Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში დასრულდა თეატრალური კომედიის ფესტივალი


თეატრალური კომედიის ფესტივალი
თეატრალური კომედიის ფესტივალი

​გორში დათო ევგენიძის კონცერტით დასრულდა თეატრალური კომედიის ფესტივალი. მუსიკოსმა თავის ბენდთან ერთად კონცერტი იმ ადამიანებს მიუძღვნა, ვინც საოკუპაციო რეჟიმისგან დაზარალდა.

„დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“ - ეს არის ფესტივალის მთავარი სლოგანი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე ამბობს, რომ საქართველოში იყო მძიმე წლები, როცა საზოგადოებას თეატრი საერთოდ ავიწყდებოდა. გორის ფესტივალმა მას ბერლინის კინოფესტივალი გაახსენა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მალევე დაარსდა.

წელს კომედიის ფესტივალი საერთაშორისო გახდა და, ქართული დასების გარდა, მასში მონაწილეობა უკრაინისა და ბულგარეთის თეატრებმა მიიღეს. გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე მიიჩნევს, რომ ახლა უკვე ხარისხის გაუმჯობესებისა და არეალის გაფართოების დრო დადგა.

თითქმის ერთი თვის განმავლობაში გორის თეატრის სცენაზე 22 თეატრალური დასი წარდგა. ამ ფესტივალის სიახლე ის იყო, რომ ყოველი სპექტაკლის შემდეგ ხელოვნებათმცოდნეები მსახიობებსა და რეჟისორებთან ერთად მათ ნამუშევარს აფასებდნენ. კრიტიკა საკმაოდ მკაცრი იყო. იყო სპექტაკლები, რომლებიც კომედიის ჟანრს საერთოდ არ პასუხობდა. მწერალი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ თეატრების რეპერტუარში ეს ჟანრი აუცილებლად უნდა არსებობდეს და ეს ფესტივალი თეატრებისთვის ერთგვარი სტიმულის მიმცემი იქნება.

ფესტივალი გორის მერიის პატრონაჟით ჩატარდა, პარტნიორები არიან კულტურის სამინისტრო და გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი. ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა პირობა დადო, რომ ტრადიციად ქცეული ფესტივალი არასოდეს შეწყდება.

ფესტივალი დასრულდა, მაყურებელი კი უკვე მომავალი ფესტივალის მოლოდინშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG