Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთველი - 2015


ავტორი: ირინა გურული

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ 2015 წლის რთვლის საკოორდინაციო შტაბი თელავში გახსნა.

სამინისტროს განცხადებით, აგვისტოს თვეში მიყენებული ზარალის მიუხედავად, შარშანდელთან შედარებით ყურძნის კარგი მოსავალია. ნავარაუდევია რომ შარშანდელთან შედარებით, მოსავალი 30 პროცენტით მეტი იქნება. გასულ წელს სოფლის მეურნეობის მინისტრი იმედოვნებდა რომ 2015 წელს დარგს სუბსიდირება აღარ დასჭირდებოდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ღვინის ექსპორტში შემცირებულია (იანვარ-ივლისის მონაცემებით 51 პროცენტიანი კლება) და შესაბამისად, ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდანაც ყურძენზე მოთხოვნა შემცირდა, საქართველოს მთავრობამ ყურძნის ღირებულების სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

წელს სუბსიდირების თანხა რქაწითლის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძენზე 35 თეთრია, საფერავზე კი - 15 თეთრი. სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას იმ შემთხვევაში ახდენს, თუ შემსყიდველი 1 კილოგრამ ყურძენში არანაკლებ 1 ლარს გადაიხდის. სიახლეა ის, რომ წელს სუბსიდიას მიიღებენ მევენახეები და არა ღვინის მწარმოებელი კომპანიები, როგორც ეს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ხდებოდა. სამინისტროს თქმით, ამ პრინციპის უპირატესობა არის ის, რომ გლეხი თანხას უფრო მალე მიიღებს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროცესის ადმინისტრირება უფრო გართულდება.

სუბსიდიის გაცემის წინაპირობას წარმოადგენს ყურძნის ჩაბარების თაობაზე ყურძნის ჩამბარებელსა და ღვინის კომპანიას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს/სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ყურძნის ჩამბარებელი და ღვინის კომპანია. გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს, ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღეში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვისცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.

დამატებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ღვინის და სპირტის წარმოებისთვის იაფი სესხის გაცემა კვლავ გრძელდება.

ამ ეტაპზე უცნობია ყურძნის მოსავლის და სუბსიდიის სახით ბიუჯეტიდან გაცემული თანხის ოდენობა, გასულ წელს კი ყურძნის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი გამოიყო. მოსავალმა სულ 124, 606 ტონა შეადგინა, რაც 175 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების იყო. 2014 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 59 067 335 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 26%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2014 წელს ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგი იყო: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და პოლონეთი, სადაც რუსეთი ექსპორტის მთლიან მოცულობაში ლიდერობდა 63 პროცენტით.

ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები დიდწილად განაპირობებს ამ საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნასა და ფასს.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG