Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გადაიდო უკრაინელი პილოტის სასამართლო პროცესი


ნადია სავჩენკო
ნადია სავჩენკო

რუსეთში, როსტოვის რეგიონში, დაწყებიდან ცოტა ხანში გადაიდო უკრაინელი პილოტის, ნადია სავჩენკოს, სასამართლო პროცესი, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სავჩენკოს ბრალად ედება ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირი უკრაინის აღმოსავლეთში.

სასამართლოს პრესმდივანმა განაცხადა, რომ სასამართლო განიხილავს სავჩენკოს ადვოკატების შუამდგომლობას პროცესის მოსკოვში გადატანის თაობაზე. პრესმდივნის თქმით, შემდეგი სხდომის თარიღი არ დადგინდება მანამ, სანამ არ გადაწყდება მოსკოვში გადაიტანენ თუ არა პროცესს.

დღეს, პირველად ორი კვირის განმავლობაში, შევძელით ნადეჟდას ნახვა, მასთან ლაპარაკი. გვიამბო, როგორ გადმოიყვანეს მოსკოვიდან როსტოვის ოლქში. სამი დღე მატარებლით მგზავრობდა ვორონეჟამდე. იქ მან ერთი დღე-ღამე დაყო და შემდეგ გადაიყვანეს ქალაქ ნოვოჩერკასკში, სადაც სამარტოო საკანში იმყოფება...
ნიკოლაი პოლოზოვი

სავჩენკოს ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა, ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა: "დონეცკის სასამართლო ვერ განიხილავს სავჩენკოს საქმეს, რადგან დონეცკში შეუძლებელია შესრულდეს რომელიმე იმ პირობებიდან, რომლებიც საკმარისი იქნებოდა პროცესის კანონთან სრულად შესაბამისად ჩასატარებლად“.

სავჩენკოს კიდევ ერთი ადვოკატი, ნიკოლაი პოლოზოვი, ასეთი განცხადებით გამოვიდა: "დღეს, პირველად ორი კვირის განმავლობაში, შევძელით ნადეჟდას ნახვა, მასთან ლაპარაკი. გვიამბო, როგორ გადმოიყვანეს მოსკოვიდან როსტოვის ოლქში. სამი დღე მატარებლით მგზავრობდა ვორონეჟამდე. იქ მან ერთი დღე-ღამე დაყო და შემდეგ გადაიყვანეს ქალაქ ნოვოჩერკასკში, სადაც სამარტოო საკანში იმყოფება“.

30 ივლისის სხდომა ჩატარდა რუსეთის როსტოვის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ დონეცკში, უკრაინის საზღვართან ახლოს. ამ ქალაქს კავშირი არა აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე, ომით დაზიანებულ ქალაქ დონეცკთან.

სასამართლოზე დასწრების უფლება არ მისცეს დასავლელ დიპლომატებს, რომლებსაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარე პროცესზე დაკვირვება სურდათ.

ერთ-ერთმა რუსულმა ინტერნეტგამოცემამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ასახავს სასამართლო დარბაზის წინ მდგომ ჟურნალისტებს. გამოცემის თანახმად, ჟურნალისტები სიცხის გამო შენობაში შეუშვეს, მაგრამ არ მისცეს საკუთრივ პროცესზე დასწრების უფლება.

34 წლის სავჩენკოს 25 წლამდე ემუქრება პატიმრობა ბრალდებების გამო, რომელთაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა და პოლიტიკურად მოტივირებულად გამოცხადდა.

მას ასევე ბრალად ედება რუსეთში უკანონოდ შესვლა. სავჩენკო ბრალდებებს უარყოფს - ის აცხადებს, რომ სეპარატისტებმა შეიპყრეს და შემდეგ რუსეთის დაზვერვის სტრუქტურების აგენტებმა მალულად გადაიყვანეს საზღვარზე.

მარკ ფეიგინი
მარკ ფეიგინი

სავჩენკოს ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა, უკრაინის ტელევიზიას უთხრა, რომ რუსეთისა და უკრაინის უშიშროების სამსახურები განიხილავენ პატიმართა გაცვლის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლო სავჩენკოს ვერდიქტს გამოაცხადებს.

30 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ფეიგინი აცხადებს, რომ მხარეები განიხილავენ სავჩენკოს გაცვლას უკრაინის ლუგანსკის რეგიონში დაპატიმრებულ ორ რუს სამხედროში, ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვში. ჯარისკაცებს „ტერორისტულ საქმიანობაში“ მონაწილეობა ედებათ ბრალად, კიევის სასამართლომ 22 მაისს მათ 19 ივლისამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა.

მიმდინარე კვირაში კიევმა დაადასტურა მოლაპარაკების გამართვის ფაქტი პატიმრების გაცვლის შესაძლებლობის გარშემო.

ალექსანდროვი და ეროფეევი აცხადებენ, რომ ისინი რუსეთის სამხედრო სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მოპოვების დავალებას ასრულებდნენ დაკავების მომენტში, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოსკოვის განცხადებასთან, რომ ისინი არ არიან მოქმედი სამხედროები.

მზარდი მტკიცებულებების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, კვლავ უარყოფს კიევისა და დასავლეთის ბრალდებებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს მოსკოვი აწვდის იარაღს, უტარებს წვრთნას და ამარაგებს სამხედრო ძალით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG