Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა კედელი კარია. წერილი ნინა სუბლატს


ძვირფასო ნინა,

პირველად, შენ შესახებ ჩემი უფროსი დისგან შევიტყვე, რომელიც ექიმია და სამ შვილს ზრდის. ცოტა გამიკვირდა, რომ „ევროვიზიის“ კონკურსისთვის მოეცალა და დიდხანს უყურადღებოდ ვტოვებდი მის გზავნილებს, ჩემი უცხოელი მეგობრებისთვის მეთხოვა, რომ მხარი დაეჭირათ შენთვის. გულწრფელად რომ გითხრა, სანამ „ნეტგაზეთის“ სტატიას წავიკითხავდი შენი პრესკონფერენციის შესახებ, შენი გულშემატკივარი არც ვიყავი.

ჩემი აზრით, კარგი მომღერალი ხარ, არ გეგონოს, მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით გიჭერ მხარს. ბევრი ადამიანი სიმღერას და ხელოვნებას აცალკევებს ნამდვილი ცხოვრებისგან, მაგრამ, მგონი, მე და შენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, ვფიქრობ, განსაკუთრებით კარგი იმიტომაც ხარ, რომ იშვიათად მახსენდება შენსავით თავდაჯერებული და უშიშარი მომღერალი. იმედი მაქვს, შენი კარიერის გასაგრძელებლად ამ სულისკვეთების ჩახშობა არ მოგიწევს, უფრო სწორად, თავისუფლების ჩახშობას ვერავინ მოახერხებს, თუ ეს შენ თვითონ არ მოგინდა. რაც, დარწმუნებული ვარ, არ მოხდება.

„ევროვიზია“ არ ყოფილა ერთადერთი ადგილი, სადაც წინა კვირას ჩვენმა ქვეყანამ ვერ გაიმარჯვა. შემეძლო მეთქვა, მარცხი განიცადა-მეთქი, მაგრამ მაშინ სწორედ შენი სიმღერის სულისკვეთებას შევეწინააღმდეგებოდი. რიგის სამიტზე 2016 წლისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მონიჭების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღეს. თუმცა, თუ ვიშრომებთ, შემოდგომაზე აუცილებლად მივაღწევთ მიზანს.

ქართველი პოლიტიკოსების „ახსნა-განმარტებებიდან“ ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი ეს ორი წინადადება იყო: პირველი − „ევროპამ თუ რაღაცით არ დაგვაინტერესა, რუსეთი აქ არის“; მეორე: „უვიზო მიმოსვლას ისედაც არ ველოდით.“

მოდი, განვიხილოთ ეს ორი პოზიცია:

ევროპამ თუ რაღაცით არ დაგვაინტერესა, რუსეთი აქ არის.

გულწრფელად გითხრა, გაოგნებული ვარ ჩვენი ხალხის მოკლე მეხსიერებით: ევროპას და რუსეთს − ორ სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო სივრცეს − ერთმანეთს როგორ ვადარებთ?! მაინც, რით უნდა დაგვაინტერესოს რუსეთმა? რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საშინელი სიტუაციაა, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან, ქსენოფობია ყვავის... ამას მოწმობს თუნდაც 2006 წელს ქართველების კოლექტიურად გამოძევების ფაქტები (ნუ გეშინია, ამის გამო რუსეთს ევროპის სასამართლოში ვუჩივლეთ და მოვიგეთ კიდეც), „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს ახლა ემატება კანონი „არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციების“ შესახებ და განსხვავებული აზრის და ამ აზრის ირგვლივ ხალხის გაერთიანება და საქმიანობა რუსეთში თითქმის შეუძლებელი გახდება. გარდა ამისა, რუსეთის ბაზრისკენ ასეთი თავგამოდებული სწრაფვა, მაშინ როდესაც მოსკოვის ემბარგომ ასეთი დარტყმა მოგვაყენა თავის დროზე, არანორმალურად არ გეჩვენება? ჩემი აზრით, ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთის განხილვა ევროპის საპირწონედ ჩვენი ისტორიის, გამოცდილების და არცთუ უმნიშვნელო პროგრესის უგულებელყოფაა. რაც შეეხება ევროპის დაინტერესებას, მე მგონია, რომ, პირველ რიგში, ჩვენი ინიციატივა და ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მისი დაინტერესება. ჩვენ უამრავი მხარდამჭერი გვყავს ევროპაში, რომლებიც კი არ უნდა დავკარგოთ, არამედ გავაძლიეროთ, და მათი რიცხვი უნდა გავამრავლოთ. ვფიქრობ, ევროპისთვის ბევრი რამის გაზიარება შეგვიძლია და ევროპაც მზად არის, საკუთარი წილი გაგვიზიაროს.

უვიზო მიმოსვლას ისედაც არ ველოდით.

მე ძალიან მინდა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გვქონდეს 2016 წლიდან. წელს ჩემი მშობლების ქორწინებიდან 45 წელი გავიდა, 45 წლის წინ ისინი ესტონეთში, ტალინში წავიდნენ საქორწინო მოგზაურობაში. ვფიქრობდი, კარგი იქნებოდა, თუ ჩემი მშობლები მომავალ წელს მაინც შეძლებდნენ ტალინში უვიზოდ წასვლას და იუბილის აღნიშვნას. არასდროს მიფიქრია, რომ ჩვენი ქვეყანა უვიზო მიმოსვლას არ იმსახურებდა, ყოველთვის უსამართლობად მიმაჩნდა ევროპაში „მოღვაწე“ კრიმინალური დაჯგუფებები რომ წარმოადგენენ ჩემს ქვეყანას, მაგრამ, რას იზამ, განზოგადებებს ვერსად გავექცევით. მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია, ეს სურათი უკეთესისკენ შევცვალოთ.

გასულ კვირაში, ორგანიზაცია საქართველოს ბავშვების მიწვევით, ტრენინგი მქონდა სახელმწიფო ზრუნვის სიტემიდან გამოსულ ახალგაზრდებთან. ტრენინგის დასაწყისში „ყინულის გალხობის“ სავარჯიშო გავაკეთეთ და ყველას ვთხოვე, დაესახელებინათ ერთი ოცნება და მიზანი, რომლის განხორციელების შემთხვევაში იფიქრებდნენ, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიეს. ყველამ (აბსოლუტურად ყველამ!) განათლების მიღება დაასახელა. მართალი გითხრა, ძალიან გამიხარდა, რომ 18-20 წლის ახალგაზრდებს ასე კარგად ესმით ხარისხიანი განათლების მნიშვნელობა. მაგრამ ცოტა დავსევდიანდი კიდეც: ჩემთვის განათლება ადამიანის უფლებაა, უფლებები კი ის საბაზისო პირობებია, ურომლისოდაც ადამიანი ღირსეულად ვერ განვითარდება და შესაბამისად, ის ოცნება კი არა, რეალობა უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის და ახალგაზრდისთვის. სწორედ ამ ახალგაზრდებს ვუთხარი რომ, თუ გვინდა, ამქვეყანად რამე შევცვალოთ, განათლებასთან ერთად გამბედაობა და საკუთარი თავის რწმენაც გვჭირდება. ალბათ, გაგიგია ერთი ლათინური გამონათქვამი, Audentes fortuna iuvat − ბედი მათ სწყალობს, ვინც გაბედულია. როგორც ჩანს, გაბედულება და სითამამე ოცნებაშიც გვჭირდება. სწორედ ეს გადააქცევს ოცნებებს მიზნებად და სწორედ ამის შემდეგ ვიწყებთ დაუღალავ შრომას. მე მგონი, ახლა ზუსტად იმას აღვწერ, რაც შენ გააკეთე „ევროვიზიისთვის“. ჩემი აზრით, შენს შრომასთან ერთად, შენმა სითამამემ გაქცია მებრძოლად, მებრძოლები კი ასე იოლად არ ნებდებიან. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც პოლიტიკოსებმაც და, საერთოდ, ყველამ შენგან უნდა ვისწავლოთ.

ჰო, მართლა, გირჩევ, ნახო დერეკ სივერსის ეს ვიდეო. აქ ის ამბობს, რომ ზოგჯერ ადამიანი მიზანს იმიტომ ვერ აღწევს, რომ მასზე განუწყვეტელი საუბარი კმაყოფილებისა და მიზნის მიღწევის ცრუ განცდას უჩენს. ქალების მიმართ ძალადობა, რამაც ბოლო დროს განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი, სწორედ ერთ-ერთი ასეთი საკითხია. ამაზე ყველა ლაპარაკობს, ათასგვარ დოკუმენტს ადგენენ, ათას შიდა თუ საერთაშორისო ვალდებულებას იღებს სახელმწიფო (რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია), ყველა ვაქტიურობთ და ვმსჯელობთ ყველგან, სადაც შეგვიძლია. ამაზე მსჯელობა კი, მგონი, გვიჩენს ცრუ განცდას, რომ წინ მივდივართ. არადა, სიტყვას საქმის გარეშე აშკარად უკან მივყავართ. გუშინ ჩხოროწყუში ქმარმა დანით მოკლა 34 წლის ცოლი, ერთი კვირის წინ ქობულეთში ქმარმა ცოლს ცული ჩაარტყა. ვიცი, ძალიან მძიმე თემას შევეხე, მაგრამ შენ ხომ ამბობ, რომ ფემინისტი ხარ, თანაც მებრძოლი ფემინისტი, შესაბამისად, შეგიძლია, თვალი გაუსწორო რეალობას. ზოგჯერ საქართველოში ფემინიზმი ქალებისთვის პრივილეგიების მონიჭების სურვილი ჰგონიათ, არადა, ჩვენ რასაც ვითხოვთ, ჩვენი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თანასწორობის და სხვა უფლებების უზრუნველყოფაა, მეტი არაფერი. ხშირად შეგეკითხებიან შენც: „არ მოგბეზრდა ეს თემა?“ და მე გირჩევ, უპასუხო: „ეს იგივეა, ცურვა მოგბეზრდეს, როცა იხრჩობი.“

და ბოლოს, ალბათ ფიქრობ, რა თავსატეხი იმალება ამ წერილის სათაურში. ეს სიტყვები რალფ უოლდო ემერსონს ეკუთვნის, მე-19 საუკუნის ამერიკელ პოეტსა და ფილოსოფოსს. ჩემთვის ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ნამდვილი მებრძოლებისთვის ყველა დაბრკოლება და, თუნდაც, ყველა მარცხი (მოდი, ვახსენოთ ეს სიტყვაც) ახალი შესაძლებლობაა. მჯერა, შენ ეს იცი და იმედი მაქვს, შენგან ამას ჩვენი ქვეყანაც ისწავლის.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG