Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის ეპიცენტრი - თბილისი


სტიქია თბილისში
სტიქია თბილისში

19 დაღუპული ადამიანი, 3 დაკარგული, დანგრეული და დატბორილი სახლები, განადგურებული ზოოპარკი და ძაღლების თავშესაფარი, ქუჩაში გაქცეული მტაცებლები, ვეფხვის მიერ დაგლეჯილი 43 წლის მამაკაცი - ძალიან მშრალად ასეთია 14 ივნისს, გამთენიისას, თბილისს თავს დამტყდარი სტიქიის - მდინარე ვერეს ადიდების - შედეგები.

15 ივნისის ღამე სტიქიით დაზარალებულმა 260-ზე მეტმა ადამიანმა თბილისში მდებარე სხვადასხვა სასტუმროში გაათია. დიდუბის რაიონში მდებარე სასტუმრო „444“-ში ექვსსულიან ოჯახთან ერთად მცხოვრებმა მარინა გერგედავამ რადიო თავისუფლებას უამბო, როგორ ააშენა აფხაზეთიდან დევნილმა ოჯახმა 90-იან წლებში წყნეთის ხევში სახლი, რომლის პირველი სართულიც ახლა მიწითაა დაფარული. წლინახევრის ბავშვთან ერთად ოჯახმა თავს სახლის სახურავზე გაქცევით უშველა:

„ჯერ სახლის სარდაფი დაიტბორა, მერე პირველ სართულზე ამოვიდა წყალი, მაგრამ დარწმუნებულები ვიყავით, რომ მეტს აღარ მოიმატებდა. ყველაფერი წამებში მოხდა. ავრბოდით ზედა სართულზე და წყალი ფეხდაფეხ მოგვდევდა. წყალი რომ ყელამდე ამოვიდა, მაშველებთან დავრეკეთ. ყიფშიძიდან და ჭავჭავაძიდანაც ხედავდნენ ჩვენს უბედურებას. იქიდანაც დარეკეს მაშველებთან. დროულად მოგვისწრეს. მგონი, სპეცრაზმელები იყვნენ, თოკებით გამოგვიყვანეს“.

სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, უფასოდ აღუდგენენ პირადობის, დაბადებისა და ქორწინების მოწმობებს. კვირის ბოლოს გაირკვა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გამოიყოფა მიწის ნაკვეთები ახალი სახლების ასაშენებლად. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის 19 ივნისის განცხადების თანახმად, შესაძლოა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 100 მილიონი ლარიც არ ეყოს:

„ზარალი არის ძალიან დიდი. ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა იმისათვის, რომ სახლების მშენებლობისათვის 3 მილიონი ევრო გამოყოს. ჩვენ, საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია, მიწას გამოვყოფთ, სადაც სახლები აშენდება. სახელმწიფო ხაზინაში და კომერციულ ბანკებში მობილიზებულია დაახლოებით 17 მილიონი ლარი. აქედან 10 მილიონი გამოყო საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან, თუმცა ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი თანხა. მხოლოდ ზოოპარკთან მიმართებაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაგვჭირდება“.

ნოდარ ხადურისვე თქმით, სახელმწიფო ხაზინაში სპეციალური ანგარიშიც გაიხსნა თანხების შესაგროვებლად. ამასთან, კომერციული ბანკებიც ეხმარებიან მთავრობას სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრაში. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით, კომერციული ბანკები ასევე განიხილავენ შეღავათების დაწესების შესაძლებლობას იმ დაზარალებულებისთვის, რომლებსაც კრედიტები აქვთ აღებული და სესხის დაფარვა უჭირთ.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ლექვინაძის თქმით, აზიის განვითარების ბანკი მზადაა 11 მილიონი დოლარით დაეხმაროს თბილისის მერიას.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების გარდა, მთავრობა აპირებს მისი გამომწვევი მიზეზების გამოძიება პროკურატურას დაავალოს. ამ შესაძლებლობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 ივნისს საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის აზრით, ტრაგიკულ მოვლენათა გამომწვევი მიზეზების დადგენის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება:

„დღეს ბევრი სპეციალისტი საუბრობს იმაზე, რომ ეს ორი გვირაბი, რომელიც იქნა აშენებული, და ასევე ახალი ესტაკადა, ახალი გზა ვერეს ხეობაში, ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა. მე არ ვიცი, ეს არის, უბრალოდ, ემოციური შეფასება, თუ ეს არის სიმართლე. ამიტომ მე ვავალებ ყველა შესაბამის სამსახურს, რომ დაიწყონ ამაზე მუშაობა. უნდა გაკეთდეს სამუშაო ჯგუფი და ამის შემდეგ, მე არ გამოვრიცხავ, რომ პროკურატურაც დაინტერესდეს ამ საქმით“.

სტიქიის მიზეზების თაობაზე არა, მაგრამ პროკურატურაში თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშიძე დაკითხეს. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ვეფხვის ადამიანზე თავდასხვის ფაქტზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით. 17 ივნისს, თვითმხილველთა განცხადებით, საწყობში, სადაც, თურმე, ვეფხვი იმალებოდა, რვა ადამიანი აღრიცხავდა სტიქიის დროს გადარჩენილ საქონელს. ვეფხვმა თავდასხმისას საწყობის მუშას, ოთარ ცუხიშვილს, ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. იგი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს. როგორც ერთ-ერთმა მუშამ მოგვიანებით მედიას განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ თავდამსხმელი ის ვეფხვი ყოფილიყო, რომელიც ლაგუნა-ვერეს ტერიტორიაზე მკვდარი ეგონათ.

ზურაბ გურიელიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა მის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ ქალაქში გარეული ცხოველებისგან საფრთხე აღარ არსებობდა:

ზურაბ გურიელიძე
ზურაბ გურიელიძე

“ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. თუმცა გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს. ერთი პატარა ვეფხვი კიდევ დაკარგულია და ერთი აფთარი. აფთარი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის. ეს გახლავთ ზოლებიანი აფთარი, არის პატარა ზომის ცხოველი. ეს საფრთხეს არ წარმოადგენს. უბრალოდ, ერთიც და მეორეც, გაურკვეველია, ცოცხალია, გაქცეულია თუ ჯერ კიდევ შლამში იმყოფება, რომელიც ჯერ კიდევ ბლომად არის ზოოპარკის ტერიტორიაზე“.

ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად დღის ბოლოს აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, არ დაისვას მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მოთხოვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ ზურაბ გურიელიძის უპირველესი დამცველი თავად იქნება. მანვე ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველებისგან საფრთხის არარსებობასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, მთავრობის სახელით, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

ზოოპარკიდან ცხოველები 14 ივნისის სტიქიას გაექცნენ. უკანასკნელი ინფორმაციით, ეძებენ ერთ ვეფხვს და ერთ ზოლებიან აფთარს, თუმცა მანამდე ურთიეთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა ზოოპარკში დაღუპული და გაქცეული ცხოველების რაოდენობის შესახებ. 15 ივნისს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ განმარტა, რომ ზოოპარკის სრულად დასუფთავებამდე ძნელია დაღუპული და დაკარგული ცხოველების რაოდენობის დაზუსტება:

„სანამ ეს ტერიტორია არ გასუფთავდება, ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება დაღუპული ცხოველების რაოდენობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ ქაოსში ფიზიკურად ვერ ვპოულობთ“.

ზოოპარკის ტერიტორიის დასუფთავების პროცესი
ზოოპარკის ტერიტორიის დასუფთავების პროცესი

​17 ივნისს თბილისის ზოოპარკის ტერიტორიის დასუფთავებისა და დაღუპული ცხოველების მოძიების საქმეში ჩაერთნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადა და ჩეხეთის სამი ქალაქიდან ჩამოსულ სპეციალისტთა შვიდკაციანი ჯგუფი. საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის მხარდამჭერი ბატალიონის შტაბის ოფიცრის, უფროსი ლეიტენანტის ბეგლარ იაკობაძის თქმით, ზოოპარკში 10 ერთეული ტექნიკა და 50 ადამიანი ასრულებს გაწმენდით სამუშაოებს, თუმცა, როგორც ბეგლარ იაკობაძე ამბობს, ტექნიკა ძალიან ფრთხილად მუშაობს, რის გამოც საქმე დროში ხანრძლივდება:

„სირთულე ისაა, რომ ამ ჩამოტანილ მასაში შეიძლება იყოს ადამიანების ცხედრები და, შესაბამისად, მაქსიმალური ყურადღებით და ნელი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ან ცხედრები არ დავაზიანოთ, ან ნაგავს არ გავატანოთ“.

სტიქიის ზონაში მოხვედრილი ქუჩების დასასუფთავებლად მოხალისეები 14 ივნისის დილიდან გამოჩნდნენ. დილიდანვე გმირთა მოედანზე მისულ მოხალისეთა რაოდენობამ მოსალოდნელს ბევრად გადააჭარბა. შიშველი ხელებით დაწყებული საქმე მოგვიანებით ნიჩბებით გაგრძელდა, მერე მომუშავე მოხალისეებს საკვებით და წყლით მომარაგების საქმეში ჩართული მოხალისეები შეუერთდნენ, მათ კი - ავტომანქანიანი მოხალისეები, რომელთაც დაზარალებულებისთვის შეგროვილი ტანსაცმელი, საკვები, ჰიგიენური საშუალებები მიჰქონდათ, საღამოს კი დაღლილი მოხალისეები მზიურიდან, გმირთა მოედნიდან და ზოოპარკიდან სახლებში მიჰყავდათ.

ის, რომ ტრავმების შემთხვევაში აუცილებელია ანტიტეტანური აცრის ჩატარება, მოხალისეებმა სტიქიის ზონაში მუშაობიდან მეოთხე დღეს მედიასაშუალებებიდან და სოციალური ქსელებიდან შეიტყვეს. 21 წლის თორნიკე ტატიშვილი სტიქიის მეორე დილასვე, 14 ივნისს, ჩაეწერა მოხალისედ და მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე 17 ივნისის ჩათვლით იმუშავა. მისი ძირითადი სამუშაო იარაღი ნიჩაბი იყო. ცერა თითზე ნიჩბის ტარისგან მიყენებული ჭრილობის გამო ტაშკენტის ქუჩაზე, „პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში“, თავის რიგს ელოდებოდა:

„პატარა დაზიანება მივიღე, არაფერია, მაგრამ მაინც, დაზღვევის მიზნით, აცრას ვიკეთებ. ეს, ალბათ, მუშაობისას ნიჩბისგან დამიზიანდა ხელი. ხელთათმანი არ მეკეთა, ისე ვმუშაობდი და ამის ბრალია“.

სექტემბრის შუა რიცხვებამდე იქ მოძრაობა უნდა აღდგეს. სხვა შემთხვევაში, როცა სექტემბერში ხალხი ქალაქში დაბრუნდება, ჩვენ მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს...
დავით ნარმანია

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ ყველამ, ვინც სტიქიის ზონაში მუშაობდა და სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ აცრილა ან არ ახსოვს თავისი ვაქცინაციის სტატუსი, აუცილებლად უნდა მიმართოს იმუნიზაციის ცენტრს. ანტიტეტანური ვაქცინის მარაგი საკმარისია.

20 ივნისს თბილისის მერიაში გამართულ უწყებათშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი ახალი გზის მონაკვეთი, თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე, რომელიც სტიქიამ დაანგრია, სექტემბრამდე ღდგეს. გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ:

„როგორც კი უახლოეს დღეებში ნაშალი მასალის გატანა და ტერიტორიის დასუფთავება დამთავრდება, ჩვენ მზად გვექნება შესაბამისი აღდგენითი პროექტები უბნების მიხედვით და სექტემბრის შუა რიცხვებამდე იქ მოძრაობა უნდა აღდგეს. სხვა შემთხვევაში, როცა სექტემბერში ხალხი ქალაქში დაბრუნდება, ჩვენ მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს".

შეხვედრაზე, სადაც სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და ექსპერტები პირველად შეიკრიბნენ, ვერეს ხეობის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე იმსჯელეს. გადაწყვეტილია ისიც, რომ ხეობაში წინასწარი შეტყობინების სისტემა დამონტაჟდეს, დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა კი უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილონ. მათ აღარც საბანკო დავალიანების გადახდა მოუწევთ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG