Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოთხოვება ვალერია ნოვოდვორსკაიასთან


ვალერია ნოვოდვორსკაია
ვალერია ნოვოდვორსკაია

16 ივლისს მოსკოვში ათასობით ადამიანი გამოეთხოვა ვალერია ნოვოდვორსკაიას - გავლენიან ოპოზიციონერ აქტივისტს, საბჭოთა პერიოდის დისიდენტს, რომელიც 12 ივლისს გარდაიცვალა 64 წლის ასაკში. მოსკოვში გამოსათხოვარი ცერემონია გაიმართა ანდრეი სახაროვის სახელობის ცენტრში. საბჭოთა პერიოდში ნოვოდვორსკაია თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოსა და ციხეებში აღმოჩნდა. ის პოსტსაბჭოთა რუსეთშიც მკაცრად აკრიტიკებდა კრემლს. კრიტიკა მიმართული იყო ჩეჩნეთის ომების, საქართველოსა და უკრაინის მიმართ მოქმედების, ისევე როგორც პრეზიდენტ პუტინის საშინაო პოლიტიკის წინააღმდეგ.

ვალერია ნოვოდვორსკაია ბევრჯერ ყოფილა ჩვენი რადიოს გადაცემების სტუმარი. ეს, უწინარეს ყოფლისა, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის გადაცემებს ეხება. თუმცა 2010 წლის თებერვალში, თბილისში სტუმრობისას, მან რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან პროგრამა „წითელი ზონისათვის“ ისაუბრა. გთავაზობთ მის პასუხს - ერთგვარ მონოლოგს, რომელიც მოჰყვა შეკითხვას: როგორი იყო საბჭოთა პერიოდში და როგორია ახლა რუსი დისიდენტების როლი?

ვალერია ნოვოდვორსკაია: ყოფილი საბჭოთა დისიდენტები ერთგვარი ნაპოლეონის ძველი გვარდიაა. როცა ნაპოლეონი ბრძოლას აგებდა, როცა ყველაფერი ბეწვზე ეკიდა, ნაპოლეონი ბრძოლაში ჯერ ახალგაზრდა გვარდიას უშვებდა და მხოლოდ ამის შემდეგ - ძველ გვარდიას. ეს იყო უკანასკნელი მარაგი, უკანასკნელი კოზირი, რომელსაც ბოლოს გაათამაშებდა ხოლმე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია ადეკვატური ცვლა... მრავლისმნახველი სერგეი კოვალიოვი, არცთუ ახალგაზრდა ლიუდმილა ალექსეევა - როგორც ხედავთ, ეს იგივე სახელებია, რომელთაც 70-ან წლებში წაიკითხავდით. უფლებადამცველი მოძრაობის კოდექსია: სიმართლე, მხოლოდ სიმართლე - და ღმერთი შემეწიოს!

მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი რამ შეიცვალა - თუნდაც 70-იან წლებთან შედარებით. მაშინ საქმე გვქონდა ერთ ძლიერ მტერთან: კომუნიზმთან, საბჭოთა ხელისუფლებასთან. შეცდომის დაშვება ძნელი იყო. შეიძლებოდა, არ ყოფილიყავი პოლიტიკაში გარკვეული, არ გეფიქრა ეკონომიკაზე. ეკონომიკა საერთოდ არ არსებობდა! არც პოლიტიკა. არსებობდა მხოლოდ დიქტატურა. ახლა უფრო რთულია! ამიტომ ბევრი დამსახურებული დისიდენტიც კი მწარედ ცდება, როცა უკავშირდება მემარცხენე ექსტრემისტებს ან მათ, ვინც კუბური ვარსკვლავიანი კეპით დაიარება, ან უკავშირდება ნაციონალ-ბოლშევიკებს, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა სწყურიათ სახალხო რისხვის ტალღაზე.

ამ ყველაფრის წყალობით, ახლა ჩვენთან ისეთი მდგომარეობაა, რომ პუტინის მმართველობა რომ დაემხოს კიდეც, ხელისუფლებაში არ მოვლენ ლიბერალები და არავითარ შემთხვევაში არ მოვლენ მედასავლეთეები. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ძალაუფლებას ჩაიგდებენ ულტრანაციონალისტები, ამერიკისა და დასავლური არჩევანის მტრები და კომუნისტები და მათი ახალგაზრდა კონკურენტები „წითელი ახალგაზრდობის ორგანიზაციიდან“, ან ნაციონალ- ბოლშევიკები, რომელთაც ახალი ულიანოვი ჰყავთ ედუარდ ლიმონოვის სახით. ანუ ჩვენთან ეს დამატებითი სირთულე არსებობს: რომ დღეს უფლებადამცველი, რომელიც ვერ ერკვევა პოლიტიკაში, არ სურს იცოდეს, საიდან მოდის სახსრები, საიდან მოდის ფული, როგორ არსებობს სახელმწიფო - სასარგებლოს ვერაფერს გააკეთებს. რადგან მთავარია გააცნობიერო, რომ საჭიროა ქვეყანაში კაპიტალიზმის აშენება, ანუ აქ საჭიროა განსვენებული იგორ გაიდარისა და უფლებადამცველ სერგეი კოვალიოვის გაერთიანება. და მხოლოდ ამ შენაერთს შეუძლია სასარგებლო საქმის გაკეთება. თუ მას, რასაკვირველია, ყურს დაუგდებენ და თუ იარსებებს ის, რასაც ყური უნდა დაუგდონ, რადგან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აღარ არის ჩვენს ხელში. მათ ჩეკისტური ხუნტა აკონტროლებს და ჩვენ არ გვითმობს. და მას ძალიან ნაკლებად ადარდებს ხალხის განათლება. რაში სჭირდებათ მათი განათლება?

მათ სჭირდებათ მუტრუკები, ტლუები, ვისაც სასმელისა და სადგომის გარდა არაფერი აინტერესებს. ისინი დაინტერესებულიც კი არიან დასავლეთში „ტვინების გადინებით“. ისინი არავის აკავებენ, შვებას გრძნობენ - „წადით და ნუ დაბრუნდებითო“, ამბობენ. მათ ჭკუა ისწავლეს ... ვიღაცებს უკვე აღარ კლავენ, როგორც მოკლეს სერგეი უშანკოვი, როგორც მოკლეს გალინა სტაროვოიტოვა. ვიღაცას დასავლეთში აძევებენ, ვიღაცის ხმას საგულდაგულოდ ახშობენ, რომ არავინ გაიგონოს.

დისიდენტები დღეს მართლაც დისიდენტები უნდა იყვნენ. კრემლი კი ლუკმა-ლუკმად გვყლაპავს, ქმნის ცრუ დისიდენტურ სტრუქტურებს, საზოგადოებრივ პალატას. აცხადებს, რომ უფლებადამცველებს შეუძლიათ მასთან თანამშრომლობა. ვინც ამ გზას დაადგა, მთლიანად გაუფასურდა და კრემლს დაეხმარა.

ღეს უნდა იყო არა უბრალოდ ნონკონფორმისტი, არამედ ნამდვილი დისიდენტი! არ უნდა ითანამშრომლო კრემლთან. ყველა უფლებადამცველს ეს არ ესმის. ამიტომ ჩვენში მანდაც გაჩნდა უფსკრული. როცა კრემლმა პირველად მიიწვია უფლებადამცველები და დისიდენტები და პირობაც კი დადო, რომ დაუკრავდნენ არა საბჭოთა ჰიმნს, არამედა ოკუჯავას, ჩვენ საშინლად ვიკამათეთ. სერგეი კოვალიოვი წავიდა, არ უნდოდა „მემორიალის“ განაწყენება. ჩვენ, დანარჩენები, არ წავედით და, შესაბამისად, დისიდენტურ მოძრაობაშიც გაჩნდა განხეთქილება კრემლთან თანამშრომლობა-ართანამშრომლობის საკითხზე, ულტრამემარცხენეებთან თანამშრომლობა-ართანამშრომლობის საკითხზე. ასე რომ, აქაც საკმაოდ პირქუში სურათია.

XS
SM
MD
LG