Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველების სამართლებრივი შეფასება და ულტიმატუმი ხელისუფლებას


უფლებადამცველების საგანგებო ბრიფინგი
უფლებადამცველების საგანგებო ბრიფინგი
გლდანის მერვე საპყრობილეში მომხდარი ფაქტები სცდება საქართველოს ფარგლებს, ის არ არის მხოლოდ ლოკალური ხასიათის დანაშაული და მის წინააღმდეგ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიმაღლოს ხმა, საქართველოს მთავრობამ კი საქმე გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს, - აცხადებენ საქართველოს უფლებადამცველები, რომლებმაც 19 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმეპუნქტიანი ულტიმატუმი წაუყენეს. პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამჟღავნებულ ამბებს უკვე გამოეხმაურა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმენ რაიტს უოჩი“ (Human Rights Watch) და აშშ-ის საელჩო საქართველოში.

გლდანის მერვე საპყრობილეში მომხდარი ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიება და შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დასვა თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 19 სექტემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. ხელისუფლების მიმართ არასამთავრობოების ულტიმატუმი რამდენიმე მნიშვნელოვან მოთხოვნას შეიცავს, აცხადებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი:
პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარდა, იმ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დაისვას, ვისაც შსს-ში, პროკურატურაში უშუალოდ ევალებოდა ეკონტროლებინა ეს პროცესი...
ირაკლი მელაშვილი

“გარდა ვიდეოფირზე აღბეჭდილი პირების სისხლის სამართლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, აუცილებელია დადგეს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, მინისტრის, მთავარი პროკურორის და სხვა პირთა ბრალეულობის საკითხი, რადგან შეუძლებელია მათი ჩართულობის გარეშე მომხდარიყო მსგავსი სისტემური და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა.”

”თუ ეს ადამიანები თანამდებობებზე დარჩებიან, დიდი ალბათობით ისინი ხელს შეუშლიან გამოძიების სამართლიანად წარმართვას. მათი პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნაც აქედან გამომდინარეობს”, - ამბობს ირაკლი მელაშვილი, წევრი კოალიციისა ”არჩევანის თავისუფლებისათვის”:

”პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარდა, იმ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დაისვას, ვისაც შსს-ში, პროკურატურაში უშუალოდ ევალებოდა ეკონტროლებინა ეს პროცესი.”

”საიას” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ წამებისთვის, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული, უფლებადამცველების არაერთი განცხადების მიუხედავად, საქართველოში არასოდეს არც ერთი სახელმწიფო მოხელე არ დასჯილა:
თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

”თუ ვინმე დასჯილა, დასჯილა სულ სხვა კვალიფიკაციით, მაგალითად, უფლებამოსილების გადამეტება ან ჯანმრთელობის დაზიანება.. და სასჯელიც შედარებით მსუბუქი იყო.”

”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც იხსენებს, რომ, სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში არაერთგზის წარდგენილი კრიტიკული ანგარიშების მიუხედავად, არც ერთხელ არ შექმნილა საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენდა, წარმოდგენილი ფაქტები შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს.

პარალელურად, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია გლდანის მე-8 საპყრობილის 10 თანამშრომელი: გაგა მკურნალიძე, დავით ხუჭუა, გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორი ვიქტორ ყაჭეიშვილი, დირექტორის მოადგილე ლევან ფურცხვანიძე, გლდანის ციხის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი გიორგი კვარაცხელია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი ოლეგ ფაცაცია, მანუჩარ ლომთაძე, გელა ცომაია, ლევან ფხალაძე და ბორის ფარულავა. მეთერთმეტეს, ვლადიმერ ბედუკაძეს, ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და ის ამჟამად ძებნილია.
ასეთ ფაქტებზე ინფორმაცია, გარკვეულწილად, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ჰქონდათ, მაგრამ არ არსებობდა მტკიცებულებები. ახლა, როცა ეს ყველაფერი ვიზუალურად ვნახეთ, ვფიქრობ, მათი შეფასებები ძალიან მკაცრი იქნება...
ნაზი ჯანეზაშვილი

როგორ ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით წამება და არაადამიანური მოპყრობა და რა წერია საერთაშორისო კონვენციებში? - ვკითხეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელ დირექტორს, ნაზი ჯანეზაშვილს. 144-ე მუხლი, წამება, ისჯება 7-დან 10 წლამდე. თუ დანაშაულს სჩადის მოხელე, სასჯელის ვადა იზრდება 9-და 15 წლამდე... მაგრამ რაც ვნახეთ, არ ყოფილა მხოლოდ წამება. ამას ემატება გაუპატიურებაც, რომელიც, კოდექსის 138-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ისჯება 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მომხდარი სცილდება სისასტიკის მინიმალურ ზღვარს საერთაშორისო კონვენციების მიხედვითაც, ამიტომ ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება იქნება ძალიან მკაცრი:

”ეს ღირსების შემლახავი ქმედებაც არის და არაადამინურ მოპყრობასაც სცილდება. ასეთ ფაქტებზე ინფორმაცია, გარკვეულწილად, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ჰქონდათ, მაგრამ არ არსებობდა მტკიცებულებები. ახლა, როცა ეს ყველაფერი ვიზუალურად ვნახეთ, ვფიქრობ, მათი შეფასებები ძალიან მკაცრი იქნება.”
ცალსახა მოწოდება გვაქვს ხელისუფლებისადმი, რომ დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოიძიონ ეს საქმე და დასაჯონ ყველა დამნაშავე. უნდა მოხდეს აგრეთვე წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია - ეს არის საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება, რომელიც მას მთელი რიგი საერთაშორისო დოკუმენტებით აქვს ნაკისრი...
გიორგი გოგია

საგანგებო მიმართვაზე ხელმომწერი ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია თანხმდება, რომ გლდანის ციხეში მომხდარი ფაქტები არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მხოლოდ ლოკალური შემთხვევა, ინდივიდუალური ფაქტი - ეს არის ფაქტი, რომელსაც მწვავე საერთაშორისო გამოხმაურება უნდა მოჰყვეს.

19 სექტემბერს მომხდარს დილითვე გამოეხმაურა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმენ რაიტს უოჩიც“ და საქართველოს მთავრობას საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდა. ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში გიორგი გოგია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართალში წამებასთან დაკავშირებით არ დაიშვება არანაირი გამონაკლისი - ნებისმიერი პიროვნება, ვისაც წვლილი მიუძღვის ასეთი ტიპის დანაშაულში, უმკაცრესად ისჯება და მას ეკისრება არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. რაც ყველაზე საგანგაშოა, შენიშნავს გიორგი გოგია, ეს არის არა გამონაკლისი შემთხვევა, არამედ სისტემური პრობლემა, რაზეც „ჰიუმენ რაიტს უოჩმა“ უკვე გაამახვილა ყურადღება:

”ცალსახა მოწოდება გვაქვს ხელისუფლებისადმი, რომ დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოიძიონ ეს საქმე და დასაჯონ ყველა დამნაშავე. უნდა მოხდეს აგრეთვე წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია - ეს არის საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება, რომელიც მას მთელი რიგი საერთაშორისო დოკუმენტებით აქვს ნაკისრი.”
ვიზიარებთ ყველა ქართველის გაოგნებასა და შეძრწუნებას იმ საშინელი ქმედებით, რომელიც გუშინ გავრცელებულ კადრებშია ასახული. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ დაიწყო ამ საქმის გამოძიება...
ამონარიდი აშშ-ს საელჩოს განცხადებიდან

გარდა ამისა, ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” წარმომადგენელი ირენა გაბუნია გვეუბნება, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც, როგორც გამოჩნდა, არ სრულდება. ამიტომ წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის თუ სხვა შესაბამისი ორგანოების მიერ მომზადებულ ანგარიშებში მწვავე გამოხმაურებებს უნდა ველოდეთ.

უფლებადამცველები ელიან, რომ მწვავე იქნება დიპლომატიური მისიების შეფასებებიც. 19 სექტემბერს უკვე ცნობილი გახდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციაც:

”ვიზიარებთ ყველა ქართველის გაოგნებასა და შეძრწუნებას იმ საშინელი ქმედებით, რომელიც გუშინ გავრცელებულ კადრებშია ასახული. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ დაიწყო ამ საქმის გამოძიება. საქართველოს სახალხო დამცველს თავის მოხსენებაში, ხოლო ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნული გვაქვს, რომ საქართველოში პატიმართა უფლებების დარღვევა სერიოზული საკითხია და ის უნდა გადაიჭრას. ვთხოვთ მთავრობას, ჩაატაროს გამოძიება სრულყოფილად და გამჭვირვალედ და უმოკლეს დროში უზრუნველყოს, რომ პასუხიმსგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ."
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG