Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა „სრულმასშტაბიანი შეტაკების“ საფრთხის წინაშეა


არსენი იაცენიუკი
არსენი იაცენიუკი

აღმოსავლეთ უკრაინაში „სრულმასშტაბიანი შეტაკების“ შესაძლებლობის შესახებ ნატოსა და გაეროს ხელმძღვანელობის გაფრთხილების მიუხედავად, უკრაინის თაობაზე 26-ედ გამართული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა კვლავ გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. რეზოლუციის შემუშავებას ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელსაც, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ვეტოს უფლება აქვს.

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა გაეროში გადაწყდა ნატოს უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლის 10 ნოემბრის განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა დაადასტურა ინფორმაცია რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ათეულობით ტანკის, ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო დანადგარის შესვლის თაობაზე, რაც მანამდე უკრაინაში ეუთოს სპეციალური მისიის წარმომადგენელმა მაიკლ ბუციურკივმა გაავრცელა:

“შაბათიდან მოყოლებული, ჩვენმა დამკვირვებლებმა ქალაქ დონეცკთან ახლოს ამოსაცნობი ნიშნის არმქონე 126 სამხედრო სატრანსპორტო საშუალება აღმოაჩინეს. აქ იგულისხმება ლიცენზიის აღმნიშვნელი ფირფიტების უქონლობა, იგულისხმება ასევე ის, რომ მანქანებში მსხდომ ადამიანებს უნიფორმებზე არ ჰქონდათ განმასხვავებელი ნიშნები. მაგრამ ამ მანქანებს გადაჰქონდათ მძიმე ტექნიკა. ჩვენ მხედველობაში გვაქვს სხვადასხვა სახის სარაკეტო და ასევე 126-მილიმეტრიანი ჰაუბიცის კლასის საარტილერიო დანადგარები. ეს არ არის ის მოქმედება, რასაც მინსკის შეთანხმების შემდეგ ვინმე მოელოდა“.

რუსეთმა უარყო ბრალდება და ინფორმაციას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის კუთვნილი სამხედრო ტექნიკის კოლონის შესვლის თაობაზე „ანტირუსული პროპაგანდის მორიგი გამოვლინება“ უწოდა. გაეროს უშიშროების საბჭოზე, რომელიც ვაშინგტონის თხოვნით უკვე 26-ედ შეიკრიბა უკრაინის საკითხზე, აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სამანტა პაუერმა დაადანაშაულა რუსეთი, რომელიც, ამერიკელი დიპლომატის თქმით, „მართალია, საუბრობს მშვიდობაზე, მაგრამ განაგრძობს უკრაინაში ომის გაღვივებას“.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მსოფლიოს მოუწოდა ერთიანი ძალით დაუპირისპირდნენ რუსეთის სამხედრო აგრესიას:

„სახელმწიფოს, უკრაინას, მშვიდობა ესაჭიროება. ამ მშვიდობის დასამყარებლად მთელმა მსოფლიომ უნდა იმოქმედოს, როგორც ერთმა, ერთიანმა, დემოკრატიულმა და ცივილიზებულმა ინსტიტუტმა, რომელიც მშვიდობისათვის იბრძოლებს უკრაინაშიც და მთელ დედამიწის ზურგზე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია, ოღონდ ჩვენი ძალები არ არის უსაზღვრო - განსაკუთრებით, როდესაც ბრძოლა გვიხდება კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

დიპლომატიური დისკუსიის ფონზე, კვლავ გრძელდება შეტაკება აღმოსავლეთ უკრაინაში. წუხელ 4 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 18 დაიჭრა დონეცკის საერთაშორისო აეროპორტთან და ლუგანსკის სოფელ დებალცევოსთან. 12 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალები ნებისმიერი სცენარისათვის ემზადებიან:

„ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი სამხედრო ძალების გადაჯგუფება, რათა, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ყოველმხრივ ვიყოთ მზად პასუხი გავცეთ უკონტროლო ტერიტორიებზე მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან მომდინარე ნებისმიერ მოულოდნელ ქმედებას“.

აღმოსავლეთ უკრაინაში „სრულმასშტაბიანი შეტაკების“ შესაძლებლობის შესახებ ნატოსა და გაეროს ხელმძღვანელობის გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა უკრაინის თაობაზე 26-ედ გამართული გაეროს უშიშროების საბჭო. მასზე არ ყოფილა გატანილი რეზოლუციის პროექტი, რასაც ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს.

12 ნოემბრის დილით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უკრაინის კრიზისის თაობაზე ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრ სერგეი ლავროვს. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ლავროვმა საუბარში ხაზი გაუსვა კიევის მხრიდან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკსა და ლუგანსკთან იქ ჩატარებული არჩევნების შესახებ. ლავროვის განცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი მხარს უჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში 2 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებს, რასაც უკანონო და არალეგიტიმური უწოდეს კიევმა, აშშ-მა და ევროკაშირმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG