Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსვლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა


ცეცხლის შეწყვეტა აღმოსავლეთ უკრაინაში 5 სექტემბერს თბილისის დროით 19:00 საათიდან ამოქმედდა. დეტალები შეთანხმების შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გააცნო. მან თქვა: „მინსკში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მიერ ხელი მოეწერა დოკუმენტს მშვიდობის ჩემი გეგმის განსახორციელებლად. დოკუმენტში 12 პრაქტიკული ნაბიჯია ასახული უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად“.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, „ჩვენ ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელი უნდა გავაკეთოთ, რათა შეწყდეს სისხლისღვრა აღმოსავლეთ უკრაინაშიო“.

უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა საბუფერო ზონები და ასე შემდეგ. ამიტომაც, შესაძლებელია, რომ სანქციები მართლაც იქნეს შემოღებული იმ პირობით, რომ ისინი გაუქმდება, თუ დავინახავთ, რომ ეს პროცესი მართლაც მიმდინარეობს...
ანგელა მერკელი

ცეცხლის შეწყვეტის ცნობა დაადასტურა სეპარატისტების ლიდერმაც, თუმცა, მისი განცხადებით, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მეამბოხეებს კიევისგან დამოუკიდებლობა სურთ.

მინსკის შეთანხმებას წინ უძღოდა სეპარატისტთა ორკვირიანი წინსვლა, რომელიც, ნატოს ინფორმაციით, პირდაპირი შედეგია რუსეთის ათასობით ჯარისკაცის და რუსული სამხედრო ტექნიკის უშუალო ჩარევისა საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთი ამას უარყოფს.

პირველი ცნობები ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ 3 სექტემბერს გავრცელდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ შვიდპუნქტიანი გეგმა მოამზადა აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის მისაღწევად მას შემდეგ, რაც ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოს.

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პუტინთან სატელეფონო საუბრის შედეგიც იყო და თქვა, რომ ეს საერთო პასუხისმგებლობას ნიშნავს.

შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელი მოეწერა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ევროკავშირი განიხილავდა ახალ, გამკაცრებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. 5 სექტემბერს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, თუ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში რეალურად ამოქმედდება, მაშინ შესაძლებელი იქნება სანქციები შევაჩეროთო. ანგელა მერკელმა თქვა:

ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

„ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას მარტო იმიტომ, რომ მას ხელი მოეწერა. მას სჭირდება კიდევ სხვა ბევრი დამატებითი პროცესი. უნდა შემოწმდეს, მართლაც შეწყდა თუ არა ცეცხლი, უნდა შემოწმდეს, ნამდვილად დატოვეს თუ არა უკრაინის ტერიტორია რუსეთის ძალებმა, თუ ისინი მართლაც არიან იქ. უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა საბუფერო ზონები და ასე შემდეგ. ამიტომაც, შესაძლებელია, რომ სანქციები მართლაც იქნეს შემოღებული იმ პირობით, რომ ისინი გაუქმდება, თუ დავინახავთ, რომ ეს პროცესი მართლაც მიმდინარეობს“.

სკეფსისი ზავის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ნატოს სამიტზე ანდერს ფოგ რასმუსენმაც გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ აქამდე წამოყენებული ინიციატივები, უბრალოდ, საფარი იყო მორიგი აგრესიული ქმედებების განსახორციელებლად.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მინსკში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად გრძელდებოდა ბრძოლები სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ქალაქ დონეცკთან და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ მარიუპოლთან, რომელსაც სეპარატისტები უტევდნენ. ქალაქში ისმოდა არტილერიის ხმა, მოსახლეობა კი ბომბსაფარებს ამზადებდა - ამის შესახებ იუწყებოდა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი მარიუპოლში დიმიტრი შურხალო.

სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამ შეთანხმების მიმართ, როგორც ჩანს, უკრაინის პრემიერიც იზიარებს. სააგენტო „ფრანს პრესმა“ 5 სექტემბერს, დოკუმენტის ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე, გაავრცელა უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის სიტყვები, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასამოქმედებლად აუცილებელი იქნება ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერა.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG