ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 16:59

პოლიტიკა / საქართველო

არის თუ არა ლექტორების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი სისტემის კრიტიკა

მულტიმედია

აუდიო
11 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტთა ერთმა ნაწილმა ბოლო დროს უნივერსიტეტის რამდენიმე ლექტორის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი მორიგი აქციით გააპროტესტა. მათ არამხოლოდ სტუდენტებს, უნივერსიტეტის ლექტორებსაც მოუწოდეს არ შეეგუონ უსამართლობას. აქციას, რომლის მთავარი ლოზუნგებიც იყო  ”არა ბოლშევიზმს”, ”განათლება პოლიტიკის გარეშე”, ”გასაგდები კიდევ ბევრია?!”,  სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეუერთდნენ.

”პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ ათობით ლექტორს ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებიდან. ჩვენ, სტუდენტები, არ შევეგუებით ამ უსამართლობას”...

უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ 11 სექტემბერს სხვადასხვა სასწავლებლის ოცამდე სტუდენტმა ისევ გაშალა საპროტესტო პლაკატები. ამ აქციით, რომლის ორგანიზატორობაც ამჯერად ”დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ” ითავა, მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია  პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის თაობაზე:

”ჩვენ „არას“ ვეუბნებით ბოლშევიზმს, „არას“ ვეუბნებით უმაღლესი სასწავლებლების პოლიტიზებას. ჩვენი მშობლები ფულს წყალში არ უნდა ყრიდნენ. ვიღაცის ხუშტურებიდან გამომდინარე, ებრძვიან პროფესიონალ და ავტორიტეტულ ლექტორებს”...
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დევნაა, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, ნოდარ ხადურის შემთხვევა რომ ავიღოთ, საკუთარ პოლიტიკურ მრწამსს არ დამალავს და სწორედ ამის შემდეგ იშორებენ ...

„დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ლექსო კობაიძეს, აქციის მონაწილე სხვა სტუდენტების მსგავსად, ეჭვი არ ეპარება, რომ როგორც ლელა გაფრინდაშვილის, ისე ნოდარ ხადურის უნივერსიტეტიდან დათხოვნას   სწორედ პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა:

”ეს საერთო პრობლემაა. ლექტორებსაც მივმართავთ, რომ ჩვენს გვერდით დადგნენ და გააპროტესტონ მსგავსი ფაქტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დევნაა, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, ნოდარ ხადურის შემთხვევა რომ ავიღოთ, საკუთარ პოლიტიკურ მრწამსს არ დამალავს და სწორედ ამის შემდეგ იშორებენ, ან იგივე ლელა გაფრინდაშვილი, რომელიც უნივერსიტეტში ძალიან ავტორიტეტული ფიგურაა და რომელიც არასოდეს ერიდებოდა კრიტიკას.”

ნოდარ ხადურის და ლელა გაფრინდაშვილის მსგავსად, უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ამოეწურა უნივერსიტეტის კიდევ ერთ ლექტორს, დავით ნარმანიას, რომელიც ასევე ცნობილია თავისი კრიტიკული მოსაზრებებით ეკონომიკის სფეროში. უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიამ მის პოზიციაზეც სხვისი კანდიდატურა არჩია. დავით ნარმანიაც ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა სწორედ მისი საჯარო განცხადებები გახდა. მისთვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას რაიმე სახის მითითება ან შენიშვნა არ მიუცია, თუმცა ნარმანია იმასაც ამბობს, რომ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ უნივერსიტეტი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის მიერ კონტროლდება, მათ კი, ნარმანიას თქმით, მშვენივრად უწყიან ლექტორების პოლიტიკური თუ ზოგადად კრიტიკული შეხედულებების თაობაზე:

პოლიტიკური დევნა ნიშნავს დევნას იმ ადამიანებისას, რომლებიც არ არიან ხელისუფლების მხარდამჭერები და მნიშვნელობა არა აქვს ხარ თუ არა სხვა ვინმეს მხარდამჭერი. მთავარია, რომ შენ ხარ კრიტიკულად განწყობილი და შენ იწყებ კითხვების დასმას ...

”მე მგონია, რომ მთლად პირდაპირი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვფიქრობ, რომ რასაც ზოგადად ვლაპარაკობ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან, არ აწყობს მმართველ ძალას და ის ხალხი, ვინც ხელისუფლებას არ ასხამს ხოტბას, როგორც ჩანს, არ უნდა მუშაობდნენ საჯარო დაწესებულებებში.”

ლელა გაფრინდაშვილმა, რომელსაც უნივერსიტეტში გენდერის და სხვა საკითხებზე რამდენიმე სალექციო კურსი მიჰყავდა და რომელსაც საკონკურსო კომისიამ ასევე სხვა კანდიდატურა არჩია, მომხდარს უკვე დაარქვა თავისი სახელი -  პოლიტიკური დევნა:

”პოლიტიკური დევნა ნიშნავს დევნას იმ ადამიანებისას, რომლებიც არ არიან ხელისუფლების მხარდამჭერები და მნიშვნელობა არა აქვს ხარ თუ არა სხვა ვინმეს მხარდამჭერი. მთავარია, რომ შენ ხარ კრიტიკულად განწყობილი და შენ იწყებ კითხვების დასმას. მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის არც წევრი და მხარდამჭერი ან მაქებარი. მე ვარ ადამიანი, ვინც ღიად აკრიტიკებდა სისტემას, ძალადობას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით გამოშვება, მოხსნა კონკურსიდან და არა იმის გამო, რომ რომელიმე აკადემიური კრიტერიუმის საფუძველზე არ ვერგები კონკურსს.”

ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტში ბოლო დროს რამდენჯერმე შეიქმნა ვითარება, რომელსაც ლექტორების აღშფოთება უნდა გამოეწვია, მაგრამ მაშინ ღიად  სტუდენტების გვერდით არავინ დადგა. ეს ეხებოდა, მაგალითად, სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტთა იმ ჯგუფზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რომელმაც კონსტიტუციით გარანტირებული ქართულად სწავლის უფლების დაცვა მოითხოვა. მათ უნივერსიტეტს მოსთხოვეს ბიუჯეტიდან გარკვეული თანხების გამოყოფა საჭირო ლიტერატურის ქართულ ენაზე სათარგმნელად. ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ამ მოვლენების დროს ის სტუდენტების გვერდით დადგა, რაც ასევე ხელს არ აძლევდა ხელმძღვანელობას:

”მე ვიყავი ერთადერთი პროფესორი, რომელიც მათ უჭერდა მხარს ამ პროტესტის დროს, თან ღიად, და ვამბობდი, რომ ეს არ შეიძლება ხდებოდეს უნივერსიტეტში, რომ მართალია სტუდენტი, ვინც ითხოვს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, ქართულ უნივერსიტეტში ქართულ ენაზე სწავლებას. ასევე არ შეიძლება არსებობდეს პროფესორი, რომელიც ხმამაღლა, საჯაროდ, როდესაც უნივერსიტეტში ხდება რაღაც ძალადობა, არ იყოს ამის წინააღმდეგი და მე კი, როგორც ადამიანი, რომელიც უპირისპირდება რეჟიმს, ძალადობრივ სისტემას, მათი შეხედულებით, არის ადამიანი, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფოს, რეფორმას, რომელსაც მე დეფორმა დავარქვი და, ცხადია, არ აწყობთ ასეთი ადამიანი.”
რაც შეეხება ქ-ნ ლელა გაფრინდაშვილის საკითხს, მას შრომითი ხელშეკრულების ვადა 2012 წლის თებერვალში ეწურებოდა, რის შემდგომაც მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2011-2012 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრის ამოწურვამდე ...

ლელა გაფრინდაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ
უნივერსიტეტის პასუხი მისთვის ცნობილია: დაუწერელი სამართალი  აღსრულდა.  ახლა ის წერილობით პასუხს ელის, თუ ვინ გაიარა კონკურსი და ვინ ვერა, რის შემდგომაც შესაძლოა სასამართლოსავ მიმართოს:

”აუცილებლად გავასაჩივრებ ამ ამბავს. პირველ ეტაპზე მე შემიძლია საკონკურსო კომისიის და რექტორის სახელზე დავწერო საჩივარი და მოვითხოვო მათგან დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი, წინააღმდეგ შემთხვეაში კი, წავიდე სასამართლოში.”

უნივერსიტეტი ამ ამბებს გამოეხმაურა მხოლოდ ერთი ოფიციალური განცხადებით, რომელშიც წერია:

”რაც შეეხება ქ-ნ ლელა გაფრინდაშვილის საკითხს, მას შრომითი ხელშეკრულების ვადა 2012 წლის თებერვალში ეწურებოდა, რის შემდგომაც მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2011-2012 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრის ამოწურვამდე.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის საშუალება მიეცა ყველა მსურველს, მათ შორის ქ-ნ ლელა გაფრინდაშვილსაც. კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში. საბოლოო გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიღებს, რის შემდეგაც კონკურსის შედეგები შევა ძალაში. სურვილის შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება შედეგით უკმაყოფილო ყველა კონკურსანტს.
ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გააჩნია ინფორმაცია ლელა გაფრინდაშვილის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ და არც დაინტერესებულა ამ საკითხით. შესაბამისად, განცხადება მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.”

რადიო თავისუფლება 11 სექტემბერს სტუდენტების აქციის შემდგომაც ეცადა უნივერსიტეტის რექტორის ან რომელიმე ხელმძღვანელი პირისგან მოესმინა უფრო დეტალური პასუხი, თუმცა ამაოდ. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე უმაღლესი სასწავლებელი დამატებითი კომენტარებისგან თავს იკავებს, ხოლო განცხადებები პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის შესახებ აბსურდია.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: giorgis pasuxi საიდან გვწერთ: saqarTvelodan
17.09.2012 13:22
ბატონო გიორგი
ლექტორ-მასწავლებლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას მოწმობს:
ა) გათავისუფლებულთა შორის კრიტიკულად განწყობილი პირების სიმრავლე
ბ) მათ ნაცვლად, გამარჯვებული პირების არაკომპეტენტურობა

მე დარწმუნებული ვარ თავად ამ პირებს არაერთი უფრო წონიანი არგუმენტის დადება შეუძლიათ ამ ვერსიის გასამტკიცებლად, ზოგიერთი მათგანი კი სასამართლოში ჩივლის აპირებს

ეხლა რაც შეეხება უცხო ენების ცოდნას
არავინ არ დავობს აქ უცხო ენების მნიშვნელობაზე დღევანდელ მსოფლიოში...
მაგრამ,
იმას, რასაც თქვენ აბრალებთ ამ ლექტორებს, ეგ ლექტორების კი არა, არამედ განათლების სისტემის ხარვეზია!
ასევე, სტუდენტების ის ნაწილი ვინც აპროტესტებს უნივერსიტეტში გამეფებულ სიტუაციას და სასიკეთო ცვლილებებს მოითხოვს, ამ სტუდენტებს ნამდვილად არ აქვთ პრობლემები უცხო ენებთან დაკავშირებით, აკი ავღნიშნე წინა პასუხშიც, თქვენ (უცხო ენებში ასე გაწაფულს), რომელიც სწავლობთ თუ სწავლობდით გერმანიის უნივერსიტეტში, დღემდე ვერ გარკვეულხართ იმ ღირებულებებში რასაც გერმანული უნივერსიტეტები ატარებს და ზოგადად გერმანული განათლების სისტემა. სამაგიეროდ ცდილობთ ჭკუა ასწავლოთ სტუდენტებს, რომელთაც უკვე (გერმანიაში სწავლის გარეშე) თქვენზე მეტი გაეგებათ ამ საქმეში.
როცა სახელმწიფო მიზანმიმართულად არ ავითარებს განათლების სისტემას, ხელმისაწვდომს არ ხდის ინფორმაციას, ხელს არ უწყობს თარგმანებს (როცა ქვეყანაში მისივე მცდარი პოლიტიკის გამო, უცხო ენების სწავლება არის საკმაოდ დაბალ დონეზე), როცა სწავლა ყოველ წელს ძვირდება, ეს მიანიშნებს, რომ
სახელმწიფოს განათლება მიაჩნია ელიტის პრივილეგიად!
ხელს უწყობს ელიტასა და ჩვეულებრივ ქართველს შორის უფსკრულის გაჩენას და მის გაღრმავებას!
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, მიზანმიმართულად არ აძლევს კვალიფიციური განათლების მიღების საშუალებას, რათა კიდევ უფრო განამტკიცოს ელიტის ინტერესები, და საფრთხე არ შეუქმნას მას, კვალიფიცირებული კრიტიკის შემძლე პირებით!
განათლება სახელმწიფოსათვის არ წარმოადგენს ქვეყნის განვითარების აუცილებელ წინაპირობას!

ბატონ გიორგის შევახსენებ, რომ ის არ არის ერთადერთი ადამიანი საქართველოს რეალობაში ვინაც უცხოეთში მიიღო განათლება. გარდა პროფესიული განთლებისა არსებობს ასევე მინიმალურად საჭირო პოლიტიკური განათლება, რომელიც ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას აძლევს ადამიანს.
ბატონო გიორგი, სცადეთ სამსახურის პოვნა საქართველოსი, და ცოტა ხანი აქ მუშაობა (იმედს ვიტოვებ, რომ მთლად ჩამოსაწერი პიროვნებაც არ ბრძანდებით და სისტემასთან ახლოს გაცნობის შემდგომ, ცოტა სხვა თვალით შეხედავთ ცხოვრებას), და თუ კი თქვენ გადაწყვეტთ თქვენს ირგვლივ გამეფებული უსამართლობისა (თუ კი შეამჩნევთ მას) და არაკომპეტენტურობის შეცვლას, დამიჯერეთ მიხვდებით, რომ ამ ქვეყანას განათლება არ სჭირდება...
დააფასებთ ამ სტუდენტების მცდელობას შეცვალონ გარემო მათ ირგვლივ

გარდა ამისა, თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღეა იმას, რომ ქართულენოვანი პროფესიული ლიტერატურის მომხმარებელი მხოლოდ სტუდენტები არ არიან, საქართველოში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, ბევრი პროფესიონალია, რომელთაც ასაკი არ აძლევს საშუალებას უცხო ენების შესწავლისა, მაგრამ მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია საკუთარ პროფესიაში თანამედროვე ტენდენციების ცოდნას.
ასე, რომ სჯობს პრობლემას შეხედოთ სისტემურად, და არა პიროვნებების ჭრილში
უნივერსიტეტიდან გაგდებული ლექტორების დიდი ნაწილი, ცნობილი იყო სტუდენტებს შორის კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშემწყობად, და სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა, რომ ჯერ კიდევ არსებობს უნივერსიტეტში ხალხი, რომელთაც სისტემის ბრმად არ სჯერათ!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
12.09.2012 20:51
ჯავახიშვილში სწავლება ქართულ ენაზეა 70-80-იანებში გამოსული წიგნებით

ახალი ლიტერატურის შექმნის სახსრები არ გვაქვს, ქვეყანაში სადაც მეცნიერება არ არსებობს, სამეცნიერო წიგნი როგორ დაიწერება არ მესმის

ნაცვლად ინგლისურენოვანი წიგნების შემოტანისა, სჯობს თარგმანები და ორიგინალი უცხოური ლიტერატურა ერთდროულად მივაწოდოთ სტუდენტებს

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
12.09.2012 19:55
შუა საუკუნეების ევროპაში სტუდენტები ლათინურად სწავლობდნენ, ქართველ სტუდენტს (!) კი XXI საუკუნეში (!), ინტერნეტის, ტელევიზიის, ფილმის, პრესის, საჯარო ბიბლიოთეკების ეპოქაში არ შეუძლია უცხო ენის შესწავლა და პროფესორები ნაცვლად იმისა რომ თავში ხელში წაიშინონ, მხარს უბამენ უმეცრებას. ვაი ჩვენს პატრონს, ან როგორც ციცერონი იტყოდა : o tempora, o mores!

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
12.09.2012 18:46
@ nd

მაგ ლექტორებს კიდევ იმით დავსჯიდი რომ უკან მივაყოლებდი სტუდენტებს, რომლებმაც არცერთი უცხო ენა არ იციან და არც სწავლა არ უნდათ. პლიუს კიდევ იმათ, ვინც დროს პოლიტიკური აქციების ჩატარებაში კარგავს და სოცრეალიზმის ესთეტიკის მქონე პლაკატი აქვს გამოტანილი (მარქს-ენგელს-ლენინის ტიპის)

ავტორი: nd
12.09.2012 16:06
გიორგის კომენტარის მიხედვით მეც გამოვიტანე დასკვნა, მას სწორად მიაჩნია ლექტორების გათავისუფლება სამსახურიდან, იმიტომ, რომ ამ ლექტორმა მხარი დაუჭირა "ვიღაც სტუდენტების უკანონო" მოთხოვნას...
ისე, მაგ ლექტორებს კიდევ რითი დასჯიდით ბატონო ჩემო?

ავტორი: giorgi
12.09.2012 13:36
@ კომენტარების ავტორები

სტატიის თემაზე წერეთ თუ შეიძლება და არა off topic

1. რა არის დამამტკიცებელი საბუთი იმისა რომ ეს ლექტორები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს? იქნებ მართლა კონკურსში ვერ გავიდნენ?

2. იმ განხრაზე, სადაც მე ვსწავლობდი, საჭირო იყო ორი ცოცხალი უცხო ენის + ლათინურის კითხვის დონეზე ცოდნა(Lesekompetenz, reading skills) ოთხი სემესტრის დახურვის შემდეგ. საქართველოში უცხოენოვანი ლიტერატურის წასაკითხად საჭიროა მხოლოდ ერთი უცხო ენის ცოდნა და ამასაც ვერ აბავს თავს ზოგიერთი უსაქმური და უწიგნური, მაშინ როცა ბოლო სოფლის სკოლაშიც კი ერთი უცხო ენა მაინც ისწავლება (რუსული მაინც). ამ სტუდენტებმა საერთოდ ატესტატი როგორ აიღეს, თუ არცერთი უცხო ენა არ იციან პასიურად მაინც? ან მისაღებ გამოცდას როგორ აბარებენ უცხო ენაში? რა არის ამ გამოცდის მიზანი, თუ არა ის რომ შემოწმდეს აბიტურიენტების უნარი წაიკითხონ სამეცნიერო ლიტერატურა? აი ეს უნდა გააპროტესტოს სწავლის მოსურნე სტუდენტმა და არა ვიღაცეების მოძრაობები და ოცნებები.

3. გერმანიაში სწავლა ძირითადად გერმანულ ენაზეა, მაგრამ არსებობს მზარდი ტენდენცია ინგლისურენოვანი ფაკულტეტებისა და სემინარების. ბევრი უმაღლეს სასწავლებელს მთლიანად ინგლისურ ენაზე აქვს პროგრამები. კიდევ უფრო ინგლისურიზებულია განათლების სისტემა ჰოლანდიაში და სკანდინავიის ქვეყნებში.

@ ტუტუცი

ჯავახიშვილის უნივერსიტეტში რა ენაზეა სწავლება?

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
12.09.2012 10:31
ბატონ გიორგის მეც ვეტყოდი რომ გერმანიაში ყველა სამეცნიერო თუ არასამეცნიერო დისციპლინა ისწავლება გერმანულ ენაზე

ინგლისურად ისწავლება მხოლოდ მსურველთათვის და უცხოელი არაგერმანულ-ენოვანი სტუდენტებისათვის, და ამ ინგლისურ სწავლებაში საკმაოდ სოლიდურ დამატებით თანხასაც იხდიან სტუდენტები

ასე რომ საქართველოში რომ ქართულ ენაზე უნდა იყოს სწავლება მაგას ბევრი საუბარი არ სჭირდება

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
12.09.2012 09:15
ტენდენციური კომენტარების ავტორებისათვის "დღევანდელი ტირანები უფრო დახვეწილები არიან და დუმილი ან ჩაურევლობა ახლა უკვე უკვე არავის ეპატიება, ან მათი მომხრე უნდა იყო, ან მოწინააღმდეგე. ჰოდა თუ ასეა მოქიშპეთა ბანაკში მიგულეთ"-ა ლ ბ ე რ კ ა მ ი უ, "ხელოვანი და დრო" გვ.13 გამომცემლობა "ინტელექტი", თბილისი, 2011 წელი.
"მინდა ვემსახურო სამშობლოს და არა ჩემი სამშობლოს მთავრობას" გ ა ბ რ ი ე ლ გ ა რ ს ი ა მ ა რ კ ე ს ი. იქვე, გვ 137.

ავტორი: giorgis pasuxi საიდან გვწერთ: saqartvelodan
11.09.2012 22:19
ბატონო გიორგი
სამეცნიერო ლიტერატურის გასაცნობად ნამდვილად სასურველია მინიმუმ ინგლისურის ცოდნა...
მაგრამ, ნუ გავიწყდებათ, რომ იგივე გერმანიაში ძირითადი სახელმძღვანელოები გერმანულ ენაზე არსებობს და გარდა ამისა უამრავი უცხო ენების უფასო კურსები არსებობს უნივერსიტეტის ფარგლებში, სადაც სტუდენტს საშუალება აქვს ცოდნა გაიღრმავოს ან სრულებით ახალი ენა შეისწავლოს, ასევე დიდი ყურადღება ექცევა დარგობრივი ინგლისურის შესწავლას. ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ქართულ უნივერსიტეტებზე.
რაც შეეხება სტუდენტურ გამოსვლებს (სამეცნიერო ლიტერატურასთან დაკავშირებით), ვფიქრობ, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობთ ამასთან დაკავშირებით და ასე ხელაღებით რაიმეს გადაწყვეტა, მხოლოდ უცხოეთში "განათლებულ" ადამიანთა კატეგორიას შეუძლია...
საუბარი იყო გერმანული ASTA-ს მსგავსი ორგანიზაციის დაფინანსების არაგამჭვირვალე, უსამართლო სისტემაზე, რომელიც ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
ასევე სტუდენტების მოთხოვნა (თქვენგან განსხვავებით, ქართველი სტუდენტების დიდი ნაწილი, სწავლას საკუთარი სახსრებით აფინანსებს და სახელმწიფო დაფინანსება ამ დარგში მინიმალურია) თარგმანების დაფინანსების თაობაზე, წარმოადგენს აბსოლუტურად სამართლიან მოთხოვნას, რადგან წარმოუდგენელია უნივერსიტეტი მთარგმნელობითი სამუშაოების გარეშე. ხოლო განათლების გასავრცელებლად აუცილებელია აქტუალური სამეცნიერო ლიტერატურის არსებობა მშობლიურ ენაზე. მხედველობაში მისაღებია სტუდენტების სოციალური სტატუსი და წარმომავლობა, ინგლისურის შესწავლა დღემდე დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და ბევრი ოჯახისათვის ფუფუნებას წარმოადგენს.
თქვენი პოსტიდან გამომდინარე ეჭვი მაქვს, რომ გაგაჩნიათ ზედმეტად ზედაპირული ცოდნა გერმანიის უმაღლესი განათლების სისტემაზე და ნაკლებად იცნობთ იმ პროცესებს რაც უძღოდა წინ უნივერსიტეტების დემოკრატიზაციის პროცესებს. სტუდენტთა ამბოხს ხშირად გვერდს უმაგრებდნენ მემარცხენედ განწყობილი ლექტორ-მასწავლებლები. ასე იყო 2006 (თუ არ ვცდები) წელს, როცა გერმანიის უნივერსიტეტების დიდ ნაწილში სწავლა ფასიანი გახდა. ზოგადად გერმანულ უნივერსიტეტებში (ცალკეული ფაკულტეტების გარდა) ლექტორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის მემარცხენე განწყობაა, რასაც ვერ ვიტყვით თქვენს მსგავს ქართველ სტუდენტებზე, რომელთათვის გერმანულ უნივერსიტეტში სწავლა ელიტარულად აღიქმება, რაც როგორც ცნობილია ეწინააღმდეგება გერმანულ საუნივერსიტეტო პოლიტიკას (ელიტარული უნივერსიტეტები სხვა ტიპის ქვეყნებშია განლაგებული, სადაც ეჭვი მაქვს, რომ თქვენმა ოჯახმა შესძლოს თქვენი სწავლის დაფინანსება), რომელიც როგორც ცნობილია უმაღლესი განათლების მიღებას არ განიხილავს პრივილეგიად. ასრ, რომ გირჩევთ ბოდიშI მოიხადოთ ქართველი სტუდენტების წინაშე, რომლებიც სამართლიანი საქმისათვის იბღძოდნენ და თქვენზე უკეთ იცნობენ გერმანიის უნივერსიტეტების სისტემას.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
11.09.2012 21:57
გერმანიაში რომელ უნივერსიტეტში სწავლობდი გიორგი?

პასუხამდე გეტყვი რომ მაგ ქვეყანაში ჰიტლერის შემდეგ პარტიული კუთვნილების მიხედვით პროფესორებს და ლექოტრებს აღარ ანთავისუფლებენ

ავტორი: ანონიმი
11.09.2012 20:10
მართალი ბრძანდებით ჩემო გიორგი.

ავტორი: giorgi
11.09.2012 19:39
სტატიიდან ის დასკვნა გამოვიტანე რომ ეს ხალხი დამსახურებულად გაათავისუფლეს და პროტესტანტ სტუდენტებსაც თუ გაუკეთებენ ექსმატრიკულაციას, კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

P. S. გერმანულ უნივერსიტეტში სწავლისას აუცილებელია მინიმუმ ინგლისურის, ზოგ საგანზე კიდევ ერთი უცხო ენის ცოდნა. მიუხედავად იმისა რომ ჰუმანიტარულ საგანს ვსწავლობდი, მეხუთე სემესტრიდან სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა ძირითადად ინგლისურად მიწევდა. მიუხედავად იმისა რომ გერმანული თითქმის 100 მილიონი ადამიანის დედაენაა და ფინანსური სახსრებიც საქართველოზე მეტად მოიპოვება მთარგმნელობითი საქმიანობისათვის, სტუდენტების ან ლექტორების პროტესტი უცხოენოვანი ლიტერატურის წინააღმდეგ ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა.

სხვა მასალები

აუდიო თორნიკე რაზმაძე "დღის ცენტრის" შესახებ

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დღის ცენტრის მენეჯერი თორნიკე რაზმაძე.
გაგრძელება

აფხაზეთის ანექსია, ქართული სინერგია და კარასინის გამოძახილი

საქართველოში გადაიარა საპროტესტო ტალღამ და პირველმა ემოციურმა შეფასებებმა, რაც მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“ მოჰყვა.
გაგრძელება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 26 ნოემბერი, 2014 წ

რუსეთის ბეჭდურმა მედიამ აქტიურად გააშუქა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
გაგრძელება

აუდიო უშიშროება და დემოკრატია, გასაღებებით

პარლამენტმა 26 ნოემბერს ფარული მოსმენებისა და კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან წვდომის საკითხებთან დაკავშირებული კანონპროექტების იმ პაკეტის განხილვა დაიწყო.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული