Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბაბულია, დაი ჩუჩუტ სემიჩკუ“


ავტორი: დარინა ქამადაძე

აწმყო ფოტო ფირია, დრო - ფოტო-საბეჭდი მანქანა, რომელიც ყველაზე მკვეთრ კადრებს ბეჭდავს და ინახავს. მეხსიერება სწორედ ამ გადარჩენილი კადრების საცავია. ფოტოგრაფია კარგია, ფანტაზიის უნარს აღვივებს. მაგალითად, ფოტოზე ვხედავთ პარკში, სკამთან მდგომ ქალს და შეგვიძლია თავად გადავწყვიტოთ, ეს ქალი მისკენ მომავალ კაცს ჩაეხუტება, გაქცეულ ძაღლს გაედევნება, თუ ისევ სკამზე დაჯდება. დაახლოებით, ასეთივეა ღრმა ბავშვობასთან დაკავშირებული მეხსიერება. ჩვენ გვახსოვს კადრები, რომელთაც ხანდახან, უკვე ზრდასრულები, ჩვენივე სცენარით ვავითარებთ და ახლებურად ვიმახსოვრებთ, მაგრამ არსებობს კადრები, ისეთი მკვეთრი და ისეთი ცხადი, რომ უფლებას არ გაძლევს რამე შეცვალო, ან ჩაამატო. რამდენიმე ასეთ, თავისთავად კადრს შორისაა ბაბულია.

არ მახსოვს რა ერქვა, არც ის მახსოვს სახეზე როგორი იყო. საშუალოზე დაბალი, არც მსუქანი ეთქმოდა და არც გამხდარი, ჟოლოსფერი ორნამენტებიანი ხალათი ეცვა და თავსაფარი ეფარა. გამოიტანდა ხოლმე კორპუსის წინ, ქუჩის მხარეს ორ სამფეხას, ერთზე თავად ჯდებოდა, მეორეზე მზესუმზირით გავსილი ემალის ჭურჭელი, პატარა ჭიქა და ძველი წიგნებიდან ამოხეული, გაყვითლებული ქაღალდებით გაკეთებული მზესუმზირის კოლოფები ეწყო. მაშინ მზესუმზირა ჭიქა 5 თეთრი ღირდა და არ ვიცი რატომ არასდროს მოგვსვლია თავში აზრად, რომ ეს ხუთი თეთრი მშობლებისთვის გვეთხოვა და ბაბულიას მზესუმზირა პატიოსნად გვეყიდა. ამის სანაცვლოდ ლამის ყოველდღე, ურცხვად ხელგაწვდილი ვიდექით და განსაკუთრებული ჯადოქრობით მოხალულ შავ მარცვლებს ვითხოვდით - „ბაბულია, დაი ჩუჩუტ სემიჩკუ“. მარად ღიმილიანი ბაბულიაც, პატარა მუჭებს მზესუმზირით გვივსებდა და თან ჩვენთვის გაურკვეველ საალერსო სიტყვებსაც გვჩუქნიდა. არ მახსოვს ვინ გვასწავლა ეს ტექსტი, მაგრამ ბაბულიას მცირე ბიზნესის სარგებელზე რომ არ უფიქრია, ფაქტი იყო. ბაბულია კიდევ კანფეტებს გვჩუქნიდა. პირადად მე არ მომწონდა გაზეთის მსგავს, არაპრიალა ქაღალდში გახვეული, თითქოს, ხრეშისგან დამზადებული კანფეტი, მაგრამ უარი არასოდეს მითქვამს. ბაბულიას ხომ სპეციალურად ჩვენთვის ჰქონდა ეს, ვინ იცის როდინდელი , „ნუგბარი“ გადანახული. კიდევ ერთი ფრაზა მქონდა სპეციალურად ბაბულიასთვის ნასწავლი - „ზდრასტვუიწე ბაბულია“ და მის ყოველ გამოჩენაზე შორიდანვე დავძახებდი, რომ თავად არ დაესწრო და ზრდილობაში არ ეჯობნა.

ბაბულიას გარდაცვალების დრო და ვითარება არ მახსოვს, არც მის გარდაცვალებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული განცდები მახსენდება. როგორც ჩანს, დანაკარგის არსში წვდომისთვის მეტისმეტად პატარა ვიყავი. ახლა მაკლია, ახლა სახლში დაბრუნებულს ყველა ის ადამიანი მაკლია, ვინც ჩემი მეხსიერების საცავში მკვეთრ კადრებად ინახება.

ბაბულიას კორპუსში კიდევ ერთი, კეთილი და ბაბულიასავით კანფეტებით მომმარაგებელი ქალი, კლარა ბებია ცხოვრობდა, მაგრამ გარეთ იშვიათად გამოდიოდა, ამიტომ დიდად არ მახსოვს. სამაგიეროდ, მახსოვს მისი ქმარი, მიშა ბაბუა. აი, მიშა ბაბუა ხშირად გამოდიოდა გარეთ და ყოველი გამოსვლა იწყებოდა და მთავრდებოდა ყვირილით, საყვედურით და მუქარით, რომ წყალთან აღარ მიგვიშვებდა -„კრანს რატომ უშვებთ ბაღნებო. თუ უშვებთ, რატომ არ კეტავთ. მოშორდით აქედან“. არც მიშა ბაბუას გარდაცვალება მახსოვს.

ეს რაც შეეხება მოპირდაპირე კორპუსის წასულ თაობას. ჩვენს კორპუსში დანაკლისი უფრო დიდია.

ვოვა ბაბუათი დავიწყებ. ვოვა ბაბუა, როგორც ამბობენ, საოცრად უწყინარი და კეთილი კაცი იყო. ხატავდა. ტომა დეიდას „სარაიაზე“ დიდ ხანს იყო ვოვა ბაბუას დახატული პალმა. ახლა, მგონი გადაღებეს. მეც სწორედ „სარაიის“ კარზე ხატვით გართული ვოვა ბაბუა მახსოვს. ვოვა ბაბუას ცოლი, გალია ბებია, თურმე კარგი კულინარი იყო. ერთხელ მეც მქონდა შესაძლებლობა მისი მომზადებული კარტოფილის ღვეზელები გამესინჯა, მაგრამ ვინაიდან მეზობელი ბავშვისგან გალია ბებიას არაჰიგიენურობაზე ბევრი მითი მქონდა მოსმენილი, ღვეზელზე უარი ვთქვი, რასაც დღემდე ვნანობ. მოგვიანებით გავიგე, თურმე ძალიანაც სუფთა და მოწესრიგებული ქალი ყოფილა. ბედის უკუღმართობისა და თუ ალკოჰოლისადმი ჭარბი სიყვარული გამო, ბოლოს ბომჟივით იყო, გამხდარი, კბილებჩაცვენილი და მუდმივად არყის ბოთლით ხელში. ბომჟივით მოკვდა.

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, კოლია ბაბუასგან მიღებული ყურადღება და სიყვარული ყველაზე კარგად მახსოვს. საშუალოზე დაბალი კაცი იყო. ყავისფერი შარვალი და პიჯაკი ეცვა. ომის ვეტერანი იყო და იმ ყავისფერი პიჯაკის გული ათასგვარი მედლით ჰქონდა აჭრელებული. ჩემი ყოველი გამოჩენა მის ოქროსკბილებიან ღიმილს იმსახურებდა. როგორც დედა მეუბნება, „კუკალკა მაიას“ მეძახდა. შემიყვანდა ხოლმე, დღემდე არ ვიცი სახლსა თუ სათავსოში და მისი შვილების ნაქონ სათამაშოებს მარჩევინებდა. სახლში მკაცრად ვიყავი გაფრთხილებული, რომ სათამაშოებისთვის ხელი ერთბაშად არ წამომევლო, ამიტომ, მორცხვად ერთს ავიღებდი. კოლია ბაბუა თაროებზე გამწკივრებულ საოცნებო ნივთებზე დარჩენილ ჩემს თვალებს ამჩნევდა და რამდენიმეს მატანდა. იმ სათამაშოებიდან რეზინის თოჯინები ყველაზე კარგად მახსოვს, ყველა სამედიცინო ექსპერიმენტს რომ ვუტარებდი და არსებობას მაინც ჯიუტად, რომ აგრძელებდნენ. კოლია ბაბუას იმ საცხოვრებელ-სათავსოში იყო სუნი, რომელსაც დღემდე ვერ ვხსნი რისი იყო, ანდა რას შეიძლება მიამსგავსო, სიძველის, წარსულის, მარტოობის, შენახული ემოციების თუ ნივთიერებებად დაშლილი გრძნობების. ამიტომ კოლია ბაბუას საპატივცემულოდ და ჩემი გაურკვევლი ასოციაციის გამო, რუსული სუნი დავარქვი. რუსულ სუნს იშვიათად, მაგრამ დღემდე ვგრძნობ. ვერ ვარკვევ საიდან მოდის, ან რას ასდის, მაგრამ ცხადად ვგრძნობ.

არც კოლია ბაბუას გარდაცვალება მახსოვს. კადრი კოლია ბაბუას გამოსახულებით, დრომ მოგვიანებით, მაგრამ ყველაზე თბილი ფერებით დაბეჭდა.

ლავრენტი ბაბუა - აი, ვინ მიყვარდა და ვინ მაბრაზებდა ყველაზე მეტად. ჭაღარა, უკან გადავარცხნილი თმა ჰქონდა, ნაცრისფერი შარვლითა და პიჯაკით მახსოვს. ფორტეპიანოზე რომ დავდიოდი ლავრენტი ბაბუა და ვენერა ბებია პიანინოზე სამეცადინოდ ასულს მმასპინძლობდნენ. ვენერა ბებია სამზარეულოში გადიოდა, რომ მეცადინეობაში ხელი არ შეეშალა. ლავრენტი ბაბუაც თავიდან სამზარეულოში იყო, მერე ვეღარ ძლებდა, გამოდიოდა და მთხოვდა -„ დარო, მაგას მასწავლებელი გამეცადინებს, ჩვენებური დოუკარი“. ჩვენებურში რამე ქართული სიმღერა ან ცეკვა იგულისხმებოდა. მეც მეტი რა მინდოდა და მაშინვე განდაგანას დავცხებდი, ვიცოდი, ლავრენტი ბაბუას განსაკუთრებით მოსწონდა. მთავარი იყო, ვენერა ბებიას არ მოესწრო შემდეგი ტექსტით - „მეცადინეობს ლავრენტი ბაღანა, აცადე. ნუ უსმენ შენ ამას, მიხედე შენს საქმეს“. თითქოს მოსაწყენი, ჯერ კიდევ აუთვისებელი ნაწარმოებებისგან თავს საკუთარი ნებით არ ვიხსნიდი. სადარბაზოს შესასვლელთან, ჩემთვის დღემდე გაურკვევლი დანიშნულების რკინის, ორი პატარა კონსტრუქცია იდგა, რომელზეც ბავშვები ცარცით ათას რამეს ვწერდით და ვშლიდით. ჰოდა, ამ რკინის სკამზე (ჩვენ სკამად ვიყენებდით) ლავრენტი ბაბუა იჯდა ხოლმე. ეზოში მე და ჩემი ძმა გამარჯობით, მადლობითა და ბოდიშით ცნობილი ვიყავით. ერთხელაც, ლავრენტი ბაბუამ ჩემი ზრდილობის ხარისხის გადამოწმება გადაწყვიტა და დღის განმავლობაში რამდენჯერაც ავიარ-ჩავიარე გამარჯობა მითხრა - „დარო, გამარჯობა“, 2-3-ჯერ ღიმილით დავუბრუნე პასუხი, ბოლოს კიდევ ერთხელ რომ მითხრა და თან დაზღვეულიც არ ვიყავი, რომ კიდევ არ მომიწევდა ლავრენტი ბაბუას წინ ჩავლა ავფეთქდი -„ევიარ გამარჯობა, ამევიარ გამარჯობა, რა იქნა ამდენი გამარჯობა და...“ ძალიან, ძალიან დიდი ხანი ერთობოდა ლავრენტი ბაბუა ამ შემთხვევით, მერე ეს თემა მემკვიდრეობით კაკო ბაბუამ დაიტოვა და დღემდე მახსენებს.

საღამო იყო, მგონი, რამდენიმე მეზობელს ვმასპინძლობდით, როცა მოულოდნელად კარი გაიღო და ზღურბლზე მდგარი, გაფითრებული ვალერი ბიძიას სახე დავინახეთ. ვალერი ბიძიამ პირდაპირ მამაჩემს მიმართა - „ლავრო უმერ“. ლავრენტი ბაბუას პანაშვიდი-დაკრძალვის ცერემონიალში მთელი ეზო ვიყავით ჩართული. პატარები ძირითადად, ხელს ვუშლიდით, მაგრამ გაჩერება არ შეგვეძლო. ქელეხზე ბავშვები ერთად დაგვსვეს, გარდაცვლილი ბაბუას სულისთვის დაგვანამუსეს და კარგად ჭამა გვთხოვეს. ლავრენტი ბაბუას არარსებობით გამოწვეული სიცარიელე მოგვიანებით მოვიდა, დიდი ადგილი მოითხოვა და დარჩა.

ლავრენტი ბაბუას შემდეგ, იმ რკინის „სკამზე“ ლიანა ბებია იჯდა. ზუსტად ბაბულიასნაირი ხალათი ეცვა, თეთრი თმა შეკრული ჰქონდა და მისალმებაზე ღიმილით გვპასუხობდა. მარტო ცხოვრობდა. ჩვენგან პურს სესხულობდა. ბოლოს ფსიქიკურად დაავადდა და რამდენიმე მეზობელ კაცს უჩიოდა, რომ ღამით მიდიოდნენ და მის ფანჯარაზე „პოლის ჯოხით“ აკაკუნებდნენ. ერთ-ერთი ბრალდებული ტომა დეიდას ქმარი იყო, რაზეც ტომა დეიდას მძაფრი რეაქცია ჰქონდა და ცილისწამებისთვის ბრალდებულს პასუხს სთხოვდა. ავადმყოფი ლიანა ბებია შვილებმა წაიყვანეს, ამიტომ მისი წასვლით გამოწვეული სიცარიელე, გარდაცვალებამდე მოვიდა. მერე, როცა გარდაცვალება გავიგეთ სიცარიელემ თითქოს ფორმა შეიძინა და ლიანა ბებიას სახლის კედელისა და ორი ფანჯრის სახე მიიღო.

ამ ადამიანების გარდაცვალების შემდეგ ზოგის ბინა გაიყიდა, ზოგის ბინაში უცნობი ნათესავები გადმოვიდნენ.

ახლა, ჩვენს ეზოში უწარსულო მეზობლებიც ცხოვრობენ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG