Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საფრთხეები ახლავს ნატოს გასვლას ავღანეთიდან?


შეერთებული შტატების სამხედრო უწყება ამბობს, რომ ავღანეთში ამოცანები შეასრულა და თან, 2015 წლის იანვარში ჯარისკაცების რაოდენობა 11 ათასზე ნაკლებია. თუმცა ზოგიერთი კრიტიკოსი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ ქვეყნის დატოვების გამოცხადებულმა თარიღმა ავღანეთი უსაფრთხოების სუსტი ძალებით, და კორუფციისა და ბიუჯეტის უზარმაზარი გარღვევის წინაშე დატოვა.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა.

ავღანეთში განლაგებულმა ნატოს ძალებმა, დეკემბრის დასაწყისში საბრძოლო მისია ოფიციალური ცერემონიით დაასრულეს.

პენტაგონის წარმომადგენელი, კონტრ-ადმირალი ჯონ კირბი: „ისინი საკუთარ ხალხს იცავენ. გავიმეორებ, გარღვევები არის. ჩვენ მათთან ამ საკითხზე ვიმუშავებთ, თუმცა დიახ, გვჯერა, რომ ამოცანები შევასრულეთ.“

მან ავღანეთის ძალები შეაქო: „როცა ვუყურებთ დღეს სად ვართ და 2002, 2003 წლებში საიდან დავიწყეთ, ავღანური ჯარისკაცების უნარის, კომპეტენტურობის, თავდაჯერებულობის და ხელმძღვანელობის მხრივ, ამ ქვეყანამ ბევრად წაიწია წინ.“

მაგრამ იმ დროს, როცა ბოლოდროინდელი თავდასხმებით თალიბებმა სულ უფრო მეტი სიცოცხლე შეიწირეს, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ავღანურ ძალებს უფრო მეტი დახმარება სჭირდება, ვიდრე იქ ნატოს მცირე კონტიგენტს შეუძლია უზრუნველყოს.

ენტონი კორდესმანი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსია.

„გვჯეროდა, რომ ავღანური ძალები ბევრად უფრო კარგად იყვნენ მომზადებული, ვიდრ ეს რეალურად არის.“

ძალების შესაძლებლობებთან ერთად, ავღანეთის რეკონსტრუქციის საგანგებო რევიზორის, ჯონ სოპკოს მოხსენებაში, უამრავი მაღალი რისკის შემცველი საკითხია მოყვანილი, სადაც კორუფცია და ბიუჯეტის საკითხებიც შედის.

„ავღანეთმა, თავისი მთელი შიდა შემოსავალი უსაფრთხოების ძალებს რომ დაუთმოს კიდეც, ის საჭირო ხარჯების ნახევარსაც გაჭირვებით გასწვდება.“

კირბი ამბობს, რომ ავღანეთიდან ჯარების უმეტესი ნაწილის წასვლის შემდეგაც, შეერთებული შტატები და ნატო შემდეგ ორ წელს იმაში გამოიყენებს, რომ ყურადღება გაამახვილოს საკითხებზე, სადაც სამხედროებს და მთავრობას დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ესენია მხარდაჭერა ჰაერიდან, მომარაგება, რესურსების მართვა და სხვა.

2015 წლის პირველი იანვრისთვის ავღანეთში დაახლოებით 10.800 ამერიკელი სამხედროა. 2016-ში ამ რაოდენობის ნახევარზე ცოტა მეტი დარჩება ამ ქვეყანაში და იმავე წლის ბოლოსთვის ავღანეთიდან ისინი მთლიანად გავლენ.

XS
SM
MD
LG