Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქია დასავლეთ საქართველოში


სტიქია ბათუმში
სტიქია ბათუმში

ათეულობით სახლი დაიტბორა გურიის სოფლებში. უხვი ნალექის გამო ოზურგეთის სოფელ ნატანებსა და შემოქმედში მდინარემ ხიდი წაიღო. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია შემოქმედის სკოლაში და ევაკუირებულია სამი ოჯახი. გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მძიმე ვითარების გამოსასწორებლად მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. უამინდობით გამოწვეულ მდგომარეობას ეხმაურება საქართველოს მთავრობა, შექმნილია კრიზისის მართვის ჯგუფი.

დასავლეთ საქართველოში, გადაუღებელი წვიმების გამო, მძიმე მდგომარეობაა. ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში მეწყერმა რამდენიმე ოჯახი გარემოს მოსწყვიტა. 4 -ბალიანი შტორმია ბათუმში, თუმცა, ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმი ამჯერად არ დატბორილა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გურიაში. დატბორილია ასობით ჰექტარი სახნავი მიწა და ათეულობით საცხოვრებელი სახლი. როგორც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ერთადერთი განსხვავება წინა წლებისგან ისაა, რომ მოსახლეობა მოსალოდნელი სტიქიის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული, თუმცა იმ პირობებში, როცა მულიციპალიტეტებში მხოლოდ თითო ტრაქტორი აქვთ, ძნელია ვითარებასთან გამკლავება:

„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ოზურგეთში, სადაც ცენტრალური გზებია დატბორილი, ქალაქის შესასვლელში მოძრაობა შეზღუდულია, ევაკუირებულია რამდენიმე ოჯახი, იმიტომ რომ მეწყერმა მათი სახლების დანგრევის საშიშროება შექმნა. მძიმე მდგომარეობაა სოფელ შემოქმედში. რამდენიმე ოჯახი იქიდანაც ევაკუირებულია, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ასევე პრობლემებია ლანჩხუთშიც, შეწყვეტილია სწავლა აკეთშიც, სადაც მდინარე ადიდდა. ზოგადად, პატარა მდინარეებია ადიდებული და კალაპოტიდან გადმოსული და დატბორილია საცხოვრებელი სახლები. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ჩოხატაურში. აქაც დატბორილია სახლები, მაღაზიები. საყანე ფართობები, პრინციპში, წაღებულია“.

ნატო გოგელიას თქმით, ყველა რაიონში შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტატები და ზარალის თაობაზე ინფორმაცია, ალბათ, მოგვიანებით იქნება ცნობილი.

მეტი ზარალი რაღა უნდა დაგვადგეს, მოსავლის გარეშე დაგვტოვა მთელი სოფელი. 2 მეტრის სიმაღლეზე მოდიოდა წყალი სკოლასთან და მეორე სოფლიდან მოვუარე, წელამდე წყალში ვიარე და ისე მოვედი სახლში...
თომა რამინაშვილი

ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედის მკვიდრი, 59 წლის თომა რამინაშვილი ამბობს, რომ მდინარე ჟუჟი ადრეც ადიდებულა, თუმცა ასეთი მასშტაბით არასდროს. სოფელი, რომელშიც 190 კომლი ცხოვრობს, 8 მოსახლის სახლი დაიტბორა და სწავლა შეწყდა სკოლაში. თომა რამინაშვილის სიტყვებით, ადგილზე საგანგებო ტექნიკაა მობილიზებული, რომ მთავარი ხიდი არ დაზიანდეს და მოსახლეობა გარესამყაროს არ მოსწყდეს:

„მეტი ზარალი რაღა უნდა დაგვადგეს, მოსავლის გარეშე დაგვტოვა მთელი სოფელი. 2 მეტრის სიმაღლეზე მოდიოდა წყალი სკოლასთან და მეორე სოფლიდან მოვუარე, წელამდე წყალში ვიარე და ისე მოვედი სახლში. ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მოსული, მაგრამ რას გიზამს ხელისუფლება, არაფრის გამკეთებლია. არა, რომელი ხელისუფლება იყო ჩვენ გვერდით, რომ ახლა ამათ გააკეთონ რამე?! სამი ტრაქტორი მუშაობს, კი, ამწუთასაც, რომ ცენტრალურ გზას მიხედონ, რომელსაც მდინარემ გამოუთხარა ძირი. ადრეც ადიდებულა მდინარე, მაგრამ ასე, ნახევარი საათით. ახლა განუწყვეტლივ წვიმდა და ხიდი რომ წაეღო, ჩვენ გარესამყაროს მოწყვეტილი ვიქნებოდით“.

გვიან ღამემდე გაგრძელდა ქუთაისში თათბირი საგანგებო შტაბში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ვითარება კონტროლირებადია და განსაკუთრებული გართულებები მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად არაკეთილსაიმედო ამინდის პროგნოზისა:

„მობიზილებულია ყველა რაიონული სამსახური, გვაქვს რეზერვი და, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, ძალების და საშუალებების გადასროლა ხდება გართულებული უბნების მიმართულებით. გვაქვს ცალკეული გართულებები ძირითადად გურიის რეგიონში, ოზურგეთში, და ეს შეეხება ზოგ შემთხვევაში წყალმოვარდნებს“.

როგორც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, სრულად არის მობილიზებული ყველა საჭირო ტექნიკა. სვანეთის გზაზე და დევდორაკის ხეობაში, სადაც მეწყერული ადგილებია, სპეციალისტების 24-საათიანი მორიგეობაა დაწესებული. საგანგებო შტაბის წევრები რეგიონებში - ზუგდიდსა და ანაკლიაში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმსა და სარფში - განაწილდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაინტერესდა დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარებით და მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან მოისმინა ინფორმაცია ზარალის მასშტაბების შესახებ.

კი, ძვირია, მაგრამ იმ მოსალოდნელ საფრთხეებთან და შემდეგ უკვე ზარალთან შედარებით, რასაკვირველია, იაფია. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ცივილური სამყარო ამ მეთოდებს იყენებს, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ ყურმოკვრით აქვთ გაგებული ...
ედიშერ კაცაძე

ამის თაობზე პრემიერის პრესსამსახური იტყობინება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის გიორგი კობერიძის განცხადებით, პრემიერის დავალებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბის მუშაობას კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე. სტიქიის ზონაში ვითარების ადგილზე გასაცნობად იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები.

საინჟინრო გეოლოგიის სპეციალისტი ედიშერ კაცაძე მიიჩნევს, რომ კავკასიაში, სადაც ყველა მდინარე ღვარცოფულია, საჭიროა მუდმივი მინოტორინგი და გეოდინამიკური პროცესების რუკა. სხვა შემთხვევაში მსგავსი კრიზისების თავიდან აცილება ყოველთვის გაჭირდება.

„კი, ძვირია, მაგრამ იმ მოსალოდნელ საფრთხეებთან და შემდეგ უკვე ზარალთან შედარებით, რასაკვირველია, იაფია. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ცივილური სამყარო ამ მეთოდებს იყენებს, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ ყურმოკვრით აქვთ გაგებული და ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ საუბრობენ ამაზე და, სამწუხაროდ, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმამდე ეს საქმე მიყვანილი არ არის“.

ბოლო ინფორმაციით კი, გურიაში წვიმა არ წყდება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG