Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკი: ქართული დელეგაცია გაეროს სამიტზე


ბან კი მუნი
ბან კი მუნი

გაეროში ორმხრივი შეხვედრები დაიწყო. სიუჟეტი ამ თემაზე "ამერიკის ხმის" კორესპონდენტმა ნიუ-იორკში თეა თუაშვილმა მოგვაწოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 69-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მთავრობის წევრებთან ერთად ნიუ-იორკში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. 29-ე კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანა წელს საქართველოა, რაც აქამდე არ მომხდარა. კონფერენცია ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს კახა იმნაძეს მიჰყავდა.

ორმხრივ შეხვედრებს ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც მართავს, რომელიც ცდილობს, რომ გაეროს მომდევნო რეზოლუციისთვის საქართველოს უფრო მეტი მხარდამჭერი ქვეყანა ჰყავდეს. ნიუ-იორკში გარემოს დაცვის მინისტრიც იმყოფება. სამთავრობო დელეგაციას იუსტიციის და ეკონომიკური განვითარების მინისტრები, ასევე კულტურის მინისტრი შეუერთდა, რომელიც ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ფილმების მასშტაბური რეტროსპექტივის გახსნას დაესწრება.

შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გაეროს მოსახლეობისა და განვითარების კონფერენციაზე გამოსვლით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის ოთხწუთიანი სიტყვა საქართველოში ქალთა უფლებების დაცვას, პარლამენტის მიერ მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ღარიბი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სადაზღვევო პროგრამას, სოლიდარობის ფონდს, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებასა და დევნილთა დაბრუნების თემას შეეხო:

"კონფლიქტის რამდენიმე ტალღის გამო საქართველოში 450 000-ზე მეტი ადამიანია იძულებით გადაადგილებული. დღემდე დარღვეულია მათი საკუთარ სახლებში, წარმომავლობის ადგილებში დაბრუნების უფლება, რადგან ვერ კმაყოფილდება მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები. მთავრობის ძირითად მიზნად რჩება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ რამდენიმე სხვადასხვა გეგმას მოცემული მიზნის მისაღწევად".

პარლამენტის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით,"დღეს მოსახლეობისა და განვითარების კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა ის პროგრამები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და განსაკუთრებით ხაზი გაესვა ჯანდაცვის იმ სოციალურ პაკეტს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს".

პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში ვიზიტის დროს გაეროს ფორმატით გამართულ კიდევ სამ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. დატვირთული ვიზიტი აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძესაც. მის განრიგში სამოცდახუთი შეხვედრაა ჩანიშნული. გაეროს წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან კონსულტაციები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციის ბედს წყვეტს.

"[ორშაბათს] უკვე მქონდა ხუთი შეხვედრა, ამ ხუთი შეხვედრიდან არცერთი ქვეყანა არ იყო ისეთი, რომელიც აქამდე მხარს უჭერდა რეზოლუციას. ამ ხუთი შეხვედრიდან მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი გამოვედი, რადგანაც გამიჩნდა იმის განცდა, რომ ჩვენი პრობლემა კარგად გავაგებინე ჩემს კოლეგებს და მუშაობა კიდევ დაგვჭირდება. მაგრამ მაქვს იმედი, რომ ისინი პოზიციას შეიცვლიან. მათ შორის იყო, მაგალითად, ერთი ქვეყანა, რომელიც 2011 წელს უჭერდა მხარს რეზოლუციას, შემდეგ მთავრობის ცვლილების გამო პოზიცია შეიცვალა. ახლა იქ ისევ ახალი მთავრობაა, ახალი მინისტრია, და ვფიქრობ, იგი ძალიან გაგებით მოეკიდა იმ არგუმენტებს, რომელიც მე მქონდა რეზოლუციის მხარდასაჭერად. თუკი მხარდამჭერთა რიცხვი იქნება ძალიან სოლიდური, ახლა გვაქვს 69 მხარდაჭერა 193 ქვეყნიდან, ვფიქრობ, რომ ამას უფრო მეტი მორალური დატვირთვა ექნება იმ მხარისათვის, რომელმაც უნდა შეასრულოს ამ რეზოლუციით გაცხადებული მიზნები", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

კლიმატის სამიტი ნიუ-იორკში სამშაბათს გაიხსნება, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის წარმომადგენლებს მიმართავს. გაეროს 69-ე გენერალური ასამბლეის მონაწილე დელეგაციების მეთაურებისა და მათი მეუღლეების პატივსაცემად მიღებას დღის ბოლოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი მეუღლე გამართავენ, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიცაა მიწვეული. ქართული დიპლომატიური უწყების მხრიდან ამერიკის პრეზიდენტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრის თხოვნა უკვე არსებობს. ცნობილია, რომ ბარაკ ობამა კლიმატის სამიტზე გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებს ერაყსა და სირიაში მუსლიმი მებრძოლების წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიცატივით მიმართავს. საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე ამერიკის ხმასთან აცხადებს რომ საქართველოს პოზიციაზე ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში სხვადასხვა შეხვედრის დროს.

XS
SM
MD
LG