Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამატებითი კომპენსაცია დაღუპული მეომრების ოჯახებისთვის


პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა და მოიწონა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეთა ოჯახის წევრები კანონით დადგენილი სოციალური დაცვის მექანიზმებით ისარგებლებენ. საბოლოო დამტკიცებამდე კანონპროექტი, დამატებით, სხვა სტრუქტურებმაც უნდა განიხილონ.

შესაძლოა გაფართოვდეს იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიღუპნენ. სიას შეიძლება სახალხო დაცვის რაზმების დაღუპული მოსამსახურეები დაემატონ.

მაგალითად, სამაჩაბლოში 17 წლის განმავლობაში ადგილობრივი ძალებით იცავდნენ საკუთარ სოფლებს, ბილიკებს. ვინმე რომ არ გაეტაცებინათ, ტყვედ არ აეყვანათ, ამისთვის თვითორგანიზებული რაზმები იყო, განსაკუთრებით - დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში...
მალხაზ ვახტანგაშვილი

ინიციატივა პარლამენტს შესთავაზა ფრაქციამ „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“. თუ სამომავლოდ პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, სახალხო დაცვის რაზმების დაღუპულ წევრთა ოჯახები თვეში 1000 ლარს მიიღებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მალხაზ ვახტანგაშვილი განმარტავს, თუ რა იგულისხმება სახალხო დაცვის რაზმებში:

„მაგალითად, სამაჩაბლოში 17 წლის განმავლობაში ადგილობრივი ძალებით იცავდნენ საკუთარ სოფლებს, ბილიკებს. ვინმე რომ არ გაეტაცებინათ, ტყვედ არ აეყვანათ, ამისთვის თვითორგანიზებული რაზმები იყო, განსაკუთრებით - დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში. ამ ადამიანებს ჰქონდათ საკუთარი იარაღი (იარაღი შეიძლება გაფორმებული არ იყო) და იცავდნენ საკუთარ მიწა-წყალს“.

მისივე თქმით, ძირითადად საუბარია ასამდე ადამიანზე, რომლებიც ცხინვალის რეგიონში დაიღუპნენ, თუმცა, ზოგადად, კანონპროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მსგავს ვითარებაში დაღუპულ ყველა პირს მოიცავს:

„ეს ცნობილი ადამიანები არიან - მაგალითად, ვეფხია თუთარაშვილი, თამარაშენში მისი სახელობის სკოლაც არის. ზოგიერთ ქალაქში მათი სახელობის ქუჩებია. ასევე, მერაბ მინდიაშვილი. ის ძალიან ცნობილი პიროვნება იყო - კოცონზე დაწვეს და მაინც „შავლეგოს“ მღეროდა. მთელი საქართველო იცნობდა ამ პიროვნებას“.

მალხაზ ვახტანგაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე სიის გარეთ დარჩა, ოჯახის წევრებს მოუწევთ წარმოადგინონ სხვადასხვა დოკუმენტი, როგორიცაა გარდაცვალების ცნობა და საბრძოლო მოკვლევა, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივ ვეტერანთა სამსახურის მიერ გაცემული ცნობები. ამ დოკუმენტებში ასახული უნდა იყოს, თუ როდის და რა ვითარებაში დაიღუპა ადამიანი. ვახტანგაშვილი ხაზს უსვამს, რომ ყოველთვიური კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის წევრებზე.

თემურ ჩაჩანიძე
თემურ ჩაჩანიძე

სამხედრო მიმომხილველი თემურ ჩაჩანიძე ამბობს, რომ 90-იან წლებში, როცა არმია, ფაქტობრივად, არ გვყავდა, მოსახლეობა იძულებული იყო თავი საკუთარი ძალებით დაეცვა და ამ მებრძოლებიდან ბევრი, მართლაც, გმირულად დაიღუპა:

„ბევრი მათგანის ოჯახს ნამდვილად სჭირდება დახმარება, მაგრამ მეორე მხარეც არის: რამდენად იყვნენ ეს მეომრები აღრიცხულნი, დოკუმენტალურად რამდენად იყო გაფორმებული, ამაზე ძალიან გამიჭირდება პასუხის გაცემა“.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინიციატივა კიდევ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, ასევე, საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტმა უნდა განიხილოს. ამის შემდეგ საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG