Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიას სამინისტროს მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ


თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა თავდაცვის მინისტრის მოადგილეების წინადადება თავდებში ჩადგომის თაობაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი მილიონების გაფლანგვის საქმე 30 ოქტომბერს დახურულ სხდომაზე განიხილებოდა. ადვოკატების თქმით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სრულფასოვანი დაცვის უფლებით, რადგანაც დაცვის მხარეს საქმის მასალები არ გადაეცა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იზიარებს დაკავებული მაღალჩინოსნების სხვა ადვოკატების პროტესტს იმის გამო, რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მოტივით, დაცვის მხარეს უარი უთხრა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ასლების გადაცემაზე. საიას მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ”პროკურატურის ეს პოზიცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს”. ამავე განცხადების თანახმად, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობაშიც. საუბარია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 და 83-ე მუხლებზე. ამ უკანასკნელის მოთხოვნას თავის კომენტარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძეც განმარტავს:

”ბრალდების მხარე ვალდებულია ნებისმიერ ეტაპზე და სტადიაზე დაცვის მხარეს გადასცეს საქმის მასალები. ეს პირდაპირ წერია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესში, ხოლო ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ გადაცემა არ მოხდება, მაშინ ყველა ასეთი მტკიცებულება არის დაუშვებელი, ანუ, ფაქტობრივად, სასამართლომ დაუშვებლად უნდა ცნოს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება ამ საქმეზე”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალდების მხრიდან კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა გამოვლინდა 28 ოქტომბერს, ბრალდებულთა დაკავების დღეს, ”როდესაც ადვოკატს რამდენიმე საათის განმავლობაში უკანონოდ არ უშვებდნენ ბრალდებულებთან შესახვედრად”.

თავდაცვის სამინისტროს 28 ოქტომბერს დაკავებულ 5 თანამშრომელს ბრალი 29 ოქტომბერს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის II და III ნაწილების შესაბამისად წაუყენეს, რაც 7-დან 11-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე შეეხება 2013 წელს განხორციელებულ უკანონო სახელმწიფო შესყიდვას, რომლის შედეგადაც დაკავებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტით აზარალეს. გამოძიება ირწმუნება, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის მიზნით დაწყებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა ”მიიღეს ყველა ზომა”, რომ, უპირატესობის მინიჭებითა და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით”, სს „სილქნეტს“ მოეპოვებინა გამარჯვება გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვაში.

იგი არ უნდა გადადგეს, რადგანაც არის ძალიან წარმატებული მინისტრი და ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ გუშინ (29 ოქტომბერს) ნატოს გენერალურმა მდივანმა სწორედ თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მისცა ძალიან მაღალი შეფასება...
მაია ფანჯიკიძე

30 ოქტომბერს სს „სილქნეტმა“ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ის პროტესტს გამოხატავს გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ”მაშინ როცა საქმე ჯერ კიდევ გამოძიების საწყის სტადიაზეა და მას საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული”. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ”ნებისმიერი გაუფრთხილებელი სიტყვა და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც მასმედიით გადაიცემა, აზიანებს კერძო კომპანიის რეპუტაციას და ხელს უშლის მის შემდგომ განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ, აზიანებს საერთო ბიზნესგარემოს ქვეყანაში.” ”სილქნეტი” ირწმუნება, რომ საიდუმლო გრიფის მოხსნის შემთხვევაში, ”კიდევ ბევრი დეტალი გახდება ცნობილი, რაც დაადასტურებს, რომ „სილქნეტის“ მიერ ტენდერში წარდგენილი წინადადება საუკეთესო იყო ფასისა და მომსახურების გაწევის ჭრილში”.

მეტი გამჭვირვალობისთვის საქმისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნა თავდაცვის სამინისტრომაც მოითხოვა 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. იმ დღეს უწყებამ, გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნის გარდა, მომხდარის გამო გარკვეული უკმაყოფილებაც გამოხატა. თავდაცვის მინისტრს, რომელიც, ნატოსთან საქართველოს დაახლოების მიზნით, ევროპულ ტურნეში იმყოფება, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ირაკლი ალასანია არავითარ შემთხვევაში არ გადადგება. ეს საკითხი არც კი განიხილება, - ამ სიტყვებით ეხმაურებიან თანაგუნდელები შეკითხვას იმის თაობაზე, აპირებს თუ არა მინისტრი გაინაწილოს პასუხისმგებლობა ხელქვეითების სავარაუდო კორუფციული დანაშაულის გამო. არგუმენტებად ძირითადად მინისტრის წარმატებული საქმიანობა სახელდება. სწორედ ამ არგუმენტს ეყრდნობა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც:

ეს საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის და თუ დადასტურდა, რომ კონკრეტული პირებისადმი წაყენებული ბრალდება მართალია, ამას ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს ყველას მხრიდან, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული...
დავით უსუფაშვილი

”იგი არ უნდა გადადგეს, რადგანაც არის ძალიან წარმატებული მინისტრი და ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ გუშინ (29 ოქტომბერს) ნატოს გენერალურმა მდივანმა სწორედ თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მისცა ძალიან მაღალი შეფასება”.

ეს საქმე ”ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება როგორც ერთი მორიგი საქმე”, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა ასევე, რომ ამ საქმეს, სიმართლის დადგენისა და დამნაშავეთა დასჯის მიზნით, პარლამენტი ბოლომდე მიჰყვება ”ყველა შესაძლო ბერკეტის” გამოყენებით. დავით უსუფაშვილი თვლის, რომ ”სერიოზული ზიანი” უკვე მიადგა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო სფეროს - ”ან ამ დანაშაულის ჩადენით, ან დანაშაულში უსაფუძვლო ბრალდებით”. ამიტომ დამნაშავეებმა ორივე შემთხვევაში უნდა აგონ პასუხი:

”ეს საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის და თუ დადასტურდა, რომ კონკრეტული პირებისადმი წაყენებული ბრალდება მართალია, ამას ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს ყველას მხრიდან, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ხოლო თუ დადასტურდა, რომ ბრალდება საფუძვლიანი და მართებული არ არის, მაშინ იმ ადამიანების სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ეს საქმე წამოიწყო”.

30 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრისა და მისი გუნდის მიმართ სრული ნდობა გამოხატა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. ელჩის თქმით, გამოძიება სრულფასოვნად უნდა წარიმართოს - სამართლიანი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG