Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ჰენრი კისინჯერის ლექცია და ჟენევის ფიასკო

დასავლეთის მედიის ყურადღების ცენტრში იყო ვითარება სირიაში, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საბრძოლო პოტენციალის თაობაზე ახალი მონაცემები, ემიგრანტთა კრიზისი ევროპაში და რუსეთის როლი საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში.

გასულ კვირაში ამ თემაზე მოსკოვში ვრცელი მოხსენება წაუკითხავს გორჩაკოვის ფონდში აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰენრი კისინჯერს, რომლის გამოსვლის სრული ტექსტი „ნეიშენალ ინტერესტშია“ გამოქვეყნებული.

კისინჯერი იხსენებს რუსეთის მიერ საერთაშორისო არენაზე ბოლო წლებში გადადგმულ კონფრონტაციულ და არამეგობრულ ნაბიჯებს და შემდეგ სვამს შეკითხვას: ამ ფონზე როგორ უნდა მოახერხოს აშშ-მა ისეთ ქვეყანასთან თანამშრომლობა, რომელიც არ იზიარებს დასავლეთის არც ერთ ფასეულობას, თუმცა, როგორც უდიდესი ბირთვული ქვეყანა, საერთაშორისო წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენსო. წარსულში გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსისა და დიპლომატის თქმით, ბევრი რუსი თუ ამერიკელი კომენტატორი ასეთ შესაძლებლობას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი ახალ „ცივ ომში“ ჩაებნენ, თუმცა ასეთ, „გარდაუვალი უბედურების მაუწყებელ“, შეფასებებს არ იზიარებს კისინჯერი, რომელიც მიიჩნევს, რომ ორივე ქვეყნის გრძელვადიან სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება ისეთი მსოფლიოს არსებობა, რომელიც თანამედროვეობის ტურბულენტურობასა და დინებებს დააბალანსებდა. რაც შეეხება სირიისა და უკრაინის საკითხებში რუსეთ-აშშ-ის დაპირისპირებას, კისინჯერის აზრით, „უკრაინის ინტეგრირება ევროპისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურებში ისე უნდა მოხდეს, რომ იგი გახდეს ხიდი რუსეთსა და დასავლეთს შორის და არა რომელიმე მხარის ავანპოსტი“. დიპლომატი სირიის კონფლიქტის მოწესრიგებაზეც დაახლოებით იმავე აზრისაა: რუსეთისა და აშშ-ის ერთიანი ძალისხმევითა და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან კოორდინაციით უნდა შეიქმნას არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ, სავარაუდოდ, სხვა რეგიონებშიც არსებული კონფლიქტების სამშვიდობო მოწესრიგების მოდელი.

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საბრძოლო პოტენციალს 5 თებერვლის „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული პუბლიკაცია მიმოიხილავს. იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია 18 თვის მანძილზე ახორციელებს საავიაციო იერიშებს „ხალიფატის“ გასანადგურებლად, „ისლამური სახელმწიფო“ გადაქცეულა ისეთ გლობალურ ძალად, რომელსაც შეუძლია სამიზნე გაანადგუროს ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში.

„ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი დევიდ იგნაციუსი, პენტაგონის ანგარიშზე დაყრდნობით, წერს, რომ თვითგამოცხადებულ „ხალიფატს“, რომლის მოქმედებაც თავდაპირველად ერაყითა და სირიით შემოიფარგლებოდა, ამჯერად 21 სახელმწიფოში ჰყავს მხარდამჭერი ჯგუფები და ფილიალები, ხოლო ამ 21-დან 11 ქვეყანაში „ისლამურ სახელმწიფოს“ 33 ე. წ. „სახელმწიფო პროვინცია“ აქვს გამოცხადებული.

პუბლიკაციის ავტორის თანახმად, ექსტრემისტული დაჯგუფება უკვე იკვეხნის, რომ მის მებრძოლებს შესწევთ ძალა დარტყმა თავად აშშ-საც მიაყენონ. ექსტრემისტების მთავარი ილუსტრირებული გამოცემა „დაბიყი“ ამას წინათ წერდა, რომ გასული წლის დეკემბერში კალიფორნიაში, სან-ბერნარდინოში, სწორედ „ხალიფატის“ ერთგული ჯიჰადისტების მოწყობილი ყოფილა ის ტერაქტი, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა.

„რანაირად მოახერხებენ აშშ და მისი მოკავშირეები, რომ უსასრულო გლობალური სახმელეთო ომის გარეშე უფრო ჭკვიანურად ებრძოლონ „ისლამურ სახელმწიფოს?“ - ეს არის ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური შეკითხვა. ნაცვლად იმისა, რომ გაკეთებულიყო ანალიზი, რასაც უნარიანი მოქმედებები მოჰყვებოდა, აქამდე პოლიტიკური დისკუსია ამ საკითხზე მეტწილად მოკლე ფრაზებითა და განცხადებებით შემოიფარგლებოდა. არსებული პრობლემა არ მთავრდება. იგი კიდევ უფრო რთულდება“, - წერს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დევიდ იგნაციუსი.

აშშ-ის მსგავსად, მიმდინარე კვირის ევროპული პრესაც დიდ ყურადღებას უთმობს ვითარებას სირიაში, რომელზეც თებერვლის დასაწყისში ჟენევაში პირველად გაიმართა მოლაპარაკებები სირიის პრეზიდენტის დელეგაციასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. მაგრამ მოლაპარაკებები შეწყდა და 25 თებერვლისათვის გადაიდო მას შემდეგ, რაც სირიის სამთავრობო ძალებმა, რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით, ფართო ფრონტით შეუტიეს ქალაქ ალეპოს, რომელიც სწორედ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე სირიის ოპოზიციის ბასტიონს წარმოადგენს.

„სირიაში მშვიდობის პერსპექტივა კიდევ უფრო შორეული ჩანს მას შემდეგ, რაც ბრძოლებში რუსეთი ჩაერია“, - წერს შვედეთის უდიდესი ლიბერალური გამოცემა „დაგენს ნიუხეტერი“ და განაგრძობს: „ერაყის სამთავრობო ჯარებმა, რომლებსაც ზურგს უმაგრებდნენ ირანის ელიტური სამხედრო ძალების წარმომადგენლები და ერაყის შიიტური სახალხო ლაშქარი, რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით, კვლავ გადავიდნენ შეტევაზე ალეპოს მიმართულებით და ქალაქის ჩრდილოეთში გამაგრებულ ოპოზიციურ ძალებს თურქეთთან დამაკავშირებელი მომარაგების გზები გადაუკეტეს. ამ ვითარებაში ასადს მოლაპარაკებებში მონაწილეობის არავითარი სტიმული არ აქვს. დროა სამუდამოდ დავემშვიდობოთ ილუზიებს, თითქოს პუტინს სირიაში პოზიტიური როლის შესრულება ანდა პოლიტიკური მოწესრიგების მიღწევაში დახმარება სურდეს“, - წერს „დაგენს ნიუხეტერი“.

4 თებერვალს ლონდონში შეკრებილი საერთაშორისო დონორები სირიისთვის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის თაობაზე შეთანხმდნენ. საუბარია ათ მილიარდ დოლარზე. აქედან ექვსი მილიარდი 2016 წლის განმავლობაში უნდა გამოიყოს. თუმცა ამ ფონზე დასავლეთის სისუსტეზე ამახვილებს ყურადღებას საკუთარ კომენტარში იტალიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული „კორეირა დელა სერა“.

„მიუხედავად მთელი დიპლომატიური ძალისხმევისა, დასავლეთი ამ ფინანსური დახმარებით, რომელმაც, როგორც ყოველთვის, ძალიან დაიგვიანა, ვერ შეძლებს დამალოს საკუთარი უუნარობა. სირია და ლიბია გადაიქცნენ საპასუხო თავდასხმების ლაბორატორიად, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ფარისევლურად წარმატებად მიიჩნევს. სირიის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებები ოთხშაბათს ოფიციალურად გადადებულად გამოცხადდა, თუმცა მან გამოააშკარავა ის სტრატეგიული და ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელსაც ლონდონში დაპირებული მილიარდები ვერანაირად ვერ შეცვლის. მოწესრიგების მიღწევის თაობაზე მოწოდებები აშშ-ის მხრიდან, რომლის გავლენაც ყოველწუთიერად მცირდება, ყრუ კედელს წააწყდა, ხოლო ჟენევის ფიასკოთი გამარჯვებული დარჩნენ ასადი და „ისლამური სახელმწიფო“, რომლებსაც შეუძლიათ ოსტატურად გამოიყენონ მოლაპარაკებებში მონაწილეთა განსხვავებული მოსაზრებები“, - წერდა იტალიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული „კორეირა დელა სერა“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG