდავოს. ანა არგანაშვილი საკანონმდებლო ცვლილებაში დადებით მხარეებსაც ხედავს და საფრთხეებსაც:

„დადებითი ის მომენტია, რომ როდესაც არის გადაუდებელი შემთხვევა, როცა დრო არ ითმენს, სოცმუშაკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ჩნდება კითხვა: სოცმუშაკებს გავუზარდეთ უფლებამოსილება, თუ ამით მათზე გადავიტანეთ მთელი პასუხისმგებლობა? აქ იმის საფრთხეს ვხედავ, რომ არავითარ შემთხვევაში არც ერთმა სხვა უწყებამ, ვინც ასეთ დროს არის პასუხისმგებელი, არ უნდა ჩათვალოს, რომ მისი როლი რამენაირად შემცირდა. პირიქით, კოორდინაცია კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და უწყებებმა ერთად იმუშაონ“.

ანა არგანაშვილი
ანა არგანაშვილი

ანა არგანაშვილი ფიქრობს, რომ თუ სახელმწიფო კონკრეტულ რგოლს პასუხისმგებლობას უზრდის, მას ასევე უნდა გაუზარდოს სხვა უწყებებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა და, რაც მთავარია, რესურსი. მისივე თქმით, დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 238-მდე სოციალური მუშაკი მუშაობს და ეს, ამჟამად არსებული პრობლემების ფონზე, კატასტროფულად მცირე რიცხვია:

„აბსოლუტურად ყველაფერს, დაახლოებით 21 სხვადასხვა მიმართულებით, აკეთებს ეს 238 სოცმუშაკი. თითოეულ მათგანს აქვს 200-დან 500-მდე საქმე. თავად წარმოიდგინეთ, რა ხდება, როცა 200 ბავშვი გელოდება და აქედან 100 ძალადობის მსხვერპლია. და წარმოიდგინეთ, რომ არც ერთი სხვა უწყება არ გეხმარებათ. ეს ხომ არის იმთავითვე განწირული, რომ არაფერი გამოვა. უფლებამოსილება კი გაეზარდათ სოცმუშაკებს, მაგრამ მათ არ გაუზარდეს არც ადამიანური და არც სხვა რესურსი - ბენზინი არა აქვთ, რომ სოფლებში იარონ, სკამი, მაგიდა, ოთახი... ამ პირობებში, მე მეჩვენება, რომ მათთვის უფლებამოსილების გაზრდა არის, უბრალოდ, პასუხისმგებლობის გადატანა იქ, სადაც იციან, რომ ვერაფერი განხორციელდება“.

ანდრო დადიანი, თავმჯდომარე ორგანიზაციისა „პარტნიორობა ბავშვებისათვის“, მოელის, რომ სოცმუშაკების უფლებების გაზრდა ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფრო ეფექტიანად დაცვაზე იმოქმედებს. მისი აზრით, ის, რომ, ზოგადად, სოციალურ მუშაკებს საქართველოში აქვთ მცირე რესურსი, ბევრი ადმინისტრაციული და ყოფითი ხასიათის პრობლემა არ უნდა იყოს დაკავშირებული მათ მთავარ პასუხისმგებლობასთან - დაიცვან ბავშვები:

„ერთადერთი საფრთხე, რომელსაც მე ვხედავ, არის ის, თუ სოცმუშაკები ზედაპირულად და არაპროფესიულად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას. სხვა მხრივ, მგონია, რომ ამ ცვლილებას მხოლოდ დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია, რადგან გადაწყვეტილების მიმღები პირი სოციალური მუშაკი ხდება და ის წყვეტს, ბავშვი მოძალადეს უნდა მოშორდეს თუ არა, ხოლო პოლიცია ამის შემდეგ მისი გადაწყვეტილების აღმსრულებელი ხდება. სასამართლო დავის შემთხვევაშიც, თუკი მოძალადე ჩივილს გადაწყვეტს, ეს დავა გამოაჩენს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო სოციალურმა მუშაკმა“.

რადიო თავისუფლება გაესაუბრა სოციალურ მუშაკსაც, დარეჯან დვალიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ ამ ცვლილების შემდეგ სოცმუშაკს, მართალია, აღარ მოუწევს პოლიციას ეხვეწოს, მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პოლიცია ამ გადაწვეტილებას მომენტალურად აღასრულებს. პოლიციისგან ასეთი მხარდაჭერის იმედი დარეჯან დვალიშვილს არა აქვს და მიიჩნევს, რომ საჭიროა მათი მოვალეობები ძალიან ნათლად დაიწეროს კანონქვემდებარე აქტებში. ასევე საჭიროა ამ სისტემაში ჩართულმა ყველა პოლიციელმა გაიაროს ტრენინგი და ზუსტად იცოდეს, რა მოვალეობები აკისრია.

ჯანდაცვის სამინისტროშო აცხადებენ, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მისი აღსრულების მექანიზმი დეტალურად იქნება გაწერილი, ამას მოჰყვება საინფორმაციო კამპანია და, როგორც მარი წერეთელი ამბობს ჩვენთან საუბარში, სისტემის ყველა თანამშრომელს ამ საკითხზე დამატებით ტრენინგი ჩაუტარდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG