Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სატვირთო კოლონა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში შევიდა


უკრაინის ხელისუფლებამ „პირდაპირი ინტერვენცია“ უწოდა რუსეთის სატვირთო კოლონის შესვლას სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე. ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა რუსეთის რამდენიმე ათეულმა სატვირთო მანქანამ, რამდენიმეკვირიანი ლოდინის შემდეგ, 22 აგვისტოს გადალახა რუსეთ-უკრაინის საზღვარი. მათ არ მიაცილებენ საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები.

რუსეთმა ჰუმანიტარული კოლონის გადაადგილება ცალმხრივად მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დარწმუნდა, რომ უკრაინის ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებს ჰუმანიტარული დახმარების საკითხის გადაწყვეტას.

„მოსაბეზრებელი გახდა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებისათვის რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების საკითხში სიტუაციის ხელოვნურად და უსასრულოდ გაჭიანურება. ავტოკოლონა, რომელშიც ამ რაიონების მოსახლეობისთვის გადაუდებლად საჭირო მრავალი ასეული ტონა ჰუმანიტარული ტვირთია, უკვე კვირების განმავლობაში დგას რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. ამ დროის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ყველა დონეზე განხორციელდა უპრეცედენტო ძალისხმევა აუცილებელი ფორმალობების მოსაგვარებლად. ჩვენ უკრაინული მხარის მიერ წამოყენებულ ყველა მოსალოდნელ თუ მოულოდნელ მოთხოვნებს დავთანხმდით“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ „პირდაპირი ინტერვენცია“ უწოდა რუსეთის სატვირთო კოლონის შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე:

„ეს არის „წითელი ჯვრის“ სახელით შენიღბული პირდაპირი ინტერვენცია. ეს არის რუსეთის სამხედრო კოლონა. მას მართავენ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ყალბი დოკუმენტები აქვთ და რომლებმაც იციან სამხედრო მანქანების, ტანკებისა და არტილერიის მართვა. და მესამეც, ეს კოლონა მალე ცინიკურად იქნება გამოყენებული იმ არტილერიის ტრანსპორტირებისათვის, რომელსაც სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებენ“.

„როიტერსის“ ინფორმაციით, 70-მა სატვირთო მანქანამ 22 აგვისტოს გადაკვეთა საზღვარი და მათ პრორუსულად განწყობილი მებრძოლების მცირე ჯგუფი მიაცილებს. უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ ტვირთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა:

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის ესკორტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიაზე არ ეკისრება უკრაინის სამხედრო ძალებს, არამედ მხოლო რუსეთის ფედერაციას. როგორც უკვე ითქვა, 90 სატვირთო ავტომობილზე მეტმა დაიწყო მოძრაობა უკრაინის საზღვრის მიმართულებით. რუსეთმა არც უკრაინის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს დართო კოლონის თანხლების ნება და არც საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს“.

საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ ცნობით კი, „უსაფრთხოების თვალსაზრისით მყიფე მდგომარეობის გამო“ მისმა წარმომადგენლებმა უარი თქვეს უკრაინის ტერიტორიაზე კოლონა გაეცილებინათ.

XS
SM
MD
LG