Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი: ევროკავშირს რუსეთთან მიმართებით გრძელვადიანი სტრატეგია სჭირდება


დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირს რუსეთთან მიმართებით სჭირდება სტრატეგია, რომელიც გათვლილი იქნება წლებზე და არა თვეებზე.

„რუსეთთან მიდგომის საკითხი დღეს ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროკავშირისთვისაცო“, განაცხადა ტუსკმა, რომელიც პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

დონალდ ტუსკი ამ განცხადებით 19 დეკემბერს გამოვიდა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის ბოლოს.

მისი თქმით, რუსეთსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მიმართებით შემუშავებული სტრატეგია „მკაცრი და პასუხისმგებლობით სავსე“ უნდა იყოს, რათა უკრაინის კრიზისის გადაჭრას ემსახუროს.

„ჩვენი სტრატეგიული პრობლემა რუსეთია და არა უკრაინაო“, განაცხადა ტუსკმა: „დღეს დიდად ოპტიმისტურად განწყობილი არ ვართ, მაგრამ, როგორც იცით, ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ და არა ოპტიმისტები. ეს კი ნიშნავს, რომ ეს პროცესი გრძელვადიან ჩარჩოში უნდა განვიხილოთ და არა როგორც ერთ ცალკეულ კრიზისზე რეაქცია“.

რუსეთის და უკრაინის უმნიშვნელოვანეს საკითხთან მიმართებით ძალიან კარგი დისკუსია გაიმართა და ყველანი შევთანხმდით, რომ ეს სანქციები ძალაში უნდა დარჩეს, ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ რუსეთი ქცევას შეცვლის და შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ...
დევიდ კამერონი

მანამდე ევროკავშირის ლიდერებმა ახალი სანქციები დაამტკიცეს და გაამკაცრეს რუსეთის მიერ უკრაინისგან ყირიმის ანექსირებისთვის დაწესებული სასჯელი.

ახალი ზომებით სრულიად აიკრძალა ინვესტიციების განხორციელება ყირიმში, ევროპულ სამგზავრო გემებს კი იქ ჩასვლის უფლება არა აქვთ.

ახალ სანქციებს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ მზად იქნებიან სანქციების შემსუბუქებისთვის, თუკი გამოჩნდება, რომ პუტინი ცდილობს სექტემბერში მინსკში უკრაინასთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების დაცვას.

თუ რუსეთი ქცევას შეცვლის, კარი ყოველთვის ღიააო, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა: „რუსეთის და უკრაინის უმნიშვნელოვანეს საკითხთან მიმართებით ძალიან კარგი დისკუსია გაიმართა და ყველანი შევთანხმდით, რომ ეს სანქციები ძალაში უნდა დარჩეს, ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ რუსეთი ქცევას შეცვლის და შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ შეიცვლება მათი დაწესების მიზეზები.

18 დეკემბერს სანქციების გზით პუტინზე ზეწოლა გააძლიერა ვაშინგტონმაც.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუმცა დასძინა, რომ „ამ მომენტში“ სანქციები ჯერ არ ამოქმედდება.

უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი ითვალისწინებს ნებართვას, თუმცა არა მოთხოვნას, კიევისთვის თავდაცვითი, ლეტალური შეიარაღების მიწოდების თაობაზე და რუსეთის თავდაცვის და ენერგეტიკის სექტორებზე სანქციების დაწესებას.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

სანქციებმა და ნავთობის ფასების კლებამ რუსეთში მწვავე ეკონომიკური პრობლემები გამოიწვია, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ჩათვლით.

18 დეკემბერს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პუტინმა კონფლიქტში კიევი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთი, უბრალოდ, თავის ინტერესებს „იცავს“.

უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები პუტინს ადანაშაულებენ სამხედრო ძალისა და იარაღის გაგზავნაში პრორუსულად განწყობილი მეამბოხეებისთვის უკრაინის აღმოსავლეთში. კრემლი უარყოფს ამ ბრალდებას.

პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ კიევი უკრაინის აღმოსავლეთში „სადამსჯელო ოპერაციას“ ახორციელებს. აპრილის შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტს 4,700-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG