სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:28

ბლოგები / ზაალ ანდრონიკაშვილი

სტუმრები მომავლიდან

x
ტექსტის ზომა - +
"მშვენიერი მომავლიდან გავიგონე ხმაო"
სტუმარი მომავლიდან

"ღმერთია მოწმე, არ მინდოდა!"
რიჩარდ III


"ნაციონალურ მოძრაობას" რომ ჰკითხო, სქარათველომ უნდა აირჩიოს ბნელ ძალებს შორის, რომლებსაც საქართველოს წარსულში დაბრუნება უნდათ (რომელსაც პინგვინების მოყვარული ფულის ტომარა ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო შემოკრებილი 30 ვერცხლად ყველაფრის გამყიდველი ადამიანები განასახიერებენ) და ნათელ (გაბრწყინებულ) მომავალს შორის, რომელშიც ჩვენი ქვეყანა მმართველი პარტიის ბრძნული ხელმძღვანელობით შეაბიჯებს.

ივანიშვილის დაპირებები უხვი კია, მაგრამ კონკრეტულობით ვერ დაიკვეხნის და ამიტომაც ვარაუდისათვის საჭიროზე დიდ სივრცეს ტოვებს. ასე, ჩემი კოლეგა გია ნოდია ივანიშვილისეული ქართული ოცნების მოდელს "ჭორვილურ კომუნიზმში" ხედავს. მართალია, მისი ანალიზის ლოგიკური ჯაჭვის ყველა რგოლი ჩემთვის ბოლომდე ნათელი არ არის, მაგრამ დღევანდელი პრაქტიკიდან მომავლის პროგნოზირება, როგორც ანალიტიკური მეთოდი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მოდი, ეს მეთოდი მმართველ პარტიასაც მივუსადაგოთ. მაშ, როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის მომავალი, რომელშიც "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომ შეგვიყვანოს?
სხვა საქმეა, როდესაც მინისტრს თავის გვერდით განათლების სისტემის მასზე უკეთ მცოდნე, მასზე გამოცდილი და თანაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ყოლა არ უნდა.

რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, თანამდებობიდან გაათავისუფლა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ამბავს არაჩვეულებრივი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ის იყო, რომ განათლების სამინისტროს ცოტათი გაუჭირდა აეხსნა, რატომ მოხსნეს ადამიანი, რომელსაც თითქოს დაშავებითაც არაფერი დაუშავებია, იშვიათი პროფესიონალის რეპუტაცია ჰქონდა და განათლების რეფორმაშიც არც თუ ისე პატარა წვლილი მიუძღოდა. რეზონანსი, რომელიც თანამდებობიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლებას მოჰყვა, იმით თუ აიხსნება, რომ სამინისტროს ნაბიჯი არა მარტო დიმიტრი შაშკინის, არამედ მთელი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის სიმბოლოდ გამოდგება.

დიმიტრი შაშკინის გამინისტრების შემდეგ ერთობ კარჩაკეტილი სამინისტროს პირველი, სიტყვაძუნწი კომენტარი გვამცნობდა, რომ მინისტრმა ქ-ნი მიმინოშვილი თანამდებობიდან "პირადი შეუთავსებლობის" გამო გაათავისუფლა (თუმცა, "ღმერთია მოწმე", ამის გაკეთება არ უნდოდა). არაფერს ვიტყვი მინისტრის იგავ-არაკზე "პირადი შეუთავსებლობის" შესახებ. ისე, გასაკვირი არ არის, რომ განათლების ყოფილი (მიმინოშვილი) და ჯერ კიდევ აქტუალური (შაშკინი) მინისტრი ერთი სამინისტროს ჭერქვეშ თავს ძალიან კომფორტულად ვერ იგრძნობენ. კომფორტი კი, მოგეხსენებათ, განათლების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ. გაირკვა, რომ ქ-ნ მიმინოშვილსა და ბ-ნ შაშკინს, სხვათა შორის, გამოცდების ფორმაზე, შინაარსზე და რაოდენობაზე განსხვავებული მოსაზრებები ჰქონიათ.

ორივე პოზიცია არგუმენტირებულია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეკითხვა, აუცილებელია თუ არა მინისტრს და მის თანამშრომელს ერთი და იგივე პოზიცია ჰქონდეთ. ქ-ნი მიმინოშვილის თქმით, ის არ მალავდა თავის შეხედულებებს და მინისტრს ეკამათებოდა კიდეც, მაგრამ, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის ბრძანებას ემორჩილებოდა. მე რომ მკითხოთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია და თუ სამინისტროს თანამშრომელი ბრძანებას, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ეთანხმება, კარგად ასრულებს, პრობლემაც არ გაჩნდება. სხვა საქმეა, როდესაც მინისტრს თავის გვერდით განათლების სისტემის მასზე უკეთ მცოდნე, მასზე გამოცდილი და თანაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ყოლა არ უნდა.
სწორედ ეს ტყუილნარევი თავხედური არაკომპეტენტურობაა შაშკინის და მისი გუნდის სამარკო ნიშანი.

შეუთავსებლობის კიდევ ერთი მიზეზი, როგორც გაირკვა, უცნაური ატესტატები ყოფილა, რომელიც მინისტრს სპეციალურად შეუქმნია "ეთნიკური სომხების და აზერბაიჯანელებისათვის", რომლებმაც გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარეს. ამ ატესტატის უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ ატესტატს ატესტატი კი ჰქვია, მაგრამ გაუგებარია, რის ატესტაციას აკეთებს, იმიტომ, რომ არ შეესაბამება ცოდნას, რომელსაც ადასტურებს. ასეთი ატესტატით ადამიანი საქართველოში ვერ ისწავლის (იმიტომ, რომ ვერ ასრულებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების კრიტერიუმებს), მაგრამ შეიძლება საზღვარგარეთ ისწავლოს. საზღვარგარეთ კი იმიტომ მოახერხებს სწავლას, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ჩვენი სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებს (ჯერჯერობით) ენდობიან და ძნელად წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს შეიძლება ორი ატესტატი ჰქონდეს: ერთი ნამდვილი, ხოლო მეორე გარეგნულად ნამდვილი (ნომრით, ბეჭდით და ა.შ.), ხოლო სინამდვილეში კი - ყალბი. კაზუისტიკის მოყვარული სამინისტრო განგვიმარტავს, რომ სიყალბე "არის ყალბი ინფორმაციის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, რასაც სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემისას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატები, რომლებიც სამინისტროს მიერ გაიცა, არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და შეიცავს კანონით განსაზღვრულ ყველა დამცავ მექანიზმს". თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე გამიჩნდებოდა შეკითხვა, რას დაარქმევდა სამინისტრო ატესტატს, რომელიც არარსებულ ცოდნას ადასტურებს.

შაშკინის მინისტრობისათვის ეს შემთხვევა ტიპურია. მან ვერ მოახერხა განათლების სისტემის პრობლემის აღმოფხვრა: საშუალო განათლება საქართველოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (რომელიც განათლების მინისტრს არასამთავრობო ორგანიზაცია ჰგონია) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA) ქართველ მოსწავლეებს კატასტროფული შედეგები ჰქონდათ. ნებისმიერი, თუნდაც ოდნავ პასუხისმგებელი მინისტრი შეეცდებოდა გაერკვია, რაშია პრობლემა და როგორ შეიძლება მისი დაძლევა. შაშკინმა კი კვლევა გამოაცხადა "ნონსენსად" და თან მკითხველის მოტყუება სცადა, ამ კვლევაში წამყვანი ქვეყნები მონაწილეობას არ იღებენო. სწორედ ეს ტყუილნარევი თავხედური არაკომპეტენტურობაა შაშკინის და მისი გუნდის სამარკო ნიშანი.

პრობლემა ის არის, რომ არაკომპეტენტურობა და მისთვის დამახასიათებელი თავხედობა მმართველი პარტიისათვის ერთეული შემთხვევა არ არის. განათლების მინისტრმა ისიც გაგვიმხილა, რომ ქ-ნი მიმინოშვილისათვის, თურმე, ასარჩევად ორი თანამდებობა შეუთავაზებიათ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და რომელიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩისა. მინისტრიცა და მისი თანაპარტიელებიც ძალიან გაკვირვებულები იყვნენ, რომ განათლების ექსპერტს არც დიპლომატობა მოუნდომებია და არც ჯანდაცვის მენეჯერობა. ამ შემთხვევაში ქ-ნი მიმინოშვილი უფრო გამონაკლისი შემთხვევა გახლავთ, ისე კი მინისტრიდან მოყოლებული მნიშვნელოვან თანამდებობებზე მრავლად იხილავთ არა განათლების, უნარის და კომპეტენციის, არამედ პარტიული ნიშნით, პირადი ერთგულებით ან საქართველოს პრეზიდენტის სიმპათიის გამო მოხვედრილ ადამიანებს. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ საქართველოში პროფესიონალები არ არიან, არამედ იმაში, რომ ერთი სფეროს პროფესიონალები, შაშკინისნაირი პირადი შეუთავსებლობის გამო ისეთ თანამდებობებზე ხვდებიან, რომლებისაც არაფრის გაეგებათ. სააკაშვილის მთავრობისათვის ეს ჩვეულებრივი ამბავია.

შაშკინმა, რომელიც იქამდე მეციხოვნეთუხუცესად მუშაობდა, საშუალო განათლების რეფორმას იოლად გასაპიარებელი უსაფრთხოების რეფორმა ამჯობინა და სკოლები მაქსიმალურად მიამსგავსა თავის ყოფილ საკურატოროს. არც არის გასაკვირი: კონსერვის ქარხნის დირექტორი რომ დაენიშნათ განათლების მინისტრად, ალბათ სასკოლო სასადილოებს კონსერვებით ავად თუ კარგად უზრუნველყოფდა, მაგრამ განათლების დონეს ვერაფერს უშველიდა. შაშკინმა შეძლებისდაგვარად დახურა განათლების სისტემა, საჯარო განხილვისათვის ხელმიუწვდომელი გახადა, ჩაკლა თვითმმართველობის ყველა ელემენტი და მინისტრზე აწყობილი ადმინისტრაციული ვერტიკალის შექმნა განიზრახა. ცხადია, რომ ვერც მიმინოშვილი და ვერც რომელიმე განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი ამ ვერტიკალში ვერაფრით ჩაეწერებოდა.

მიმინოშვილის მოხსნას კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზი დაემატა: მისი ძმა და შვილი ოპოზიციურ "ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს. ამ ვარაუდის დამადასტურებელი მე არაფერი ვიცი და ამიტომ ვერ გავიზიარებ, მაგრამ სამაგიეროდ შემიძლია გაგიზიაროთ მარადი ვიცე-სპიკერის, გიგი წერეთლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ საჯარო მოსამსახურეები ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობენ, მაშინ მათ სახელმწიფო სამსახური უნდა დატოვონ. როგორც ჩანს, მრავალმმართველპარტიაგამოვლილ ვიცე-სპიკერს სახელმწიფო და მმართველი პარტია ერთი და იგივე ჰგონია.

ახლა კი მოდი ვიკითხოთ, რით განსხვავდება ის მომავალი, რომელსაც აწმყოში მინისტრი შაშკინი და ვიცე-სპიკერი წერეთელი წარმოადგენენ, იმ არც თუ ისე კარგად დავიწყებული წარსულისაგან, სადაც სახელმწიფო მოხელეებად პარტიული და პირადი ერთგულების მიხედვით ინიშნებოდნენ უვიცი და პრეტენზიული ვიგინდარები?

Tags: განათლება, ბლოგი, განათლების სამინისტრო, გამოცდების ეროვნული ცენტრი, მაია მიმინოშვილი, დიმიტრი შაშკინი, გიგი წერეთელი, PISA



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
19.06.2012 12:03
"20 წელიწადში საქართველოში საკმარისი პროფესიონალი დიპლომატი გაჩნდა."
მაგალითად ფანჯიკიძე ალბათ, არა? მაესტროზე ფილმი რომ აჩვენეს, ნეტა ივანიშვილს არ დააინტერესა, ეს ყველაფერი საიდან და როგორო?

ავტორი: GERMANE
18.06.2012 12:54
ბატონო ზაალ, მინისტრმა რომ მოადგილე გაათავისუფლოს - ვერ ვეწყობიო, იმ მიზეზით, არაა გასაკვირი და ამგვარი ნორმალურ სამსახურშიც ბევრჯერ მინახავს -აქ გერმანიაში. "ვერ ვენდობი", ან "პიროვნული შეუთავსებლობა" არი ხშირი მიზეზი ე.წ. "გაშევებულებისა" - ანუ ხელფასს იღებს და სამსახურში არ მიდის.
ეს არაა მთავარი სადისკუსიო თემა სააკაშვილის ხელისუფლებასთან.

ან, გინდაც ის საკითხი ანუ კრიტიკის პუნქტები აიღეთ "შენ გეხებამ" რომ საკონსტიტუციო ცვლილების შეთავაზებად გააკეთა (სხვათაშორის ბევრმა უცხოეთში განათლებულებმაც რომ მოაწერეს ხელი - ჩემდა გასაკვირად) - კონკრეტულად კი - საარჩევნო პერიოდშიო ხელისუფლებას არ მიეცეს უფლება რაიმე სამოქალაქო დიდი პროექტი განახორციელოსო. აქ, გერმანიაში, სიცილიც უძნელდებათ ამგვარ მოთხოვნებზე რადიკალურად ანტი-სააკაშვილის პოლიტიკურ მიმართულებებსაც კი. ამაზე დიდი სისულელე რა უნდა "მოთხარო" როგორც ოპოზიციამ? სახელმწიფო მმართველობას არ მისცე უფლება საკუთარ, დამტკიცებულ ბიუჯეტზე. ამით, ბატონო ზაალ, დემოკრატიის მართლაც მომხრეებს ვაცინებტ ჩვენსავე გულუბრყვილობაზე, ისევე როგორც ნათელაშილი აღარაა სერიუოზულად მისაღები მისი კომსომოლური იდეებიტ.

სააკაშვილთან ის რაც მართლა სადაოა - ამაზე არავინ ფიქრობს და ყველა ყურს და თვალს იბეცებს:
1. ე.წ. მტლიანად საქართველოს "მოძრაობა" სახელად "კარდაკარ".
ეს პროგრამა, რომელიც ვითომდა "დემოკრატიას" და საარჩევნო მორალს უნდა ამტკიცებდეს, არათუ კონკრეტულ რეალობაში, არამედ თეორიულადაც კი არის სახელმწიფო აპარატის საარჩევნო კამპანია საბიუჯეტო თანხებით.
ბატონო ზაალ, გინახავთ კი კონკრეტულად როგორ ხდება ამ "კარდაკარის" რელიზება? მოვა თქვენთან სახლში 3- დან 5-მდე ადამიანი, რომელთაც ვითომდა არა აქვთ უფლება ვინმეს რეკლამა გაუწიონ, ოღონდ, იმის უფლება კი აქვთ რომ გითხრან - ჩვენ სახელმწიფო გვაფინანსებს და ის გვაგზავნისო და ახლა კეთილი იბრძანეთ და არჩევნებზე მიდითო.
ამის შემდეგ რა შთაბეჭდილება დაგრჩება - მოგეხსენებათ. თანაც იცი, რომ იმ 3 ან 5 კაცში ერთი-ორი კია ოპოზიციის წარმომადგენელი, მაგრამ, 2 სამთავრობოა.

ეს პროგრამა უნდა საბოტირდეს - ესაა ყველაზე დიდი გაყალბება არჩევნებისა და ადამიანების დაშინება.

2. წლების მანძილზე ადამიანებს არა აქვთ საშუალება გააკონტროლონ, თუ რამდენი "მკვდარი სულია" მათ საოჯახო წიგნში. ბევრ რეგიონში გამგებლები ოჯახებს "წყლის ფულს" "ურასხოდებენ", იმის საფასოდ, რომ ეს არავინ იკითხოს.
რატომ წყლისას?
მოგეხსენებათ, რომ თბილისში და ბევრ რეგიონში წყლის პრივატიზაცია მოხდა და გადახდა ხდება ჩაწერილი სულის რაოდენობის მიხედვით. ფირმა, რომელიც ფულს კრებს, სარგებლობს იმ ადამიანთა რიცხვით, რომელიც ოჯახის სახელზეა ჩაწერილი. ამიტომაც არიან გამგებლები საკუთარი ტყავით პასუხისმგებელნი, რომ სადმე დიდი საქმე არ "გასკდეს".
ამგვარი გაყალბებით მთავრობას სულ მცირე ნახევარი მილიონი ხმის მისაკუთრება შეუძლია.
და ისე რომ არ მოხდეს, როგორც ეს უკვე ერთხელ მოხდა და საქართველოს დემოგრაფიულად 90% ამომრჩეველი არ ჰყავდეს (რასაც უცხოელებმა ერთხელ უკვე გაკვირვებით შეავლეს თვალი), კეთდება ისე, რომ გაქცეული და გახიზნული მოსახლის შესაბამისი რაოდენება იწერება "მკვდარ სულად".
ამას კვლევა და გამოძიება უნდა.
ამის სურვილი კი არც "ლიბერალს" არც არასამთავრობოებს და რატომღაც არც "ეს შენ გეხებას" არ აქვს.
ამის მაგივრად სასაცილო პრეტენზიებს უყენებენ სააკაშვილს - ეს თუ ააშენა, ის რატომ არაო.
სატირალია პირდაპირ ქართული პოლიტიკური მორალი და კულტურა.

ავტორი: ანონიმი
17.06.2012 23:15
"დიპლომატი გაჩნდა" მომეწონა.

ავტორი: აღმავალი საიდან გვწერთ: თბილისიდან
07.06.2012 20:56
"ლაშა ოთხმეზური, რომელიც, როგორც სწორად ბრძანეთ, ელჩად არ დანიშნულა"
ეს ჩემი სიტყვები არაა, ბატონო ზაალ.
ეს თქვენი სიტყვებია.

8

მე ახლა ვნახე თქვენი კომენტარი და უკვე ინტერნეტს მოვიძიე ცნობები ამ პიროვნებაზე.
გამოჩნდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინტერნეტ-გვერდი.
აი ეს გვერდი:
http://spain.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=262
აქ ნახსენებია, რომ ბატონი ოთხმეზური დიახაც იყო საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში.
გამოდის - მე სწორად მახსოვს.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
05.06.2012 17:43
ალექსანდრე ჩიკვაიძეც დიპლომატი იყო, და ნინო კალანდაძე(თვითმფინავებში)დიპლომატია...დიპლომატიის გვირგვინია კაპანაძე- "ჩტო, გდე, კოგდა"...იზრდება საქართველოში დიპლომატია აბა რააა?-ასეა საქართველოში, უინტელექტო, თან ამბიციური პირველი კაცი, მის გვერდით მასზე ყოველთვის უნიჭოებს იყენებს და შედეგად ვიღებთ იმას, რაც მივიღეთ-პარტიული იდეალებისადმი და ბელადის თუნდაც სულელური აზრისადმი ერთგულება პროფესიონალიზმის ნაცვლად!გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია!

ავტორი: ანონიმი
04.06.2012 22:33
ელჩიო ისე ლაპარაკობთ თითქოს ბოლო 200 წელია ელჩების დასაბეჭდი დაზგა გვქონდა საქართველოში და იმდენი კადრი გვყავს ასარჩევად გვაქვს საქმე....ერთია საქართველოში პროფესიონალი დიპლომატი და ისიც მინისტრი.......დანარჩენს გაზრდა უნდა,გაზრდას კიდე დრო.....

--------------------------------------------------------------

სასამართლო, რომ იყო იმას ჯობია,მე არ ვამბობ ამას საერთაშორისო კვლევები და გამოკითხვები ამბობს....
უვარგისი პიროვნება აღმოჩნდა ეგ ქალბატონი...შეიძლება მართალი იყო შაშკინთან,მაგრამ სინდისთან მტყუანია,თუ აქვს სინდისი საერთოდ.....
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
05.06.2012 11:35
20 წელიწადში საქართველოში საკმარისი პროფესიონალი დიპლომატი გაჩნდა. მინისტრი საბჭოთა სკოლისაა და მარტო არაა. სასამართლო მთლად წყალწაღებულს ჯობდეს, ეს არ არის შეფასების კრიტერიუმი.

ავტორი: fiqo
04.06.2012 16:41
განათლების სამინისტროს ფეისბუქის გვერდი. პოსტი : “პროგრამაში "Summer Job” მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი რეგისტრაცია ჩატარდა » .
ამონარიდები "თანამედროვე, თავისუფალი,დემოკრატიული, დასავლური ღირებულებების მატარებელი" [სავარაუდოდ,ნაციონალი] ახალგაზრდების კომენტარებიდან :
« დადებითად აღსანიშნავი პროგრამაა სტუდენტთა საზაფხულო დასაქმება. ამ პროექტის თანახმად ჩვენი მომავალი თაობა დაეუფლება პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და თან გაიჩენენ შემოსავალს ».
« რაც ამ პროექტის შესახებ გავიგე, იმ დღიდან სულ ვამბობ რომ ნამდვილად ეროვნული და ჰუმანური პროექტია »
« არასოდეს ასეთი გრანდიოზული პროექტი არ განხორციელებულა სტუდენტთა დასაქმების მხრივ. ამიტომაც მხარს ვუჭერ პრეზიდენტის ინიციატივას და განათლების სამინისტროს მიერ გაწეულ მუშაობას სტუდენტების დასაქმების მხრივ »
« ამ ასაკიდან შრომის სიყვარული და დასაქმება ძალიან კარგია »
« ის,რაც დგეს ხდება შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს. ჩვენმა ქვეყანამ მოკლე დროში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა ».
ენა, რომლითაც თურმე დღეს ჩვენი "დასავლური ღირებულებების მატარებელი", "პროგრესული" ახალი თაობა ფეისბუკში საუბრობს, იმდენად ნაცნობია, რომ მეშინია, ნაციონალები საავტორო უფლებებზე არ შემოედაონ. ყველაფერს აჯობებედა, კომენტარის წინ წანამძღვარის გაკეთება: "როგორც ჩვენი დიდი პრეზიდენტი, ბ-ნი მ.ს. იტყოდა"...

(ეს ის ‘ახლებურად მოაზროვნე » თაობაა, რომელმაც თანამედროვე,თავისუფალი, დემოკრატიულ ღირებულებეზე დაფუძნებული სახელმწიფო უნდა ააშენოს ჩვენი ახლანდელი ასვე "ჯანსაღად" და "დემოკრატიულად" მოაზროვნე პოლიტიკოსების ხელდასმით).

ამ გულისამრევი ერთფეროვნების ფონზე ხელი წამიცდა და... ერთი კომენტარი მეც დავწერე. ვაგლახ, მოსაზრება განსხვავებული გამომივიდა: "მეჩვენება, თუ " მილიონი სამუშაო ადგილის" ისტორია უფრო შთამბეჭდავი იყო? სად მილიონ ადამიანს რომ გააბრიყვებ და სად კიდევ სულ რაღაც 25 000 სტუდენტს :D" აქ რაიმეს უცენზუროს ხედავთ? ცილისწამებაც გამორიცხულია : ორივე პროექტის "გაბრიყვებულებს" პირადად ვიცნობ. და მიუხედავად ამისა, ჩემი კომენტარი უბრალოდ გაქრა, დაკომენტარების" ფუნქცია კი დაიბლოკა, ალბათ, მხოლოდ ჩემთვის, იმიტომ რომ პროექტით აღფრთოვანებულთა კომენტარები კვლავ გაგრძელდა.

მაშ, მიპასუხეთ,ამხანაგებო, იქ, სადაც ნორჩი თაობა ასეთი ხალასია, ხოლო დემოკრატიის შუქურა ასე თვალისმომჭრელად კაშკაშებს, რა ხელი აქვს ბოროტი რუსეთუმეების კიჟინს არაკომპეტენტურ კადრებსა და საეჭვო წარსულში დაბრუნებაზე ?! ;DDD

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
04.06.2012 09:29
ავტორი: ანონიმი
02.06.2012 22:26
ახლა მივხვდი...............................მაგიტომ გაიქცა სასამართლოში ქალბატონი მიმინოშვილი?)))))ჩვენთან ხომ პინგვინა ივანიშვილია უზენაესი სასამართლი ))))) -ასეთი კომენტარით შენვე აღიარებ, რომ საქართველოში სამართალი არ არსებობს....

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
04.06.2012 08:46
ოთხმეზურის არ ვიცი მაგრამ ამჟამინდელი ჯანდაცვის მინისტრი იმდენად შროსაა თავისი სამინისტროსგან რომ ვერც წარმომიდგენია რას უნდა აკეთებდეს ის თავის სამუშაო ოთახში სამუშაო დღის ბოლომდე

ავტორი: აღმავალი საიდან გვწერთ: თბილისი
03.06.2012 22:19
ეს პიროვნება გახსოვთ ?

http://shokoladi.ge/content/interviu-nikola-chernokraktan-avtoris-sveti

"მხოლოდ საქართველოში შეიძლება დიანიშნო 26 წლის ასაკში სრულუფლებიან ელჩად, 10 დიპლომატიური რანგის გავლის გარეშე".

ესპანეთში ელჩად ინიშნებოდა 1 წლიანი (!!) სამუშაო გამოცდილების მქონე: დიდი სკანდალით ჩაშალეს ეს არჩევანი (2004 თუ 5 წელს) და დაათავისუფლეს კიდეც ს
ამინისტროდან.
*
ახლა ფილოსოფოსია (თუ ღვთისმეტყველი?). სტატია ნახევრად წავიკითხე და გამახსენდა ავტორის სკანდალგამოვლილი ვინაობა.

პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
03.06.2012 23:27
არ ვიცი, რატომ ამოირჩიეთ მაინცა და მაინც ლაშა ოთხმეზური, რომელიც, როგორც სწორად ბრძანეთ, ელჩად არ დანიშნულა. ( და არც 26 წლის იყო, როცა ელჩად ინიშნებოდა, მაგრამ ეს ალბათ არ არის გადამწყვეტი) სამაგიეროდ, მართლაც ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ყოველგვარი დიპლომატიური გამოცდილების გარეშე დაინიშნა და იმუშავა ან ახლაც მუშაობს ელჩად. აქედან ზოგი ამართლებს ზოგი კი კატასტროფულად არა.

ავტორი: ანონიმი1ის და ზაალის მოტრფიალე საიდან გვწერთ: ჰავლაბარი
03.06.2012 13:14
სამარცხვინოა, როდესაც ასე ხელაღებით სთავაზობენ მოხელეებს დიპლომატის თანამდებობას! ამ საქმეს წლები, გამოცდილება და სპეციფიური მიდგომა სჭირდება! მხოლოდ საქართველოში შეიძლება დიანიშნო 26 წლის ასაკში სრულუფლებიან ელჩად, 10 დიპლომატიური რანგის გავლის გარეშე, რომელთა ეტაპობრივი დაძლევაც სავალდებულოა ამ სფეროში დასაქმებული თითოეული პირისათვის... აქვე დავწერ საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულთა დიპლომატიური საქმისადმი სრულიად უვიც დამოკიდებულებაზე და არაპროფესიონალიზმზე, რაც განსაკუთრებულად ვნებს ქვეყნის საგარეო იმიჯს.

ავტორი: ანონიმი
02.06.2012 22:26
ახლა მივხვდი...............................მაგიტომ გაიქცა სასამართლოში ქალბატონი მიმინოშვილი?)))))ჩვენთან ხომ პინგვინა ივანიშვილია უზენაესი სასამართლი )))))

ავტორი: მიშა
02.06.2012 14:25
"მომავლის სტუმრებთან" დაკავშირებით ერთ მოსაზრებას გამოვთვამდი.
საქართველო ვარდების რევულუციის შემდგომ სრულიად ახალ ეპოქაში ცხოვრობს. "პროგრესი" რომელიც სახეზეა, შედარებაც კი ჭირს რაც იქამდე იყო.

მხოლოდ საქმე იმაშია, რომ ეს ნახტომი "პროგრესში" არა ვარდების რევულუციის, ან რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის, პოლიტიკური პარტიის რეფორმების დამსახურება, არამედ მსოფლიოს ინფორმაციულ-ტექნოლოგიური რევულუცია გახლავთ.

კერძოდ, ვარდების რევულუცია დროში დაემთხვა ინტერნეტის ეპოქას, რომელიც თავისებურებებით და "მშვიდობიანი რევულუციონერობით", ჩემი აზრით უმაგალითოა კაცობრიობის დღემდე ცნობილ ისტორიაში.

ამჟამად გვაქვს სიტუაცია სადაც თქვენ და სხვა უმარავ ასობით თანამოქალაქეს შეუძლია საჯაროდ, ყველასთვის ხელმისაწვდომად (პოსტის და რაიმე ხარჯების გარეშე) წეროს რაზეც და ვიზეც მოესურვება.

რომ არა ინტერნეტრევოლუცია, ვფიქრობ საქართველო იმ ე.წ. ჩაბნელებულ 90-იანების სიტუაციებიდან წინ საერთოდ არ წასულა.

ავტორი: ნოუბოდი
02.06.2012 12:25
ზაზა მიმინოშვილი "თავის ძველ მეგობარ მაია ფანჯიკიძეს" რომ ურეკავდა, (ამ სიძველის ამბავი ძაან "ძველოა") რისი გულისთვისაც თურმე მისი და მოუხსნიათ, ეტყობა თან ბერასთან ერთად ტურნეები ელანდება.
არ ტეხავს? და ივანიშვილს არ უტყდება?

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutuceti
02.06.2012 09:02
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ის დამოკიდებულება რაც ჩვენ ხელისუფლებას სამინისტროებისადმი აქვს, სამინისტროებისადმი ვგულისხმობ როგორც შესაბამისი საქმის მაკეთებელი სტრუქტურისადმი და არა როგორც გამოჩენილი რევოლუციონერის ანდა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის დასანიშნი ადგილისადმი

საერთოდ გაუგებარია შაშკინი რას აკეთებს მეცნიერება-განათლებაში, კიდევ უფრო დაბნეული და "მინისტრი" ხაჩიძეა- რომელიც უცხოპლანეტელებთან უფრო მოგვარდებოდა (და ვშიშობ გვარდება კიდეც) ვიდრე გარემოს დაცვაში, მაგრამ ის რასაც ჯანდაცვის სამინისტროს "უშევებიან"--- ვერც ქართლს უქნეს და ვერც კახეთსა

ავტორი: ანონიმი
02.06.2012 00:27
დიდი მადლობა, ძალიან საინტერეოს ბლოგი იყო. ელოკვენტურად და საინტერესოდ მოჰფინეთ ნათელი შაშკინიზმს :)

ავტორი: ანონიმი
01.06.2012 22:48
ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
01.06.2012 22:17
მე არ დამიწერია, ე ს მობინგის შემთხვევა იყო თქო. წაიკითხეთ თავიდან.

კიდევ სხვანაირად: უსამართლობა ყველგან ხდება და ევროპაში ზუსტადაც, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში როგორც ხდება ესაა აუტანელი. სხვათაშორის ამაში თავად მიმინოშვილსაც ვგულისხმობ. როგორ მოხსნეს, როგორ მალე მოხდა დანარჩენი მედიაში საუბრები, მისი ძმის ჩართვა, ეგრევე ივანიშვილთან შეხვედრა, იგავები, თოქშოუები და მთელი დიმპიტაური.

ავტორი: გახარებული უიშვილი საიდან გვწერთ: გაუხარელი გოგიეთიდან
01.06.2012 21:54
მადლობა ზაალ, თქვენს ბლოგს თავისუფლად შეიძლება ვუწოდო "სასიკვდილო განაჩენი სახელისუფლო ისტებლიშმენტისა და მისი მხარდამჭერებისათვის"(tata germania, NATIA ლონდონიდან ასევე დანი და ძმანი მისნაირნი)-თქვენს კითხვაზე-" რით განსხვავდება ის მომავალი, რომელსაც აწმყოში მინისტრი შაშკინი და ვიცე-სპიკერი წერეთელი წარმოადგენენ, იმ არც თუ ისე კარგად დავიწყებული წარსულისაგან, სადაც სახელმწიფო მოხელეებად პარტიული და პირადი ერთგულების მიხედვით ინიშნებოდნენ უვიცი და პრეტენზიული ვიგინდარები?" მაქვს მოკლე პასუხი- ა რ ა ფ რ ი თ !

ავტორი: ანონიმი
01.06.2012 21:49
ვერ მივა პატივცემულო ზაალ...იმიტომ ვერ მივა რომ კანონიერად გააგდებს,დაპირისპირებული რომ არ ყოფილიყო არ გააგდებდა მაშინ,,,,კოლნში მოხდა ასეთი შემთხვევა 3 თვის წინ....
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
01.06.2012 22:19
კანონიერად გააგდეს თუ არა, ამას სწორედ სასამართლო დაადგენს. და თუ გერმანიის მაგალითი მოგყავთ, ასეთი შემთხვევა არა მგონია გათავისუფლების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. თანამშრომელმა თუ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა, სხვა საქმეა.

ავტორი: ანონიმი
01.06.2012 21:35
"რომელიც მას სამსახურში აღადგენს"
აღადგენს კი არა ის! მობინგი ევროპაში ყველგანაა მოდებული და დიდად თავს ვერ დაიცავ.

თუმცა მართალია, რომ ასეთი ფორმით რომ მოხსნან, რაღაცა დიდი ამბავია საჭირო.
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
01.06.2012 22:17
ვერ დაგეთანხმებით, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მობინგის შემთხვევა არ არის: მობინგია, როცა ადამიანს იქამდე მიიყვან, რომ სამსახური თვითონ დატოვოს. ამ შემთხვევაში კი თანამშრომელი მინისტრის ბრძანებითაა გათავისებული. ისე, ამასობაში დაიწყეს მობინგის წინააღმდეგ კანონების მიღებაც.

ავტორი: ანონიმი
01.06.2012 21:32
ნახე, ზაალი ყველას სწვდება,(ამასობაში) მაგრამ გიგი თევზაძეს მაინც ინდობს.
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
01.06.2012 22:21
?

ავტორი: ანონიმი
01.06.2012 17:08
კონსტიტუცია გადაწერ გადმოწერეს. მინისტრი როგორც უნდათ, ისე გასცემს ატესტატებს. მიმინოშვილი როგორც თავად ამბობს, მხოლოდ "შემსრულებელი" იყო. ასევე, მაშინ მან თანამშრომლებს უთხრა, "მოდი ჩავიგუბოთ პირში წყალიო", - და ა.შ. ყველა კაი ჩიტია რა!

ავტორი: Sally
01.06.2012 15:17
ეს "ატესტატები" როგორც ვხვდები ნებაყოფლობითი ემიგრაციის წახალისების მცდელობაა... ერთ.ეროვნული გამოცდების ხელმძღვანელის პოზიცია, როგორც ვხვდები აბსოლუტურად არაპოლიტიკური უნდა იყოს, ამიტომ ვერ ვხვდები რა პრობლემა ოპოზეციურად იქნება პიროვნება განწყობილი, თუ მმართველი პარტიის მიტინგებზე ივლის....

ავტორი: ანონიმი
01.06.2012 15:04
ყველა სამსახურებში არის პიროვნული დაპირისპირებები,მათ შორის გერმანიაშიც...ხოდა ნუ მიედ-მოედებით....
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
01.06.2012 19:52
მართალი ბრძანდებით ღრმად პატივცემულო ანონიმურო კომენტატორო, პიროვნული დაპირისპირება გერმანიაშიც არსებობს. მაგრამ გერმანიაში ამის გამო გაგდებული ადამიანი მივა ადმინისტრაციულ სასამართლოში, რომელიც მას სამსახურში აღადგენს. განსხვავება იმედია გასაგებია და დამატებითი განმარტება არ დასჭირდება?

ავტორი: მიშა
01.06.2012 14:33
სპეციალური ატესტატების დამზადებისათვის, რომლის შესახებ როგორც განთავისუფლებულმა საგამოცდო კომისიის თავჯდომარემ განაცხადა, თავად სახელმწიფო სტრუქტურებმაც არაფერი იცოდნენ, მითუმეტეს ეს ინფორმაცია არ ყოფილა ფართო საზოგადოების განხილვის საგანი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე რომ შევაფასოთ პასუხისგებაშია ბატონი შაშკინი მისაცემი.

გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან"

http://1tv.ge/video/13346

ჩაკითხვის ეპიზოდებში (49:00-61:00 წთ-ს შორის მონაკვეთში) ბატონმა დავითმა და ბატონმა გიგი თევზაძემ "კანაღამ"/"ფაქტიურად" დაასკვნეს, რომ რადგან კონსტიტუცია არ გუნუსაზღვრავს, ან მკაცრად არ განუსაზღვრავს მინისტრს ასეთი ტიპის ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება/განხორციელებას ე.ი. ასეთი ქმედება ჟარგონულად თუ ვიტყვით "მოსულა"!

ანუ, მაგალითად, თუ მინისტრი ინებებს, რომ ატესტატების ყდები მიკი მაუსის, ან შერონ სტოუნის სურათებით გააფორმოს, და ატესტატების ეს სპეცსერია დისნეის მულტფილმების გმირებს დაურიგოს საზოგადოებამ და მედიამ განგაში კი არ უნდა ატეხეოს, ან ფსიქიატრიულში კი არ უნდა დარეკის, არამედ დაემორჩილოს და დაელოდეს გადაწყვეტილების შედეგებს.

მიზეზია ასეთია: მინისტრი ერთპიროვნულად განსაზღვრავს განათლების პოლიტიკას და კონსტიტუცია არ არეგულირებს მის ქმედებებს. ასკვნის ბატონი გიგი თევზაძე (ან ბატონი დავით პაიჭაძეც?).

მართვისა და რაც მთავარია ბიუროკრატიასა და ადამიანებს შორის ურთიერთობის ამ სტილის (რასაც თქვენ ბლოგში "ტყუილნარევ თავხედურ არა კომპეტენტურობას" უწოდებთ), ერთერთი დიდი ინსპირატორი ბატონი ბატონი კახა ბენდუქიძე გახლავთ. ამ დღეებში მან ამ "სამარკო რიტორიკით" დასძინა კიდეც, რომ ეგ ქალბატონი ადრევე იყო გასანთავისუფლებელიო.

აღსანიშნავია უცნაურობაც, რომ ბატონი გიგი თევზაძე რომელიც უნივერსტეტის რექტორია მოწვეულია ისეთ თემებზე სასაუბროთ რაც რბილათ რომ ვთქვათ მისი კომპეტენციის სფეროებს სცილდება.

გაგახსენებთ კიდევ ერთ ასეთ უცნაურობას. კერძოდ გადაცემას

http://1tv.ge/video/5057

სადაც, 2011-წლის 26 მაისის ოპოზიციის მიტინგის დაშლის შემდგომ, დასკვით/შემაჯამებელ განხილვაში მწოვეული იყო არა რომელიმე კვალიფიციური იურისტი არამედ უნივერსტეტის რექტორი ბატონი გიგი თევზაძე.

ავტორი: ანონიმი
01.06.2012 10:27
ზაალი ყველანაირ კრიტიკას ერთნაირად პასუხობს, - აი, ეგ თქვენ თავად დაწერეთო, მე რასაც მინდა იმას დავწერო.
გია ნოდია ასე არ უპასუხებდა, - ის ორიენტირებულია "მოთხოვნილება -პროდუქტზე". არც ერთს გავავრცობ, არც მეორეს... რაღაცა უბედურება გვჭირს!
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
01.06.2012 19:50
თუ კრიტიკაა შეკითხვა: "რატომ წერთ Xზე და არ წერთ Yზე", ცხადია, რომ ასე ვუპასუხებ. თუ კრიტიკა ეხება არა თემის არჩევას, არამედ არგუმენტაციას, მაშინ ვპასუხობ სხვანაირად.

ავტორი: Tina საიდან გვწერთ: USA
01.06.2012 07:29
ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ასესტატის გაცემისთვის საქმეში გარეულ სამინისტროს თანამშრომლებს ციხეში ჩასვამდნენ მინისტრიანად.

ავტორი: ანონიმი
01.06.2012 00:16
ძმის ჩართვა ეთერში რა იდიოტობა იყო! მისი ტექსტიც და თავად ჩართვაც. კოშმარად იქცა ეს ქვეყანა.

ავტორი: ირინა საიდან გვწერთ: ანაერობული სივრცე
31.05.2012 23:41
ძალიან კარგი სტატიაა. არ დაგავიწყდეთ, ის 14 ატესტატი, რომელიც გამოცდების ჩაბარებამდე გადაეცა "განსაკუთრებით ნიჭიერ" მოსწავლეებს. რა კრიტერიუმით შეარჩია მინისტრმა სწორედ ეს 14? იმიტომ გადავეცი, რომ ჩვენი გამოცდები უცხოურ უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებს ემთხეოდა და ახალგაზრდებს საქმე გავუადვილეთო. იქნებ სხვა ნიჭიერსაც უნდოდა უცხოურ უმაღლესში ჩაბარება? იქნებ სხვებსაც არ უნდოდათ 1 წლის "დაკარგვა"? რატომ დარიგდა ჯერ ატესტატები და კანონი გზაში დააწია მინისტრმა? შაშკინის განმარტება ამ ატესტატებთან დაკავშირებით, ფაქტიურად დანაშაულის აღიარებაა და მეტი არაფერი.

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
31.05.2012 20:17
ახლა კი მოდი ვიკითხოთ, რით განსხვავდება ის მომავალი, რომელსაც აწმყოში მინისტრი შაშკინი და ვიცე-სპიკერი წერეთელი წარმოადგენენ, იმ არც თუ ისე კარგად დავიწყებული წარსულისაგან, სადაც სახელმწიფო მოხელეებად პარტიული და პირადი ერთგულების მიხედვით ინიშნებოდნენ უვიცი და პრეტენზიული ვიგინდარები?

მხოლოდ იმით, რომ ამ ვიგინდარებზე ლაპარაკი შეგვიძლია ხმამაღლა ან წერა ვირტუალურ სივრცეში. სამზარეულოდან გავედით:)
მაგრამ, აქაც ბევრი დათქმა შეიძლება არსებობდეს.
დისიდენტი დღესაც დაკარგავს სამსახურს და დღესაც მოხვდება ციხეში, ოღონდ სხვა მიზეზით.
მაგრამ რახან ავლაპარაკდით, ე.ი. დაახლოებით ოცი წლის შემდეგ ვისწავლით ჩვენი უფლებებისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლას:)
მანამდე კი, ხომ იცით?:)

ავტორი: ჯემი
31.05.2012 19:46
დიდი მადლობა რადიო „თავისუფლებას“, ამ თემას ასე კარგად რომ გამოეხმაურეთ. ბატონო ზაალ თქვენი კი დრო გამონახეთ, რომ მეტი წეროთ. სხვა თემებზეც. ჯერჯერობით რაც წავიკითხე, ყველაფერი ძალიან კარგია.

ყველაზე პოპულარული