Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსებობის უფლება - თანაბარი შესაძლებლობა


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს საქართველოში უამრავი პრობლემა ექმნებათ: სრულფასოვანი განათლება, ქუჩაში გადაადგილება და, უბრალოდ, ხალხთან თავისუფლად ურთიერთობა მათ უმრავლესობას შეზღუდული აქვს, რაც უმთავრეს პრობლემას, ჩაკეტილობას, იწვევს. 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეა და, როგორც სხვა მსგავსი დღეები, ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. ეს დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონცერტით აღინიშნა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა და მათი უფლებების დამცველებმა კიდევ ერთხელ ილაპარაკეს იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც ქვეყანაში ამ კუთხით არსებობს.

დათო ყვირილიანი ტელეფონში ჩაწერილ სპეციალურ აპლიკაციას ხმას უწევს, რომ ბრძანებები უკეთ გაიგოს. ეკრანის დანახვა არ შეუძლია, მაგრამ ეს პროგრამა საშუალებას აძლევს დარეკოს, შევიდეს სოციალურ ქსელში... მოკლედ, სრულფასოვნად გამოიყენოს ტელეფონი.

მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია ძალიან ეხმარება, დათო ყვირილიანისთვის ეს პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილს აგვარებს. მან მხედველობა რვა წლის ასაკში დაკარგა და მას შემდეგ განიცდის ყველა იმ დაბრკოლებას, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ექმნებათ:

„სამი ათას ხუთასი წევრია უსინათლოთა კავშირში და აქედან სულ 115-მდე შეზღუდული შესაძლობლობის მქონე ადამიანი ვართ დასაქმებული. დანარჩენები პენსიაზე და სოციალურ დახმარებაზე არიან დამოკიდებული“.

როგორც დათო ყვირილიანი ამბობს, თვითონ კარგი მაგალითია იმისა, რომ უსინათლო ადამიანებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვა შეუძლიათ, თუ ამის ხელშეწყობა იქნება:

ბოლნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ბოლნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

„დღეს ტექნოლოგიები იმდენად არის განვითარებული, რომ ტრენინგების მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი ყველაფერს გააკეთებს. უბრალოდ, ერთი მომენტია უსინათლოების შემთხვევაში - ცოტა მეტი დრო სჭირდებათ“, - ამბობს, ხელზე რეზინით დამაგრებულ ჯოხს შლის და ბოლნისის თეატრის ფოიეში შეკრებილთა შორის გზას იკვლევს. ცოტა ხანში აქ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი უნდა გაიმართოს - მანამდე კი მოხალისეები იასამნისფერი ლენტებით გულსაბნევებს ამზადებენ:

„ეს ლენტები გამოხატავს სოლიდარობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ“, - განმარტავს ერთ-ერთი მოხალისე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტი რუსუდან მეცხოვრიშვილი.

პარალელურად, სცენაზე ხმის რეჟისორები აკუსტიკას ამოწმებენ, მოცეკვავეების გუნდი კი ბოლო რეპეტიციას გადის.

ბოლნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ბოლნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ასეთი ღონისძიება ყოველ სამ დეკემბერს ბოლნისში, უკვე მესამე წელია, იმართება. ორგანიზატორი პაატა გოგშელიძეა, რომელიც ეტლით გადაადგილდება. თეატრთან მანქანით მოიყვანეს და ორი კაცის დახმარება დასჭირდა იმისათვის, რომ ავტომობილის სავარძლიდან ეტლზე გადამჯდარიყო. შემდეგ კი თეატრის ხუთსაფეხურიან კიბეზე, რომელსაც პანდუსი არ აქვს, ისევ რამდენიმე ადამიანის დახმარებით ავიდა. როგორც ამბობს, უნდა ამ ღონისძიებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემები წინ წამოსწიოს:

„არ არის ადაპტირებული გარემო, ჩვენთვის არ არის სარეაბილიტაციო ცენტრები ხელმისაწვდომი, სწავლა-განათლების საკითხი, დასაქმების საკითხი, სპორტული აქტივობა, ადაპტირებული ტრანსპორტი. ეს ყველაფერი იწვევს ჩვენს სახლში ჩაკეტილობას და დისკრედიტაციას“.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე 1992 წლიდან აღინიშნება. გია ჯვარშეიშვილი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ვიმეგობროთ“, ამბობს, რომ მსგავს დღეებს ინფორმაციული ხასიათი აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოება და მედია უფრო აქტიურად ჩაერთოს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემებს კარგად გაეცნოს:

ბოლნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ბოლნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

„დღეს ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან კარგ ინკლუზიურ საზოგადოებას. ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც, შეიძლება, ვერ ესაუბრებიან ერთმანეთს, შეიძლება ამ წამს ერთმანეთთან კონტაქტი არ შეუძლიათ, მაგრამ სოციალური ქსელით ეკონტაქტებიან ერთმანეთს და დღეს ფიზიკურად ერთმანეთის ნახვა უხარიათ. თუნდაც ამიტომაცაა დღეს ჩემთვის ძალიან თბილი დღე“.

როგორც გია ჯვარშეიშვილი ამბობს, ბარიერი უნდა დაირღვეს არამარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე ადამიანებს შორის, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებს შორისაც. თუმცა პრობლემის მოგვარება, მისი აზრით, სახელმწიფოს ჩარევით იწყება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი მაია ბუჩუკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის განკუთვნილ სახელმწიფო პროგრამებზე საუბრობს:

„ყველა პროგრამა - ჯანმრთელობის იქნება თუ სოციალური - ეკუთვნის უყველა მოქალაქეს, მათ შორის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მაგრამ, გარდა ამისა, არის პროგრამა, რომელიც უშუალოდ ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მას ჰქვია ბავშვზე ზრუნვისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა".

როგორც მაია ბუჩუკური ამბობს, ამ პროგრამას აქვს ქვეპროგრამებიც, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 19 მილიონ ლარზე მეტია.

ბოლნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ბოლნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

თუმცა სახელმწიფო სერვისები ყველასათვის მისაწვდომი არ არის. დათო ყვირილიანს აგვისტოში თვალის პროთეზის გამოცვლა დასჭირდა. პროთეზი 400 ლარი ღირს და მან დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა უშედეგოდ:

„მითხრეს, რეფერალური დაზღვევა გაქვს, ამიტომაც კომისიამ პრიორიტეტად სხვა დაგეგმილი ოპერაცია მიიჩნია და ამის გამო გითხრეს უარიო“.

გია ჯვარშეიშვილი კი ამბობს, რომ ამ სახელმწიფო პროგრამების მთავარი პრობლემა არათანმიმდევრულობაა, რის შედეგადაც, წლიდან წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემა გადაუწყვეტელი რჩება.

„სამწუხაროდ, იმ სამთავრობო სამოქმედო გეგმით, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ დგება, ერთი, ცალკე აღებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ამ სიკეთეს ვერ გრძნობს. როგორც კი დაიდება გეგმა ა-დან ჰ-მდე, ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას, რადგან ეს იქნება დროში გაწერილი და ეფექტური“.

ერთ-ერთი სახელმწიფო პროგრამა ქვეყანაში არის დღის ცენტრები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ემსახურება. მათ შორისაა ბოლნისის დღის ცენტრიც, რომელიც 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვისაა გათვლილი. იზოლდა ხელისუფალი ამ დღის ცენტრის არტთერაპევტია. 3 დეკემბერს გამართულ კონცერტზე მან ბენეფიციარების ნამუშევრები გამოფინა:

„ეს ბავშვების ნამუშევრებია. ძირითადად, მუშაობენ პასტელზე, აკვარელზე... აბსტრაქტულ ნახატებს აკეთებენ...“

ბოლნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ბოლნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

მაგიდის თავზე, სადაც ნახატებია დალაგებული, წარწერაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილი - „თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლოები“. როგორც იზოლდა ხელისუფალი ამბობს, 7 წლის წინ, მეზობლად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთან ჰქონდა ურთიერთობა და მას შემდეგ გადაწყვიტა მუშაობა ამ კუთხით გაეგრძელებინა.

„ამ სფეროში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ძალიან მიყვარს. ესენი ძალიან ალალი, უბოროტო ბავშვები არიან და ერთმანეთზე ზრუნავენ... ჩემთვისაც“.

ღონისძიების ორგანიზატორი პაატა გოგშელიძე ამბობს, რომ დღის ცენტრის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამას ერთი ნაკლი აქვს: ბოლნისის დღის ცენტრი მხოლოდ 18 წლამდე ადამიანებისათვის არის გათვლილი, უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი კი, ამ სერვისის მიღმა რჩება. ამაზე მან კონცერტის დასაწყისში თავის მიმართვაშიც გაამახვილა ყურადღება:

ბოლნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ბოლნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

„საერთოდ, არავის ვახსოვართ და ეს ძალიან სამწუხაროა. მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, არ ვართ საცოდავები. ჩვენ ვართ თანაბარი ადამიანები, გარდა ერთი პრობლემისა, და ეს პრობლემაც არ იქნება, თუ ჩვენ ყველა შესაძლებლობა გვექნება“.

ეს შესაძლებლობები კი, პირველ რიგში, ადაპტირებულ გარემოს გულისხმობს - გარემოს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ექნებათ საკუთარი ადგილის დამკვიდრების საშუალება, სადაც თავისუფლად შეძლებენ ჰქონდეთ ურთიერთობა როგორც ერთმანეთთან, ასევე საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან.

XS
SM
MD
LG