Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის პრობლემები


საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

საქართველოში ხშირად პოლიტიკური დისკუსიის თემას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების გზით განხორციელებული პროექტების ღირებულება თუ ხარისხი. სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ანალიზი და მისი გაუმჯობესების რეკომენდაციები მოცემულია კვლევაში, რომელიც ორგანიზაცია „პი-ემ-სი-ჯი“-მ მოამზადა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

please wait

No media source currently available

0:00 0:06:16 0:00
გადმოწერა

ბოლო დროს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ავტომობილების შესყიდვების თემა არაერთხელ გახდა კამათისა და საზოგადოების კრიტიკის საგანი. ბევრს ბიუროკრატების სტატუსთან მათ მიერ შერჩეული ავტომობილების ღირებულების შეუსაბამობა არ მოსწონდა, ზოგიც უფრო მეტი ეკონომიის მოწოდებით გამოდიოდა. ამ დისკუსიის შედეგად მთავრობამ სახელმწიფო მოხელეებისა და მათთვის განკუთვნილი ავტომობილების რანჟირების წესი შეიმუშავა. სწორედ ამ წესის მიხედვით უნდა განხორციელდეს შესყიდვები აუქციონის პრინციპზე დაფუძნებული ელექტრონული ტენდერების მეშვეობით, რომელიც გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მაგრამ ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს აქვს საშუალება ბიუჯეტის ფული ამ სისტემის გვერდის ავლითაც დახარჯოს. ესენია პრეზიდენტის, მთავრობის და თბილისის მერიის სარეზერვო ფონდები და სახელმწიფო კომპანიების ნაწილი. ”პი-ემ-სი კვლევითი ცენტრის” წარმომადგენლის ბესიკ ნამჩავაძის განცხადებით, არის სხვა გამონაკლისებიც:

რაც უფრო მეტი დღის მანძილზე მიმდინარეობს ელექტრონული ტენდერი, მით უფრო იზრდება კონკურენცია და იზრდება დანაზოგის რაოდენობა...
ბესიკ ნამჩავაძე

”ფონდები და სახელმწიფო შ.პ.ს-ების გამონაკლისები არ არის ევროპული პრაქტიკა, ხოლო ელექტრონული შესყიდვების კანონმდებლობა რაზეც ვრცელდება, იქაც არის დაშვებული გამონაკლისი. ეს არის ე.წ. გამარტივებული შესყიდვა, ანუ პირდაპირი შესყიდვა, როდესაც შესაძლებელია ტენდერი საერთოდ არ გამოცხადდეს და შემსყიდველს შეუძლია პირდაპირ თუ არაპირდაპირ დადოს კონტრაქტი და შეისყიდოს მომსახურება. ასეთ შემთხვევაში სამ დღეში ხდება მოძიება, თუ ვინ მოგვაწვდის პროდუქციას, ვინ ააშენებს შენობას და მათთან ხდება კონტრაქტის დადება”.

ბესიკ ნამჩავაძის თქმით, რაც მის მიერ მომზადებულ კვლევაშიც არის ასახული, გამარტივებული შესყიდვის წესი უნდა დარჩეს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისთვის, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამუშაოები და სხვა. „პი-ემ-სი კვლევითი ცენტრის“ რეკომენდაციით, სახელმწიფო შესყიდვების შედეგის გაუმჯობესების მიზნით ელექტრონული ტენდერების სისტემა რაც შეიძლება მეტ სფეროში უნდა დაინერგოს.

საწელმწიფო შესყიდვების განაწილება შესყიდვის საშუალებების მიწედვით
საწელმწიფო შესყიდვების განაწილება შესყიდვის საშუალებების მიწედვით

კვლევამ აჩვენა, რომ ამჟამად ელექტრონული ტენდერების მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვების მხოლოდ 61 პროცენტი ხორციელდება.

„პი-ემ-სი კვლევითი ცენტრის“ აზრით, საჭიროა ცვლილებები თავად ელექტრონულ ტენდერებშიც. კერძოდ, ბესიკ ნამჩავაძის აზრით, შესყიდული პროდუქციის ხარისხის გაზრდას წაადგებოდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერების ვადის გაზრდა:

”რაც უფრო მეტი დღის მანძილზე მიმდინარეობს ელექტრონული ტენდერი, მით უფრო იზრდება კონკურენცია და იზრდება დანაზოგის რაოდენობა. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია არის, რომ გამარტივებული ტენდერი იყოს, მაგრამ ჩატარების მინიმალური ვადა 7 დღემდე მაინც გაიზარდოს, რაც პროცესს გაცილებით კონკურენტულს გახდის. სხვათა შორის, ჩვენი შესყიდვების სისტემის გამოწვევა ისიც არის, რომ კონკურენცია საქართველოში ძალიან დაბალია”.

თუ კონკრეტულად არ იქნა აღწერილი შესასყიდი პროდუქცია, დაბალი ფასის მქონე შეთავაზება გაიმარჯვებს. დაბალი ფასის ნიშნავს, რომ შესაბამისი ხარისხის არის. ჩვენთან ამბობენ დაბალი ხარისხის არისო, მაგრამ სინამდვილეში ფასის შესაბამისი ხარისხისაა...
ბესიკ ნამჩავაძე

ბესიკ ნამჩავაძის აზრით, შესყიდვების სისტემას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სატენდერო წინადადებების უკეთ ჩამოყალიბება, რაც შემსყიდველების - სახელმწიფო სტრუქტურების - გადასაწყვეტი პრობლემაა. ხშირად ზოგადად ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი მიმწოდებელი აკმაყოფილებს, თუმცა მისი პროდუქციის ხარისხი არ იძლევა მისი ხანგრძლივად ექსპლუატაციის საშუალებას. თვალსაჩინოებისთვის ბესიკ ნამჩავაძე რამდენიმე მაგალითზე საუბრობს:

”შეიძლება აპირებდე 500-600-ლარიანი ნორმალური ტელეფონის შეძენას, მაგრამ აუცილებლად მიიღებ 40-ლარიან „ნოკიას“, იმიტომ რომ გაიმარჯვებს ყველაზე დაბალი ფასი. ამიტომ საჭიროა დეტალურად იყოს განსაზღვრული პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი. იგივე ვითარებაა, როდესაც მშენებლობის ხარისხს აკრიტიკებენ ხოლმე, რადგან არ არის განსაზღვრული, თუ როგორ უნდა იყოს დახურული შენობა, რა მასალით, როგორი გამძლეობით, როგორი იატაკი უნდა ჰქონდეს, როგორი კედელი და ასე შემდეგ. ბუნებრივია, თუ კონკრეტულად არ იქნა აღწერილი შესასყიდი პროდუქცია, დაბალი ფასის მქონე შეთავაზება გაიმარჯვებს. დაბალი ფასის ნიშნავს, რომ შესაბამისი ხარისხის არის. ჩვენთან ამბობენ დაბალი ხარისხის არისო, მაგრამ სინამდვილეში ფასის შესაბამისი ხარისხისაა. ბუნებრივია, დაბალფასიანი დიდხანს არ ძლებს”.

შესყიდვების ელექტრონული სისტემის მომხმარებელთა დინამიკა
შესყიდვების ელექტრონული სისტემის მომხმარებელთა დინამიკა

ამ და სხვა ხარვეზების შესწავლის გარდა, „პი-ემ-სი კვლევითმა ცენტრმა“ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემისა და ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკის შედარება მოამზადა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ელექტრონული შესყიდვების სიტემა 14 მუხლში შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას, ნახევრად შესაბამისობაა 4 მუხლში, ხოლო შეუსაბამობაა 6 მუხლის მიხედვით. ბესიკ ნამჩავაძის განცხადებით, ყველაზე მეტად აღსანიშნავია შეუსაბამობა გამოცხადებული ტენდერის მოთხოვნების შეცვლის შემთხვევაში:

”ჩვენთან არის ასეთი პრაქტიკა: როდესაც შემსყიდველს გამოცხადებული აქვს ტენდერი და ამას ახლავს ტექნიკური მოთხოვნების წინადადება, შეუძლია ბოლო დღეს შეცვალოს მოთხოვნები და მიმწოდებელმა ვეღარ მოასწროს წინადადების თავიდან წარდგენა. თუ ეს ევროკავშირში ხდება, არის ვალდებულება, რომ ტენდერის ვადამ გადაიწიოს. ჩვენს შემთხვევაში ეს შეიძლება ხელოვნურადაც მოხდეს, ვინმემ წინა დღით შეცვალოს მოთხოვნები და ერთ კომპანიას ფარულად მოელაპარაკოს, რომ ცვლილების შესაბამისი განაცხადი შეიტანოს. ბოლო დღეს სხვა კონკურენტები ვერ მოასწრებენ ცვლილებას და დარჩება ერთი შემსყიდველი, რომელიც გაიმარჯვებს კიდეც. საჭიროა, რომ ცვლილების შემთხვევაში ლოგიკურად გადაიწიოს ტენდერის ვადამ, როგორც ეს ევროკავშირშია”.

ტენდერის გამოსაცხადებლად შესაბამის სამსახურებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური დრო, რომ არ გაჩნდეს იმის საჭიროება, რომ შესყიდვების გეგმები მრავალჯერ შეიცვალოს. აუცილებელია, სამოქალაქო სექტორის უფრო აქტიური ჩართულობა...

ანალოგიური პრაქტიკის დანერგვას ურჩევს საქართველოს მთავრობას ბესიკ ნამჩავაძე, „პი-ემ-სი კვლევითი ჯგუფის“ წარმომადგენელი. ამ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაში მოცემულია სხვა რეკომენდაციებიც, რომლებიც უფრო გამჭვირვალესა და უფრო ეფექტურს გახდის სახელმწიფო შესყიდვების სისტემას. მათ შორისაა მაღალბიუჯეტიან პროექტებზე გამარტივებული წესით კომპანიებთან პირდაპირი კონტრაქტების დადების შესაძლებლობის მაქსიმალურად შეზღუდვა. უნდა მოხდეს, ასევე, იმ პროდუქციის სტანდარტიზაცია, რომელსაც ყველაზე ხშირად შეისყიდიან, და ამაღლდეს განათლება შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ტექნიკური მოთხოვნების მომზადებაში. ტენდერის გამოსაცხადებლად შესაბამის სამსახურებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური დრო, რომ არ გაჩნდეს იმის საჭიროება, რომ შესყიდვების გეგმები მრავალჯერ შეიცვალოს. აუცილებელია, სამოქალაქო სექტორის უფრო აქტიური ჩართულობა. აღნიშნული რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარება მინიმუმამდე შეამცირებს იმის ალბათობას, რომ ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შემსყიდველებმა ვერ მიიღონ სასურველი ხარისხის საქონელი და მომსახურება.

საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა 2010 წლიდან დაინერგა და მაშინ მისი მთავარი ამოცანა კორუფციის აღმოფხვრა იყო, რასაც თავი საკმაოდ კარგად გაართვა. ეს აღიარებულია მსოფლიო ბანკისა და გაეროს მიერ. ამ სისტემის დანერგვიდან დღემდე სახელმწიფომ დაახლოებით 400 მილიონი ლარი დაზოგა.

XS
SM
MD
LG