Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტომ მალინოვსკი უკრაინის მოვლენებში რუსეთს ადანაშაულებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომ მალინოვსკი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომ მალინოვსკი

ცოტა ხნის წინ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვიტალი ჩურკინმა დონეცკსა და ლუგანსკში არსებულ მდგომარეობას „ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომ მალინოვსკი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა რუსეთის გამოწვეულია:

„ჰუმანიტარული კრიზისი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთმა შექმნა სამხედრო ინტერვენციის დაწყებით და იარაღის გაგზავნით. ამ მოქმედებამ სეპარატის მეამბოხეებს ზურგი გაუმაგრა და რეგიონში ქაოსი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გამოიწვია. აღმოსავლეთ უკრაინაში ყველაზე მეტად სამოქალაქო მოსახლეობა იტანჯება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს სჭირდება. მაგრამ დახმარება ხალხს მიუკერძოებლად და უკრაინის მთავრობასთან კოორდინაციით უნდა მიეწოდოს. კიევმა განაცხადა, რომ თანახმაა ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთი შეუშვას იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესს ზედამხედველობას ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები გაუწევს, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.“

გასულ კვირას უკრაინაში სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ რუსეთისგან 1200 ახალ მებრძოლს, დაახლოებით 30 ტანკს და საარტილერიო ამუნიციას მიიღებენ. რუსეთმა ეს განცხადება უარყო. მალინოვსკი აცხადებს, რომ სეპარატისტები რუსეთთან, ისევე როგორც უკრაინასთან საშიშ თამაშს თამაშობენ.

„ეს ძალიან საშიში თამაშია. ამ თამაშის შედეგად აღმოსავლეთ უკრაინაში უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიუპა, გამოიწვია ძალადობა და საბოლოო ჯამში შედეგად მოიტანა სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდება. ეს ძალადობა უნდა დასრულდეს იმისთვის, რომ უკრაინელებმა საკუთარი მომავალი განსაზღვრონ და რუსეთმა მათ ამაში ხელი არ შეუშალოს.“

სეპარატისტული მოძრაობის წარუმატებლობა რუსეთის განცხადებების შეცვლაზეც აისახება. განსაკუთრებით მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, კრემლი განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს სეპარატისტებთან დაკავშირებით და ამასთან, უფრო მეტად გამოხატავს კიევთან მოლაპარაკების წარმოების სურვილს. მალინოვსკის მიაჩნია, რომ მიუხედავად განცხადებებისა, მოსკოვი ვერავის მოატყუებს იმაში, რომ უკრაინაში მიმდინარე კრიზისში ლომის წილი არ მიუძღვის:

„არავინ ტყუვდება იმით, რომ ის რაც უკაინაში მიმდინარეობს მოსკოვში არ იყო დაგეგმილი. ამის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ან მეამბოხეების ხელმძღვანელობის შეცვლა მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებია. ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გავაცნობიეროთ ამ მოქმედებების უშედეგობა. საბოლოო ჯამში, უკრაინელი ხალხი აირჩევს საკუთარ მომავალს. შეიძლება დღეს ყველამ არ იცის თუ რა არის ეს მომავალი, მაგრამ უკრაინელების უმრავლესობამ იცის ის, რომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს ის, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს მათი ქვეყანა და რომ ამ პროცესში რუსეთი არ უნდა ჩაერიოს. ამერიკა და საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინას გვერდში უდგას ამ არჩევანის გაკეთებაში. ერთი ქვეყანა, რომელიც საბოლოო ჯამში ყველაზე მაღალ საფასურს გადაიხდის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით, რუსეთია. მოსკოვი უკვე გრძნობს სანქციებით გამოწვეულ დარტყმას. საბოლოო ჯამში, რუსეთი საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს და ეს ძალიან სამწუხარო ამბავია მათთვის, ვისაც სურს ეკონომიკურად და დემოკრატიულად განვითარებული რუსეთის დანახვა სურს.“

დონეცკიდან და ლუგანსკიდან რუსულენოვანი მოსახლეობა რუსეთში გადადის ძალადობისგან თავის დასაღწევად. ანალიტიკოსები, როგორც ამერიკაში ასევე რუსეთში, აცხადებენ, რომ ამ პროცესმა შეიძლება პუტინის იმიჯი შეარყიოს. მან უკრაინაში ინტერვენცია, მისივე განცხადებით, რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად დაიწყო. თუ ეს მოსახლეობა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიას ტოვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალისხმევისა და მსხვერპლის მიუხედავად, პუტინმა ეთნიკური რუსების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ შეძლო. მალინოვსკი ამბობს, რომ პუტინმა საკუთარ თავს დიდი პრობელემები შეუქმნა:

„ეს პუტინისთვის დილემას წარმოადგენს. არ მგონია, რომ მას გამარჯვების შანსი ჰქონდეს. მას იმის შესაძლებლობა აქვს, რომ ცოტა ხანი ძლიერ მმართველად გამოჩნდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისეთ ვერაფერს მიაღწევს, რაც რუს ხალხს წარმატებას მოუტანს. მე ის შემეცოდებოდა ეს დილემა საკუთარი თავისთვის თვითონვე რომ არ შეექმნა. ვნახავთ რა იქნება ამ პროცესის დასასრული, მაგრამ პუტინი თამაშიდან გამარჯვებული ვერ გამოვა.“

მალინოვსკის მიაჩნია, რომ პუტინმა ბევრი არასწორი გათვლა გააკეთა:

„მან სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინაში არსებული ძალა, რომელსაც ქვეყნის ევროპასთან დაახლოება სურს. მან ასევე ვერ გათვალა, თუ რამდენად მტკიცედ სჯერათ უკრაინელებს იმის, რომ საკუთარი ბედის გადაწყვეტა მხოლოდ მათი საქმეა. შეიძლება დღეს ყველა უკრაინელი ვერ თანხმდება იმაზე, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა, მაგრამ ყველას სჯერა უკრაინის სუვერენიტეტის. პუტინმა ასევე ვერ გათვალა უკრაინელი ხალხის მიმართ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის მტკიცე მხარდაჭერა. მას ამჟამად მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს, რომ უკან დაიხიოს ამ წარუმატებელ თავგადასავალში.“

უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის დაწების შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო მედია აქტიურად ავრცელებს პროპაგანდას, რომ მაიდანზე დაწყებული მოქმედებები, ისევე როგროც სხვა, ეგრეთ წოდებული, ფერადი რევოლუციები, დასავლეთის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული მოქმედებებია. სახელმწიფო მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ ეს უსაფუძვლო განცხადებაა:

„მაიდანის მოვლენები და უკრაინის ბრძოლა საკთარი დამოუკიდებლობისთვის დასავლეთის მიერ ორგანიზებული რომ ყოფილიყო, ეს პროცესები ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა და უკრაინელები მოსკოვს ასეთ წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ. კიევის დამონსტრაციები გარედან ორგანიზებული მანიპულაცია რომ ყოფილიყო, უკრაინელები რუსეთის ასეთ ზეწოლას ამდენ ხანს ასე მტკიცედ არ გაუწევდნენ წინააღმდეგობას.“

ტომ მალინოვსკი აცხადებს, რომ რთულია იმის გათვლა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, მაგრამ მისი აზრით, საბოლოო ჯამში უკრაინელი ხალხი საკუთარ გზას აირჩევს და კრიზისის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა რუსეთი აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG