Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტების გაურკვეველი სტატუსი


სტუდენტებისა და განათლების მინისტრის შეხვედრა
სტუდენტებისა და განათლების მინისტრის შეხვედრა

რამდენად მწვავედ დგას საქართველოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემა? რამდენად დიდია იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებსაც სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ? ამ თემებზე სასაუბროდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სტუდენტებს შეხვდა.

ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემაზე სასაუბროდ 16 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს მიზეზებზე, რის გამოც სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტში სწავლას ვერ აგრძელებს.

როგორც იქნა, ვისაუბრეთ რეალურ ციფრებზე, რეალურ სტატისტიკაზე. ჩვენი გაკეთებული ანალიზი გავუზიარეთ სტუდენტებს, რამაც, გარკვეულწილად, მიაწოდა ინფორმაცია და ასევე მოუხსნა ის პრობლემები, რომელთაც ხედავდნენ ისინი აქამდე...
თამარ სანიკიძე

შეხვედრაზე დამსწრეთა ნაწილი სამინისტროს სტატუსშეჩერებული სტუდენტების ზუსტი რაოდენობის დადგენასა და მის გასაჯაროებას სთხოვდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე კი ამბობდა, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია ეს ინფორმაცია თავად გამოითხოვოს. მისივე თქმით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა ქვეყანაში საგანგაშო სულაც არაა და ის უფრო და უფრო მცირდება:

„როგორც იქნა, ვისაუბრეთ რეალურ ციფრებზე, რეალურ სტატისტიკაზე. ჩვენი გაკეთებული ანალიზი გავუზიარეთ სტუდენტებს, რამაც, გარკვეულწილად, მიაწოდა ინფორმაცია და ასევე მოუხსნა ის პრობლემები, რომელთაც ხედავდნენ ისინი აქამდე. შესაბამისად, ვისაუბრეთ, რამდენად გაუმჯობესებულია სტუდენტების მდგომარეობა დღეისათვის, რამდენად მეტი სტუდენტი იღებს დაფინანსებას, სოციალური ფონდები რამდენად გაზრდილია...“

სტუდენტების ნაწილი შეხვედრის შემდეგ სხვაგვარად ფიქრობდა. თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის მაგისტრანტი ლევან ლორთქიფანიძე მინისტრთან შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა. როგორც ამბობს, მან განხილულ საკითხებზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო:

„პირველ რიგში, იმიტომ რომ რეალური სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. დღეს ჩვენ მინისტრი გველაპარაკა რაღაც მონაცემებზე და რეალური ციფრი, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ, 33 ათასი, შემცირდე სამი ათასამდე თუ ოთხი ათასამდე. როგორ შემცირდა ეს? რატომ არ არის უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია სისტემატიზებული? რატომ არ გვაქვს ჩვენ ამ ინფორმაციასთან წვდომა, რომ ზუსტად გავიგოთ, სოციალური სიდუხჭირის გამო რამდენი სტუდენტია სტატუსშეჩერებული? ამის ზუსტი მიზეზი ვერც მინისტრმა დაასახელა და არც ჩვენ ვიცით“.

ლევან ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ეს სისტემური პრობლემაა და უკმაყოფილოა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამაში მხოლოდ ლოკალურ პრობლემას ხედავს.

2012 წლისთვის ეს 12 ათასი იყო და დღეს 33 და 38 ათასზეა საუბარი. რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. ბოლოს და ბოლოს, აპირებთ თუ არა, ჩემი შემოთავაზებისამებრ, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის 10 მილიონი ლარი იყოს გამოყოფილი...
სერგო რატიანი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე შალვა საბაური მიიჩნევს, რომ შეუძლებელია სახელმწიფომ დააფინანსოს ყველა ის სტუდენტი, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული:

„სტუდენტებს, ვისაც სტატუსი შეჩერებული აქვს, ეს მოთხოვნილებად აქვთ გადაზრდილი. ეს ლოგიკური მოთხოვნა არ არის. თუ სახელმწიფო ადგა და ყველას დაუფინანსა, ამას რესურსი არ ეყოფა. შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ, რა არის არსებული შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობების ფარგლებში უნდა შევიმუშაოთ ლოგიკური მოთხოვნა“.

სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის თემა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზეც წამოჭრა:

„კითხვა არის, სტატუსშეჩერებული სტუდენტები, რომელთა რაოდენობაც თქვენი მთავრობის დროს იზრდება... 2012 წლისთვის ეს 12 ათასი იყო და დღეს 33 და 38 ათასზეა საუბარი. რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. ბოლოს და ბოლოს, აპირებთ თუ არა, ჩემი შემოთავაზებისამებრ, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის 10 მილიონი ლარი იყოს გამოყოფილი?“

ეს კითხვა ფინანსთა მინისტრმა უპასუხოდ დატოვა. 2014 წლის 26 ივლისს კი, პარლამენტის სხდომაზე, სერგო რატიანს იმავე თემაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, სტუდენტების დაფინანსება იზრდება, ხოლო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა შემცირებულიაო.

სერგო რატიანმა ამ თემაზე 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა.

მისი თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბრისათვის, ანუ მანამ, სანამ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, სტუდენტის სტატუსი 11 000-ზე ოდნავ მეტ სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული, 2014 წლის ოქტომბრისათვის კი ეს რიცხვი 38 ათასამდე გაიზარდა, მათ შორის თერთმეტი ათასს ეს პრობლემა ფინანსური დავალიანების გამო შეექმნა.

თამარ სანიკიძე
თამარ სანიკიძე

საპირისპიროს ამტკიცებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თამარ სანიკიძემ სერგო რატიანის ამ განცხადებას ციფრების მანიპულირება და არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება უწოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტის სტატუსი დღეისათვის 11 000 სტუდენტს აქვს შეჩერებული. იმ სტუდენტთა რაოდენობა კი, ვისაც სტატუსი აღუდგა, 2013 წლიდან მოყოლებული, უფრო და უფრო იზრდება. 2014 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ეს რიცხვი 10 000-ს აღწევს.

რადიო თავისუფლებამ სტატუსშეჩერებული სტუდენტების ზუსტი რაოდენობის დასადგენად საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსაც მიმართა, მაგრამ სამსახურს ამ თემაზე მონაცემები არ აღმოაჩნდა.

XS
SM
MD
LG