Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან ძაღლების თავშესაფრის დატბორვამდე


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო (მარცხნივ) ხვდება ოდესის ახალდანიშნულ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს. კიევი, 2015 წ. 1 ივნისი
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო (მარცხნივ) ხვდება ოდესის ახალდანიშნულ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს. კიევი, 2015 წ. 1 ივნისი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას, შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირაში ყველაზე ბევრი და სხვადასხვა ხასიათის გამოხმაურება მოჰყვა. განხილვაში ჩართული ადამიანების ნაწილი ფიქრობდა, რომ მისი ოდესის გუბერნატორად დანიშვნა საქართველოს დეოკუპაციისთვის ბრძოლის ერთ-ერთი გზა იყო, მეორე ნაწილი მიხეილ სააკაშვილის ამ პოსტზე დანიშვნას, მხოლოდ და მხოლოდ, უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებდა. რაც შეეხება საზოგადოების მესამე ნაწილს, მათი აზრით, ეს ფაქტი იმის მანიშნებელია, რომ ექსპრეზიდენტის უახლოესი პოლიტიკური გეგმები საქართველოს აღარ უკავშირდება. უნდა ითქვას ისიც, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, გაჩნდა კითხვები იმის თაობაზე, ხომ არ იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა სამართლებრივი ხელშეუხებლობის გარანტია.

როგორც იურისტები განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილის ეს ნაბიჯი იქნება კონსტიტუციური გარანტია, რომ კიევი, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მის ექსტრადირებას აღარ მოახდენს.

თუმცა, მაგალითად, როგორც „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას განმარტავს საერთაშორისო სამართლის ექსპერტი დავით ჯანდიერი, საქართველოს ხელისუფლებას იმ შემთხვევაშიც შეუძლია განაგრძოს სისხლის სამართლებრივი დევნა, თუკი მიხეილ სააკაშვილი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობას, დავით ჯანდიერის თქმით, უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების ფაქტის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება, კონსტიტუციის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია, შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს და ამისთვის მკაცრად განსაზღვრული ვადაც არსებობს: „როგორც კი გახდება ცნობილი ხელისუფლებისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია და ვალდებულიც არის, რომ დაიწყოს თვითინიცირებით ადმინისტრაციული წარმოება, ანდა შესაბამისი საკონსულო დაწესებულება ვალდებულია, რომ წარდგინებით მიმართოს იუსტიციის სამინისტროს. ამ პროცედურაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ჩართული უნდა იყოს შესაბამისი მხარე, ვისაც უნდა შეუწყდეს მოქალაქეობა და გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს მიღებული, მაქსიმუმ, სამი თვის განმავლობაში“.

მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ამჟამინდელმა პერზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მის ამ ნაბიჯს შეურაცხმყოფელი უწოდა.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია კი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტმა გადაწყვიტა ან ყველაფერი დაკარგოს, ან პირიქით, ყველაფერი მიიღოს: „მან სასწორზე დადო ყველაფერი, ვთქვათ: მისი გავლენა, მისი პოლიტიკური წონა და თან საკმაოდ რისკიან რეგიონში, რომელიც, IRI-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე პრორუსულად ითვლება მთელ უკრაინაში. ამას ემატება პრობლემები მოლდოვას დნესტრისპირეთის საზღვართან დაკავშირებით და ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში, სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა, რადგანაც, თუ გაუმართლა, ის შეიძლება გმირად მოგვევლინოს; მაგრამ თუ არ გამოუვიდა, მაშინ ის ეჭვქვეშ დააყენებს მის პოლიტიკურ მომავალს, ზოგადად“.

მთელი კვირის მანძილზე არ ცხრებოდა ვნებათაღელვა იმის თაობაზე, თუ როგორი საარჩევნო სისტემა უნდა ჰქონდეს საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ამ მიზნით, 2 ივნისს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და მათთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში სპეციალური მიმართვა შეიტანეს. ხელმომწერნი მმართველი გუნდისგან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებასა და საარჩევნო სისტემის ცვლილებას მოითხოვდნენ. კერძოდ კი, საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტის ჩანაცვლებას სამხარეო პროპორციული სისტემით.

ანუ, საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 73 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ „რადიო თავისუფლებას“ დეპუტატებისადმი გაგზავნილი მიმართვის მთავარი არსი განუმარტა: „მიმართვა დეპუტატებისადმი გულისხმობს მაჟორიტარული სისტემის ჩანაცვლებას სამხარეო პროპორციულით. ამ სისტემის ჩანაცვლება გულისხობს, რომ, ერთი მხრივ, ამომრჩევლის ხმის წონა გათანაბრდება და 5000 ამომრჩეველიც ერთ დეპუტატს რომ ირჩევს და 150 000 ამომრჩეველიც ერთ დეპუტატს, ასე აღარ იქნება და ამომრჩევლების თანაბარი რაოდენობა აირჩევს თანაბარ წარმომადგენლობას პარლამენტში. ეს ერთი,“...

რაც შეეხება მეორე საკითხს, მიმართვის ხელმომწერებს სჯერათ, რომ, საკონსტიტუციო ცვლილების შემთხვევაში, გასწორდება, მათი თქმით, ის დარღვეული მთავარი პრინციპი, რაც მიღებული ხმებისა და მიღებული მანდატების თანაფარდობას გულისხმობს. სწორედ ამის შესახებ გაამახვილა ყურადღება „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ქრისტიან-დემოკრატმა გიორგი ახვლედიანმა: „ეს მოსპობს და დაამთავრებს საუბარს იმაზე, რომ რამდენ პროცენტსაც აიღებენ პარტიები, იმდენი პროცენტი შევა პარლამენტში, რომ ხმის თანაბრობა გასწორდება ერთხელ და სამუდამოდ და მთავარი, ასე ვთქვათ, პრობლემები მოგვარდება ამ კუთხით“, – ამბობს გიორგი ახვლედიანი.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე წლებია, ვენეციის კომისია საქართველოს არსებული საარჩევნო სისტემის ცვლილების რეკომენდაციას აძლევს.

გასული კვირის მიწურულს კოალიაცია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც სწორედ საარჩევნო სისტემის დახვეწაზე იმსჯელეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. მისი განმარტებით, 2016 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი შერეული სისტემით, რომელშიც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი და დაწესდება 50%-იანი ბარიერი. კოალიციის გეგმა 2016 წლის შემდგომი პერიოდისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც ითვალისწინებს, რომლის დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი: „უახლოეს დღეებში საზოგადოებას უკვე წარვუდგენთ საარჩევნო სისტემის რეფორმის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შინაარსითაც და განხორციელების გეგმითაც დაეფუძნება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს, შესაბამისობაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან, ასევე უპასუხებს საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო სექტორში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს და, ამასთანავე, გავითვალისწინებთ მოსახლეობის დღევანდელ განწყობებს“.

დემოკრატიული პრინციპებისა და თანამედროვე ევროპული სტანდარტების ერთგულებაზე ისაუბრეს 3 ივნისს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე, სადაც მათ ღია მმართველობის კუთხით გატარებული რეფორმები და, ამ მხრივ, ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნეს საზოგადოებას. შეგახსენებთ, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრი გასულ წელს გახდა და 64 ქვეყანასთან ერთად აიღო მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც ქვეყნის საჯარო უწყებებში ორი წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

ღია მმართველობის საერთაშორისო ინდექსის 2015 წლის მონაცემებით, 102 ქვეყანას შორის საქართველოს 29-ე ადგილი უკავია. უმაღლესი, 1 ქულიდან საქართველოს მაჩვენებელი 0,61-ია. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ქულა კიდევ ერთი დასტურია იმ პროგრესისა, რომელსაც ქვეყანამ, ღია მმართველობის თვალსაზრისით, უკვე მიაღწია. როგორც 3 ივნისს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ევროპის რეგიონული კონფერენციის გასამართავად თბილისიც სწორედ ამ წარმატების გამო შეირჩა: „ჩვენი რეფორმების დამსახურებაა, რომ მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის საქართველოს, ღია მმართველობის ინდექსის კუთხით, 29-ე ადგილი უკავია. დღეს ჩვენ, როგორც მმართველი კომიტეტის წევრსა და რეფორმატორ ევროპულ ქვეყანას, გვხვდა ეს პატივი ამ კონფერენციის მასპინძლობისა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ღია მმართველობის შესახებ მთავრობის პირველი პირების განცხადებებს მალევე მოჰყვა ზოგიერთი ჟურნალისტის კრიტიკული გამოხმაურებაც. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი, რომელსაც ხშირად უწევს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, ამბობს, რომ ბოლო დროს „საჯარო ინფორმაციის მიღება უკიდურესად გართულებულია“. გელა სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზეც წერს და „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარშიც დაადასტურა, რომ, მაგალითად, პასუხს კითხვაზე, თუ რის საფუძველზე განხორციელდა საკადრო ცვლილებები კახეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, თვეების განმავლობაში ელოდა.

საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც აღიარებს დევნილთა და ლტოლვილთა უფლებებს, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, წელს ექვსი ქვეყნით მეტმა დაუჭირა მხარი. რეზოლუაციას წელს პირველად ხმა მისცა თურქეთმა, რომელიც მანამდე მხოლოდ თავის შეკავებით შემოიფარგლებოდა ხოლმე.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა შორენა ლორთქიფანიძემ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდა იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი პროცესს ვეღარ აკონტროლებს. მისი სიტყვებით, უკრაინის მოვლენების ფონზე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა რეალური სახე აჩვენა, დევნილების საკითხს, თანდათან, სულ უფრომეტი მხარდამჭერი გამოუჩნდება.

გასულ კვირაში ხელისუფლებას სტიქიისგან მიყენებული ზარალის თვლა მოუწია. თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონს ძლიერი წვიმა და ქარი დაატყდა. შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ქუჩები. ადიდებულმა მდინარე ვერემ კი თბილისის ძაღლების თავშესაფარში რამდენიმე ძაღლი იმსხვერპლა.

რატომ იტბორება თბილისი ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ და რატომ ებრძვის ხელისუფლება სტიქიის შედეგებს და არა მიზეზებს? გეოგრაფმა ჭიჭიკო ჯანელიძემ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ სანიაღვრე სისტემები, სავარაუდოდ, გასაწმენდია. მართალია, სისტემაში წყალი ჩადის, მაგრამ თან მოაქვს ნარჩენები, ცელოფანის პარკები, ჩვრები თუ სხვა ნაგავი, რაც სისტემას ჭედავს და წყალს აღარ უშვებს. შესაბამისად, პასუხიც კითხვაზე – რატომ იტბორება თბილისი ყველა ძლიერი წვიმის დროს – ადვილი გამოსაცნობია: „სანიაღვრე სისტემა მხოლოდ ზედაპირულად გაკეთებას არ ნიშნავს. მხოლოდ „ხუფები“ კი არ უნდა გაუკეთდეს. „ხუფი“ – კოსმეტიკაა. ეს სისტემა მთლიანად, კაპიტალურად უნდა გაიწმინდოს. ადრე რატომ არ იტბორებოდა თბილისი? იმიტომ, რომ სანიაღვრე სისტემა ფუნქციონირებდა. შესაბამისად, მარტივია პასუხიც: თუ ქალაქი დღეს იტბორება, სანიაღვრე სისტემა არ არის წესრიგში“.

ექსპერტების ნაწილის განხილვის საგნად იქცა გასულ კვირაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მათ საქართველოს იმიჯისა და რეპუტაციის შელახვად შეაფასეს. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის განმარტებას, რომლის მიხედვითაც, მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლს პირად შეხვედრაზე აღუთქვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის დანაშაულის მიუხედავად, მას შეეძლო ეპატიებინა ის, რაც პირად საქმეს შეეხებოდა. იგულისხმება „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმე, რომელშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ თანახმად, ერთ-ერთ მთავარ პასუხისმგებელ პირად მოიაზრებოდა: „იცოდნენ მათაც, რომ მან კანონი დაარღვია და რომ ის დასაჭერია. ისე კი არ უთქვია, რომ ის დასაჭერი არაა. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია და იქნებ აპატიოთ. მეც ვუთხარი, რომ, რაც პირადულია, მეშემიძლია ეს გავაკეთო და, მართლაც, პროკურატურიდან განცხადება, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მე შევაჩერე განცხადების მსვლელობა, მაგრამ საერთო საქმეები და მე მასაც განვუმარტე, ვინც მთხოვა, ქადაგიძესაც შევხვდი იმის შემდეგ და განვუმარტე. მაგრამ თუ მას სახელმწიფოს წინაშე აქვს რაიმე დარღვევა ჩადენილი, რა თქმა უნდა, მე ვერცერთნაირად ხელს ვერ დავაფარებ“.

„ინტელექტ-ბანკის“, „სტანდარტბანკის“, „სახალხო ბანკისა“ და „ქართუ ბანკის“ საქმეებზე გამოძიება გრძელდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე პროკურატურას „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ჯერ არ დაუკითხავს. ბიძინა ივანიშვილის ბრალდება 5 ივნისს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე მან ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელებად და ეროვნულ ბანკზე მორიგ თავდასხმად შეაფასა. გიორგი ქადაგიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას არასერიოზული უწოდა და შეაფასა, როგორც ქვეყნის ეკონომიკისა და რეპუტაციის დამაზიანებელი ფაქტორი, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მიმართულებით.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული მიიჩნევს,რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება, პირველ რიგში, საგამოძიებო ინსტიტუტებს, მათ რეპუტაციას ურტყამს და სწორედ ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ საკითხზე საჯარო განმარტებები გააკეთონ. მისივე სიტყვებით, კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულის პოზიციას, ვინც არ უნდა იყოს ის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც გამოძიების დასაწყებად და არც რომელიმე პირის პასუხისგებაში მისაცემად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG