Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ასამართლებენ "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტს


ჯეისონ რეზიანი თეირანში გამართული პრესკონფერენციის დროს, 2013 წლის სექტემბერში.
ჯეისონ რეზიანი თეირანში გამართული პრესკონფერენციის დროს, 2013 წლის სექტემბერში.

26 მაისს თეირანში დაიწყო გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ამერიკელი კორესპონდენტის, წარმოშობით ირანელი ჯეისონ რეზაიანის დახურული სასამართლო პროცესი. მანამდე მან ათი თვე დაჰყო პატიმრობაში.

ზუსტად ცნობილი არ არის, რის საფუძველზე დააკავეს ამერიკელ-ირანელი ჟურნალისტი, ჯეისონ რეზაიანი თავის ცოლთან, ასევე ჟურნალისტ იეგანე სალეჰისთან ერთად თეირანში, თავიანთ სახლში. მოგვიანებით სალეჰი გაათავისუფლეს და, როგორც ვარაუდობენ, მის წინააღმდეგ ცალკე საქმეა გახსნილი. ირანის ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ არ გაუსაჯაროებიათ ბრალდების დეტალები.

26 მაისს გაიმართა რეზაიანის საქმესთან დაკავშირებული პირველი დახურული სასამართლო სხდომა, რომელზეც დასწრების უფლება განსასჯელის ოჯახის წევრებსაც კი არ მიეცათ. როგორც სასამართლოს წარმომადგენლმა, ღოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეიემ უთხრა „ისნა ნიუსის“ სააგენტოს, სხდომაზე დაშვებული იყვნენ მხოლოდ რეზაიანის ადვოკატი და თარჯიმანი.

25 მაისის ნომერში „ვაშინგტონ პოსტმა“ თავისი თანამშრომლის მხარდასაჭერ წერილში სასამართლო სხდომას „გარე სამყაროსთვის დახურული“ უწოდა. გაზეთის აღმასრულებელი დირექტორის, მარტინ ბარონის თქმით, „უსასრულოდ გრძელდება ეს სამარცხვინო, უსამართლო ქმედებები რეზაიანის მიმართ. ახლა შევიტყვეთ, რომ მისი სასამართლო პროცესი გარე სამყაროსთვის დახურული იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერ მოხერხდება პროცესის სათანადო შესწავლა.“

რეზაიანის ადვოკატმა ლეილა აჰსანმა „ტასნიმის“ სააგენტოსთან ინტერვიუში რეზაიანის გასაიდუმლოებულ ბრალდებაზე ისაუბრა: „მას ადანაშაულებენ ჯაშუშობაში, საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებასა და მისი მტრული სახელმწიფოებისთვის გადაცემაში. კიდევ პრეზიდენტ ობამასთვის წერილის მიწერასა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებაში.“

„ვაშინგტონ პოსტის“ საერთაშორისო განყოფილების რედაქტორი დუგლას ჯელი ირწმუნება, რომ ჯეისონ რეზაიანი მხოლოდ თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ცდილობდა ინფორმაციის მოპოვებას, შემდეგ მის გადამოწმებასა და საბოლოოდ გამოქვეყნებას.

რეზაიანის საქმემ დამატებითი დაძაბულობა გამოიწვია აშშ-ისა და ირანს შორის ურთიერთობაში, იმის ფონზე, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცდილობს, თეირანთან მიაღწიოს შეთანხმებას მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ობამამ რეზაიანის წინააღმდეგ ბრალდებებს „გაუგებარი“ უწოდა და ირანს მოუწოდა, გაათავისუფლოს ის და აშშ-ის ყველა სხვა დაკავებული მოქალაქე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის თქმით, სავარაუდოდ აშშ-ის მთავრობის დავალებით მოქმედმა უშიშროების თანამშრომელმა რეზაიანი თავისი მიზნებისთვის გამოიყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG