Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავი


"პატივი უნდა მივაგოთ იმ მამაკაცებს და ქალებს, რომელთაც ათწლეულების წინ იმსახურეს და თავისუფლების იდეალებისთვის მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს" - პრეზიდენტი ობამა.

პრეზიდენტი ობამა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, 8 მაისი არის ის დღე, როცა "პატივი უნდა მივაგოთ იმ მამაკაცებს და ქალებს, რომელთაც ათწლეულების წინ იმსახურეს და თავისუფლების იდეალებისთვის მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს. ეს იყო თაობა, რომელმაც ომის დამთავრებით მსოფლიო გადაარჩინა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, და საფუძველი ჩაუყარა მშვიდობას“.

ამერიკის პრეზიდენტმა სთხოვა მათ, ვინც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების იუბილეს აღნიშნავს, იმ ქალებს და მამაკაცებსაც მიაგონ პატივი, ვინც ამჟამად შეერთებული შტატების არმიაში მსახურებს. „მოდით, კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ ერთგულება იმ საერთო ღირებულებებს, რომელიც ევროპელ მოკავშირეებთან და არამარტო მათთან გვაერთიანებს. ესაა: თავისუფლება, უსაფრთხოება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა მთელ მსოფლიოში“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ.

გამარჯვების დღეს ევროპის ქვეყნებიც აღნიშნავენ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი პარიზში იმყოფება. ის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორენ ფაბიუსს შეხვდა და მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ საგანგებო ცერემონიალს დაესწრება.

საფრანგეთი 1945 წელს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს მასობრივი ღონისძიებებით აღნიშნავს. დღესასწაული გაიმართება დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ლონდონის პარკში გრანდიოზული კონცერტი იგეგმება.

ჯონ კერიმ და ლორენ ფაბიუსმა დღეს ერთად შეამკეს გვირგვინით პარიზში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავი. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ასევე იღებს მონაწილეობას საფრანგეთში გამართულ სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მუშაობაში, რომელიც რეგიონულ საკითხებს განიხილავს. საბჭოს მომდევნო შეხვედრა შემდეგ კვირაში ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება.

XS
SM
MD
LG