Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერეს ხეობის ერთი წელი


ავტომაგისტრალი ვერეს ხეობაში
ავტომაგისტრალი ვერეს ხეობაში

13 ივნისის წყალდიდობის ერთი წლისთავს ზოოპარკი განახლებული ვოლიერებითა და ახალი ცხოველებით ხვდება. დედაქალაქის მთავრობის წევრები საზოგადოებას ვერეს ხეობის განახლებული ინფრასტრუქტურის შესახებ ანგარიშს აბარებენ, თუმცა, ამისდა მიუხედავად, კვლავაც დარჩა სამუშაოები, რომელთა გაჭიანურების გამო წყნეთი-ბეთანიის გზაზე მდებარე დასახლებების მკვიდრნი საპროტესტო აქციებს მართავენ.

2016 წლის 13 ივნისი. ზოოპარკი. თბილისს თავსდამტყდარი წყალდიდობიდან ერთი წლის თავზე ზოოპარკი ცხოველების ახალ ნაკადს იღებს. სიმბოლური დამთხვევაა: თბილისის ზოოპარკს დაუბრუნდა პავიანების, მაიმუნების ჯგუფი. 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ და ადიდებულმა ვერემ ყველა მაიმუნი დახოცა. 12 თვის შემდეგ თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკების მიერ ნაჩუქარი ცხოველების მესამე ნაკადი მიიღო. ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე თვალყურს ადევნებს ზოოპარკში მიმდინარე სამუშაოებს. სწორედ იმ ტერიტორიაზე ვესაუბრებით მას, სადაც ჯერ კიდევ თვეების წინ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა და სადაც ახლა ხეების დარგვის პროცესი დასასრულს უახლოვდება. დასასრულს უახლოვდება ზოოპარკის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციაც, რომლის ფასადიც ზოოპარკის ცნობილი ცხოველებით მოიხატა. მათ შორისაა ბეჰემოტი ბეგი:

„ზოოპარკის რელიეფიც კი შეიცვალა. ის ღრმა ადგილები, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო, ახლა აღარ არსებობს, ამოვსებულია და მიმდინარეობს ნარგავების დარგვა. ასევე აღდგა ვოლიერები, აშენდა ახალი ვოლიერები და ამჟამად ევროპის ზოოპარკებიდან სხვადასხვა ცხოველი მოგვყავს. უკვე ჩამოვიდნენ მანგუსტები, კოალები, გნუ, იაკი, მაჩვზღარბები, მაიმუნები“...

თბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი

13 ივნისის სტიქიამდე ზოოპარკში სულ 1 155 ინდივიდი ბინადრობდა, წყალდიდობის შედეგად კი 281 ცხოველი დაიღუპა. წყალდიდობას ემსხვერპლა ზოოპარკის სამი თანამშრომლის სიცოცხლე. საბოლოო ანგარიშით, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ თბილისის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე აღდგა ნიანგის, დათვების, მგლების, მარტორქის, ირმებისა და სხვა ცხოველების სულ ათამდე ვოლიერი. გარდა ამისა, აღდგა განადგურებული კომუნიკაციები, განახლდა მწვანე საფარი. აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ, ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, 500 ათას ლარამდე შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ პარალელურად მიმდინარეობს ზოოპარკის მოწყობის პროცესი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 48 ჰექტარი იქნება, ანუ იმაზე თითქმის ექვსჯერ დიდი, რაც დღევანდელი ზოოპარკის ტერიტორიაა. ამჟამად თბილისის ზღვაზე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დაფინანსებით მიმდინარეობს დათვებისა და მგლების ახალი ვოლიერების მშენებლობა და დაპროექტების პროცესშია ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერები, რომელიც ამავე საზოგადოების დაფინანსებით შენდება. ზურაბ გურიელიძის გათვლებით, ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანის პროცესს, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება.

13 ივნისის სტიქიის შედეგებიდან გამომდინარე, ყველა ძირითადი სამუშაო, რაც იყო დაგეგმილი დაზიანებულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, შესრულებულია, გარდა წყნეთი-სამადლო გზის მონაკვეთისა, სადაც გაწმენდითი სამუშაოები შესრულდა...
დავით ნარმანია

13 ივნისის წყალდიდობას მხოლოდ ზოოპარკისთვის არ მიუყენებია ზიანი. ადიდებულმა მდინარე ვერემ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2 ადამიანი დაკარგულად ითვლება, უსახლკაროდ დარჩა 200-ზე მეტი ოჯახი, განადგურდა ინფრასტრუქტურა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში დედაქალაქის მერიამ რამდენიმე ღონისძიება მოაწყო, სადაც თბილისის მთავრობამ სტიქიით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოების ანგარიში გააცნო საზოგადოებას. თუკი ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, მაშინ უნდა ითქვას, რომ, ანგარიშის მიხედვით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი დაიხარჯა. ქალაქის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ ავტომაგისტრალს, აშენდა ახალი ხიდი, ნაპირდამცავი კედელი, აღდგა 6 გვირაბი, პანდუსებზე ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზების ასფალტის საფარი, განათების სისტემა, მოეწყო ახალი თვალამრიდები, წყალამრიდი სისტემები და ცხაურები. გმირთა მოედანზე განახლდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარი, კუნძულები და მდ. მტკვრის მოაჯირები. რაც შეეხება ვერეს ხეობაში მდებარე„მზიურის“ პარკს, რომელიც ტრაგედიის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, თბილისის მერის განცხადებით, მზადდება პროექტი „მზიურის“ ტერიტორიის გამწვანებისა და მისი შემდგომი განაშენიანებისათვის:

„13 ივნისის სტიქიის შედეგებიდან გამომდინარე, ყველა ძირითადი სამუშაო, რაც იყო დაგეგმილი დაზიანებულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, შესრულებულია, გარდა წყნეთი-სამადლო გზის მონაკვეთისა, სადაც გაწმენდითი სამუშაოები შესრულდა. აქ მალე დამეწყრილი გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. სხვა დანარჩენი ყველა სამუშაო, რაც დაზიანებულ ინფრასტრუქტურას უკავშირდება, შესრულებულია და ამ თვალსაზრისით მდინარე ვერეს ხეობა არის უსაფრთხო“.

ზოოპარკი ერთი წლის თავზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:32 0:00

სწორედ წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის გაჭიანურებული აღდგენა იქცა სამადლოს, კიკეთისა და ბეთანიის მოსახლეობის პროტესტის მიზეზად. საპროტესტო აქცია გამართეს მათ სტიქიური უბედურებიდან ერთი წლის თავზეც. ისინი ამბობენ, რომ გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო უამრავ სირთულეს აწყდებიან. მათ შორის, წყნეთში მოსახვედრად ხუთჯერ გრძელი გზის გავლა უწევთ, დროულად ვერ ახერხებს მათთან მისვლას სასწრაფო დახმარების მანქანა და სხვა. როგორც ირკვევა, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ ამ ერთი წლის მანძილზე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით შესწავლილ იქნა დაზიანებული ტერიტორია, მათი დასკვნა კი ქართულ მხარეს ერთი კვირის წინ გადმოეცა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, დასკვნის მიხედვით, გზის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ის რისკის მატარებელი იქნება. მისი სიტყვებით, საქართველოს მთიან რეგიონში მსგავსი ტიპის გზები ბევრია:

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ გზაზე არ უნდა ვიაროთ ან საშიშია. როგორც დადიან სვანეთში, ხევსურეთში, ასევე ვივლით ამ გზაზეც. ამ გზაზე შეიძლება პრევენციული ზომების მიღება, მაგალითად, დიდი ნალექის შემთხვევაში, როგორიც ახლა გვაქვს, შეიძლება შლაგბაუმის დაკეტვა. მაგრამ ამ ეტაპზე ეს კონკრეტული ზომები არ არის გათვალისწინებული, თუმცა პრევენციული ზომები აუცილებლად იქნება გატარებული, მაგალითად, დაზიანებული მონაკვეთების ჩამოღება, საგანგაშო სისტემების დაყენება და ა. შ.“.

ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, ორ კვირაში გამოცხადდება ტენდერი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კომპანიები, ზაფხულის მიწურულს კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მისივე თქმით, წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენითი სამუშაოები, სავარაუდოდ, ერთ წელს გასტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG