ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 23:35

ბლოგები / ზაალ ანდრონიკაშვილი

პოპ-მართლმადიდებლობა

x
ტექსტის ზომა - +
საქართველოში არსებობს აზრი, რომ საზოგადოება ორადაა გაყოფილი: ტრადიციის დამცველებად და მოდერნიზაციის მომხრეებად. პირველები (რომლებსაც ჰგონიათ, რომ ერის უმეტეს და უკეთეს ნაწილს შეადგენენ) თავს ქართველობის და მართლმადიდებლობის მესვეურებად თვლიან და მოდერნიზაციის მომხრეებს ეკლესიის მტრობას და ქართველობის გადაგვარებას აბრალებენ. მეორენი კი  პირველებს რეტროგრადობაში, ობსკურანტიზმში, ეთნონაციონალიზმში, ქსენოფობიაში და რასიზმში  სდებენ ბრალს. ვფიქრობ, რომ სურათი ასეთი მარტივი არ არის: კავშირი ამ ორ "ბანაკს" შორის უფრო დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ყველაზე მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, საქართველოს მთავრობა, რომელსაც ეკლესიის მტრობას აბრალებენ ხოლმე, სინამდვილეში ეკლესიას ყოველწლიურად საბიუჯეტო და სპეციალური ფონდებიდან აფინანსებს. პირადად მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც მის მასწავლებელსა და წინამორბედს, ედუარდ შევარდნაძეს, თავისი, საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეკლესიის გამდიდრებასა და პოლიტიკური გავლენის მოპოვებაში.

თავის მხრივ, მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ხშირად აბრალებენ ხოლმე ზოგადად სეკულარული, განსაკუთრებით კი დასავლური კულტურის სრულ უარყოფას, სინამდვილეში ამ კულტურის არა მარტო მატერიალური პროდუქტებით სარგებლობს, არამედ ინტელექტუალურითაც.  ორ მგალითს მოვიყვან, ერთს საქართველოდან და ერთსაც რუსეთიდან (რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითად ინტელექტუალურ წყაროა).

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ერთ-ერთ ქადაგებაში საუბრობს იმაზე, რომ ანტიქრისტე დაიბადება მოსკოვს და პეტერბურგს შუა და მერე თორმეტი წლის ასაკში გადავა ამერიკაში. დეკანოზს საერთოდ მდიდარი ფანტაზია აქვს და სამეცნიერო (რბილად რომ ვთქვათ, სამეცნიერო-პოპულარულ და, სიმართლე რომ არ დავმალოთ, ფსევდოსამეცნიერო) და რელიგიურ დისკურსებს იოლად აერთებს ხოლმე. ამ ქადაგებაში მოყოლილი ისტორია სხვაგვარადაა აწყობილი და რელიგიურ დისკურსს პოპ-კულტურის დისკურსთან აჯვარებს: ის სერაფიმე საროველის წინასწარმეტყველების და ამერიკული მხატვრული ფილმი "ომენის" ნაზავს წარმოადგენს. რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსი მეუფე იობი (აქიაშვილი) კი გვიქადაგებს, რომ "2013 წელს მზეზე მოხდება აფეთქება. მაგნიტური ველი მოიცავს მთელ კაცობრიობას", შემდეგ კი გამოიწვევს საკომუნიკაციო საშუალებების გამორთვას და ადამიანების გაგიჟებას. ეს, მეუფე იობის სიტყვით, "მეცნიერული ახსნაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ემთხვევა მამათა წინასწარმეტყველებებს".   დეკანოზი არჩილისა და მეუფე იობის მცდელობა, სამეცნიერო და რელიგიური დისკურსები დააკავშირონ, უფრო სწორად კი რელიგიურ დისკურსს მეცნიერების ავტორიტეტი შესძინონ, იმის მანიშნებელია, რომ მხოლოდ ეკლესიის ტრადიციაზე დაყრდნობა ამ სასულიერო პირებს რატომღაც არასაკმარისად მიაჩნიათ და საჭიროდ თვლიან საკუთარი პოზიციების მეცნიერულ გამყარებას. 

შემდეგი მაგალითისათვის რუსეთს მივაკითხოთ. ცოტა ხნის წინ გახმაურდა რუსეთის პატრიარქის, კირილეს საათის ამბავი. მისი უწმინდესობის მაჯაზე ცნობილი ფრანგული (ამჟამად შვეიცარული) ფირმა "ბრეგეტის" საათი შეუნიშნავთ.  "ბრეგეტის" ტარება ჯერ კიდევ რევოლუციამდელ რუსეთში ითვლებოდა სოციალური პრესტიჟის ნიშნად. როდესაც ქრონომეტრის ფასი (დაახლოებით 30 000 $) ცნობილი გახდა და ხალხის გაკვირვება გამოიწვია, რად უნდა ნეტავი პატრიარქს ასეთი ძვირი საათიო, სურათებიდან, სადაც პატრიარქ კირილეს ეს საათი ეკეთა, "ბრეგეტის" რეტუშირება სცადეს. მაგრამ პრიალა მაგიდაზე საათის ანარეკლის წაშლა დაავიწყდათ. ესეც რომ გახმაურდა, ძველი სურათები ისევ დააბრუნეს, საპატრიარქოს პრესცენტრს კი მოუწია სპეციალური განცხადების გაკეთება. ამ განცხადებით, პატრიარქს ასეთი ძვირადღირებული საათი იმისათვის სჭირდება, რომ "ეკლესიის საზოგადოებრივი პრესტიჟი გამოხატოს". უცნაური ის არის, რომ ეკლესია პრესტიჟს და ავტორიტეტს არა საკუთარი ტრადიციის, არამედ შვეიცარიელი მესაათეების მეშვეობით იმკვიდრებს.

ეს შემთხვევები სიმპტომატურია. ეკლესიის ავტორიტეტი, რომელიც ზედაპირზე ძლიერად და შეურყევლად გვეჩვენება, შიგნიდან ასეთი მყარი აღარ ჩანს და თავის მხრივ სეკულარულ კულტურას და მის ნიშნებს ეყრდნობა. საკრალური და სეკულარული კულტურები ერთმანეთს ერწყმის და ერთგვარ დიფუზიას განიცდის. საკრალური კულტურის ნიშნებს სეკულარული კულტურა ითავსებს: აქედან მოდის ყოველი ეკლესიის წინ პირჯვრის გადაწერა, პატრიარქის სადღეგრძელო სუფრაზე, მაღაზიათა ქსელი "სამოსელი პირველი", ფსევდორელიგიური ლირიკა და მუსიკა, ზედაპირული რელიგიური სოციალიზაცია ("მამაოსაგან" შვებულებაში წასვლაზე კურთხევის აღება, სარეცხი მანქანების და ტელევიზორების კურთხევა და ა.შ).  საკრალური კულტურა კი სეკულარული კულტურის ნიშნებს ითავისებს (აქედან მოდის სასულიერო პირებისათვის ბოლო მოდელის ჯიპების და მობილურების აუცილებლობა). შედეგად ვიღებთ "პოპ-მართლმადიდებლობას", მართლმადიდებლობის ხალხურ ვერსიას, რომლის მატარებლები როგორც სასულიერო, ისე საერო პირები არიან. სწორედ ეს არის დღევანდელი ქართული პოპ-კულტურა (ან ყოველ შემთხვევაში მისი ერთ-ერთი ვერსია).

არ გამიკვირდება, თუკი ეს შეხედულება ბევრს დაუსაბუთებლად და გამაღიზიანებლადაც მოეჩვენება. დასტურად კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. "ნეტგაზეთში" ასეთ ახალ ამბავს გადავაწყდი: "პატრიარქის საიუბილეო კონცერტს პარიზში ივანიშვილი და ხელისუფლება აფინანსებენ". პრინციპში, არ არის გასაკვირი, რომ სახელმწიფო პატრიარქის 80 წლის იუბილეს და აღსაყდრების 35 წლისთავს აღნიშნავს. ბოლო-ბოლო საზოგადო პირებს იუბილეებს სახელმწიფო საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული უხდის. პრინციპში, არც ის იქნებოდა გასაკვირი, რომ საიუბილეო კნოცერტზე პატრიარქის მუსიკალური კომპოზიციები შესრულებულიყო (მისი უწმინდესობა მოყვარული კომპოზიტორია). მაგრამ სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა ჩატარდეს პატრიარქის საიუბილეო კონცერტი პარიზში (სადაც 200-კაციანი დელეგაცია გაემგზავრება), რომელიც ზოგადად რელიგიურობის და კერძოდ მართლმადიდებლობის ცენტრად ძნელად თუ ჩაითვლება. უფრო სწორად, გაუგებარი იქნებოდა, თუკი რელიგიური და სეკულარული ფასეულობების დიფუზიას  (იუბილე, როგორც პატივის მიგების არსებითად სეკულარული ფორმა, პარიზი, როგორც "მოდერნის დედაქალაქი",  ბომონდის დაბადების ადგილი და პარალელურად ერთ-ერთი ცენტრი იმისა, რასაც ეკლესია ვითომ ასე ძალიან ებრძვის) ვერ დავინახავდით. ამ შემთხვევაში პატრიარქი არა მარტო და არა იმდენად ქართველი მართლმადიდებლების წინამძღვარია, არამედ ქართველების პოპ-ხატი (pop-icon), რომლის თაყვანისცემა სხვამხრივ შეურიგებელ ადამიანებს აერთიანებს. უფრო პოპულარული პოპ-ხატი საქართველოს დიდი ხანია არ ჰყოლია და, ამდენად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი ეპოქის ტრენდს, ან თუ გნებავთ სულისკვეთებას, ზედმიწევნით გამოხატავს.

რაში მდგომარეობს ეს ტრენდი და  რატომ არის საქართველოში პოპულარული კულტურა (ან მისი ერთ-ერთი ფორმა) რელიგიურად შეფერილი? ყოველი საზოგადოება აყალიბებს შეკითხვებს, რომლებსაც ადრე საჭირბოროტოს დაარქმევდნენ. ამ შეკითხვებზე შეიძლება სხვადასხვანაირი პასუხები არსებობდეს (პრინციპში, ნებისმიერი კულტურა შეგვიძლია აღვწეროთ როგორც ასეთი შეკითხვებისა და მათზე გაცემული სხვადასხვა პასუხების ერთობლიობა). სხვადასხვა "ბედნიერების ინდექსები" გვიჩვენებენ, რომ "საშუალო ქართველი" თავისი ყოფით კმაყოფილი არ არის. აქედან რომ გამოვიყვანოთ შეკითხვა, რატომ არ არის "საშუალო ქართველი" ბედნიერი, შეიძლება ბევრი პასუხი მივიღოთ: ა) იმიტომ რომ ბევრი სოციალური პრობლემა არსებობს ბ) მთავრობის ბრალია, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს გ) ოპოზიციის ბრალია, რომელიც მთავრობას არ აცდის საქმის კეთებას დ) ღმერთი გვსჯის გ) ჩინელების (სომხების, იეღოველების, თათრების, რუსების) ბრალია და ა.შ. ყოველი პასუხი ამგვარ შეკითხვაზე კულტურულ (ხანდახან კი ანტიკულტურულ) სივრცეებს ქმნის (მაგ. ბოლო პასუხმა ასეთი ტიპის შეკითხვაზე 30-იან წლებში გერმანია ანტიკულტურულ სივრცედ გადააქცია).

ახლა კი მთლიანად უნდა გადავიდე ვარაუდის სფეროში. ჩემი აზრით, მართლმადიდებლობის პოპ-კულტურული ფორმა, სხვათა შორის, ამ შეკითხვაზე თავისებური პასუხი და რამდენიმე ემოციის პროექციაა: მომავლის შიშისა და კარგი ცხოვრების სურვილის ერთდროულად (ჰიპოტეტურ შეკითხვაზე: "რატომ არ არის "საშუალო ქართველი" ბედნიერი", პასუხის ჩემი ვერსია იქნებოდა: იმიტომ, რომ ცუდად ცხოვრობს და მომავლის ეშინია ანუ ეშინია რამის გაკეთებისა საკუთარი მდგომარეობის გამოსასწორებლად).  ამ შიშისაგან თავშესაფრის შემოთავაზება ვერცერთმა სეკულარულმა ინსტანციამ ვერ შეძლო. მარლთმადიდებელი ეკლესია, უფრო სწორად კი მართლმადიდებლობის პოპულარული ფორმა (რომელიც ჩნდება "მიწოდებისა" და მოთხოვნის" გადაკვეთის წერტილში), საკრალიზებული გლამური, ან, თუ გნებავთ, გლამურული საკრალურია. ის არის ხატი, ან თუ გნებავთ სარკე, რომელიც გვიჩვენებს, რა აკლია და რა უნდა რომ ჰქონდეს "საშუალო ქართველს" (ან, ყოველ შემთხვევაში, ქართველების ერთ, არც თუ ისე პარატა ნაწილს): ავტორიტეტი, რომელიც, ერთი მხრივ, ურყევ მეტაფიზიკურ გარანტიებს, მეორე მხრივ კი  შემოწირულ, ან, თუ გნებავთ, ნაჩუქარ, არა საკუთარი შრომით მოპოვებულ კეთილდღეობას (სხვანაირად რომ ვთქვათ, დაუმსახურებელი კეთილდღეობის მეტაფიზიკურ ლეგიტიმაციას) ემყარება: კეისრისა და ღვთისა ერთ ჭურჭელში.

Tags: ბლოგი, ეკლესია, მართლმადიდებლობა, პოპკულტურა



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
 წინა    
ავტორი: კუკური
17.05.2012 14:14
თავისუფლების ავტორების ბლოგებში ერთი რამ შესანიშნავად ჩანს: მოკლე ფეხები, გრძელი ცხვირი, მოკლე სული. ასევე მცდელობა, ამ ყველაფრის ზოგადსაკაცობრიო საზომად გამოყენებისა. მოკლედ, შექმნილი აქვთ 0,000000001 დეციბელიანი "დეცილოვიბროსტრაბორდი" და ჩალიჩობენ დაუღალავად ამ ცხოვრებაში.

ავტორი: მ-მ საიდან გვწერთ: რავიცი
17.05.2012 14:06
აგერ ბატონი გერმანეც საუბრობს "ორმაგ მორალზე", "რაც ხორცს მოსწონს" იმაზე და იქნებ გაუშვათ ქუთაისური ანდაზა სულის სამოთხეზე. ))

ავტორი: GERMANE
17.05.2012 13:52
ავტორი: მაია
17.05.2012 02:28

მაია, რა დიდი სიამოვნებით დაგეთანხმებოდი იმაში, რომ ეს "ტოტალიტალური მართლმადიდებლობა" უკურეაქციას გამოიწვევსო და ალბათ ფიქრი რომ დავასრულო - ხალხი გათავისუფლდებაო.

სამწუხაროდ არაა ასე კარგად საქმე - მართალია ტოტალიტარიზმი ყოველთვის იცვლება.
მაგრამ....
აგერ ბატონმა ზაალმაც კარგად დაგვისაბუთა თუ დაგვანახა - ქართული მართლმადიდებლური ეკლესია არაა ტოტალიტალური.
არც სააკაშვილის ხელისუფლებაა ტოტალიტალური.

ტოტალიტალური იყო სტალინი - კიტელი ეცვა, კერძო სახლიც არ ჰქონდა და 15 წუთი სამსახურში დაგვიანებისათვის 10 წლით აციმბირებდა.

ახლანდელი ქართული ეკლესია, ახლანდელი ხელისუფლება არის, ზაალისა არ იყოს - პოპ-არტული.

სააკაშვილი ამაყობს, რომ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისათვის 3 წლით აპატიმრებს და კორუფცია მოსპო. მაშინ როცა მისი მინისტრები და მაღალი ფენის მოხელეები მილიონებიან ვილებს აშენებენ - მალიბუში კიარა, აქ, სახლში, საქართველოში და სააკაშვილმა იცის, რომ ეს ყველამ იცის.
ტოტალიტარისტული სააკაშვილი თავებს დააგორებდა.
ტოტალიტარი პატრიარქი - ხატზე გადასცემდა ჯიპოსან და სმარტფონიან მღვდლებს, ტოტალიტარი ქრისტიანი პატრიარქი ზომიერებისაკენ, სიყვარულისაკენ მოუწოდებდა - პერანგის გახდასა და გაჭირვებულზე ჩაცმას მოუწოდებდა და არა იმას იზამდა, რომ რუსთაველისა და ავლაბრის შემოგარენში ათობით მღვდლებს გაგაზავნიდა ქუჩებში, ვინმემ ჩემი ლიცენზიის გარეშე სანთელი არ გაყიდოსო. ტოტალიტარ-ქრისტიანი ილია მეორე მის ათასეულობით ჰექტარ მიწებზე, რომლებიც განსაკუთრებული სტატუსით ეკლესიას ეკუთვნის და ათეულწლებია არ მუშავდება - ლტოლვილებს ჩაასახლებდა, დასაქმების საშუალებას მისცემდა, გაყინულებს ეკლესიის თბილი წინაკარიდან არ გააძევებდა - ბომჟობა ცოდვააო ამ მიზეზით.

ამიტომაც ასე მოხდება - ეკლესია ამ პოპ-კულტურული იერით თანდათან გადაიბარებს იმ სფეროებსაც, რომელთაც ადრე ან სახელმწიფო და ან ოჯახი აკონტროლებდა - ესაა განათლება, აღზრდა, წიგნის კიტხვა და მეცნიერული ხედვის წარმოჩენა - ამას ყველაფერს დღეს ეკლესია უკმაყოფილებს ადამიანებს. თანაც, ეკლესიის შიგნით კი ღაღადებს ტოტალიტალურ მორწმუნეობას, მაგრამ ეკლესიის გარეთ და ყველას დასანახად აშკარად ამბობს - ორმაგი მორალი ნორმალურია, სიცრუე და გადაგდება, საზოგადოებისა და სახელმწიფოს გაყვლეფა - ნორმალურია, ფეისბუკი და ჯიპი მაგარია, როლექსი მართლმადიდებელს უნდა ეკეთოს, წირვის დროსაც არაა საჭირო მოხსნა.
მთავარია იქადაგო ერთი და აკეთო რაც ხორცს მოსწონს - ამაში არაფერიაო საძრახი - გვეუბნება ეკლესია და ამის მაგალითს თავადაც გვაძლევს.

ამიტომაც, ხალხი არ შეაქცევს ზურგს ილია მეორის ქართულ ეკლესიას - ხალხი კიდევ უფრო დაიჩლუნგებს თავს და დაემონება, დაემორჩილება, რამეთუ ამ მორჩილებაში ხედავს იმ გზას, რაც ასე გულით სურს - კარგი სახლი, კარგი ქალ-კაცი, კარგი ჯიპი, მოდერნისტული მედიები, ქეიფი პარიზში, გონკავი რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე ჩემს მამაოსთან და ასე შემდეგ.
პატრიარქს ტყუილად კიარ უხსენებია მიწიერი მორჩილება.
დაემორჩილე სისიტემას - იქნება ეს სააკაშვილი თუ საპატრიარქო და უხვად დასაჩუქრდები.

პოპულიზმის და რეიტინგის ფულად გადაქცევის ხელოვნება არც პატრიარქსა და არც მიშას ესწავლებათ - სწორედ ამიტომ ვერ ჩაითვლებიან ისინი ტოტალიტარული სისტემების დამცველებად.
ავტორიტარიზმზე და პოპ-იდოლობაზე კი გეთანხმები - ორივენი პოპ-იდოლები არიან.

ელვის პრესლი უკვდავია ....

ავტორი: ქუთაისელი საიდან გვწერთ: ქუთაისი
17.05.2012 13:01
ზოგიერთ რამეზე მართლაც ვერ შეგედავებით, მაგრამ ესაა ზუსტად საშიში-ნახევრადსიმართლე.ვებრძოლოთ თუ გადავარჩინოთ,მაგრამ უფალი ხომ ამბობს "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას"........

ავტორი: ეკა მაისურაძე საიდან გვწერთ: თბილისი
17.05.2012 12:17
ბატონო ზაალ სამწუხაროდ ძალიან დამეკარგა თქვენზე წარმოდგენა, არ შეიძლება წეროთ ის რაც არ იცით, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ მართმადიდებელი არ მესმის თქვენი და თქვენნაირების კრიტიკა იმ ადამიანისა, რომლის გარეშეც დღეს თქვენ ქვეყანა არ გერქმეოდათ, ვინაიდან ვიცნობ დიპლომატიურ კორპუსში ბევრ ადამიანს, ისიც ვიცი რა მიზნითაა პატრიარქი საფრანგეთში წასული და ვიცი იქ რა საკჲთხებიც დადგება.. ესაა საქართველო, საქართველო და კიდევ ერთხელ საქართველო, კონცერტი ამ ყველაფრის მხოლოდ გაფორმება და გარე თემაა და თქვენნაირი ჟურნალისტი,როდესაც თემას გარედან უვლით ცოტაარიყოს გულისამრევიც კია. გული მწყდება, რომ თქვენს მიერ ჩაძახილს ქვევრში ბევრი უგუნური ექოსავით ამოიძახებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ ვიზიტს საფუძვლად უდევს საფრანგეტში ბევრ დიპლომატთან და სახელმწიფო მოხელესთან შეხვედრა, რომლებმაც მომავალში ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტონ, თუ თქვენ გჯერათ, რომ საქართველო შეიძლება მხოლოდ თბილისში ჯდობით გაბრწყინდეს ტიპიური უვიცი ყოფილხართ და მეტი არაფერი.

ავტორი: irakli საიდან გვწერთ: tbilisi
17.05.2012 11:53
Надев широкий боливар,
Онегин едет на бульвар
И там гуляет на просторе,
Пока недремлющий брегет
Не прозвонит ему обед.

ავტორი: ვერა გლამუროვა საიდან გვწერთ: სამება
17.05.2012 11:49
თანაფორუმელობო,

ქართული მართლმადიდებლობის დასუსტება საქართველოს ერთიანობის დასუსტებას ნიშნავს. კრიტიკის დროს რაღაც წონასწორობის შენარჩუნებაა საჭირო. მართლმადიდებლობას დახმარება სჭირდება და არა დღენიადაგი კირკიტი და ქირქილიანი კრიტიკა.

ავტორი: ზეტა
17.05.2012 11:48
გადმოცემის ფორმა იმდენად მსუბუქია, რომ ღიმილი არ მომშორებია მთელი სტატიის კითხვისას, როგორც ნოდარ დუმბაძის წაკითხვისას. ყველაფერი ნათელია და ამიტომაა მსუბუქი. სად შეიძლება წავიკითხო კახა კურტანიძის სტატიები აზრები.ჯი-ს გარდა? გმადლობთ ყოველი წერილისთვის.

ავტორი: სოფიო
17.05.2012 11:43
ბატონო ზაალ, თქვენს წერილს გავეცანი და მართალი გითხრათ დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყურით მოთრეულ ამბებს უკეთ ეყრდნობით და არ იცნობთ ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სწავლებას. დასანანია ეს ფაქტი. მამა ლაზარე აბაშიძე, წიგნში ''ლავდიკიის ეკლესიის ანგელოზს'' თვითონ ეხება ამ თემას, რაც თქვენ წარმოადგინეთ. თუ არ დაიზარებთ გაეცანით მას.

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
17.05.2012 11:35
მე პირიქით მგონია:ერთ-ერთი უგვანო სტატია.ისე საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ და უფრო გეცოდინებათ და მოგვიყევით საშუალო სტატისტიკურო გერმანელის ზრდილობაზე,კულტურაზე,განათლებაზე და თუ შეიძლება მართალი ბ.ზაალ.რომის პაპზე არაფერი გითქომთ და ალბათ გამოგრჩათ,კოჭებში გატყობთ იგივესა.მოწონებით ვინ მოგწონთ ესეც საინტერესოა:)ბიძინაჩემი ხომ არა ბ.ზაალ:)))?
პ.ს.თემურ იაკობაშვილთან მგონი თქვენც შეგეშალათ,როცა დასწერეთ"ზოფილიყოო" და ეს ალბათ თქვენი პირველი და უკანასკნელი შეცდომაა თუ სხვებიც არსებობს(მართლწერას არა ვგულისხმობ მხოლოდო:რატომღაც ჩავთვალე ამ განმარტების მიცემა აუცილებლად:)).

ავტორი: Otherguyln საიდან გვწერთ: USA
17.05.2012 11:31
30 000-იანი საათი რომ ზედმეტია რუსეთის პატრიარქისთვის ამას რომ ადამიანი ვერ მიხვდება, იმას გონება დაბურული აქვს...

ავტორი: ანონიმი
17.05.2012 10:41
ტენდენციურიაააა......

ავტორი: თეა საიდან გვწერთ: თბილისი
17.05.2012 09:23
ამ ბოლო ხანს, მსგავს თემაზე დაწერილ სტატიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტატიაა!
ძალიან მომეწონა.

ავტორი: anano საიდან გვწერთ: tbilisidan
17.05.2012 07:53
ბანკიდან კრედიტის აღების კურთხევა გაგიგიათ?

ავტორი: ანონიმი
17.05.2012 07:25
არა და რამდენი ადამიანი ლოცულობს, ჩვენი და მათ შორის თქვენი სულებისთვის, დღე და ღამ! უსასყიდლოდ! წრფელი გულით!

ავტორი: კახა კურტანიძე საიდან გვწერთ: :-)
17.05.2012 07:19
ძალიან კარგი ნააზრევია. სასიამოვნოდ გამაკვირვა, რადგან უცნაური კუთხით შემახედა მოვლენას. მეს -ის (მსოფლიო ეკლესიათა სამჭოს) ერთ-ერთ დოკუმენტში აღნისნულია, რომ უზნეობაა ერთი მხრივ იყენებდე თანამედროვე აზროვნების მიღწევებს (განმატერიებულსაც საგნებში და ვითარებებში) და მეორე მხრივ მოუწოდებდე ამ აზროვნების წინააღმდეგ და გმობდე მას! თუმცა ემს არც ჩემთვისაა დიდი ავტორიტეტი! მაგრამ, ამ კომენტარ ამიტომ არ ვწერ. რაც მაწერინებს არის გულდაწყვეტა იმის გამო, რომ მსგავსი სტატიები და ამ სტატიაში გამოვლენილი პიროვნული მხნეობაც ავტორისა 5-8 წლის წინ უნდა გამოვლენილიყო. ანუ მაშინ, როცა ეკლესია არ იყო ფაფარაშლილი და იყო მის სიგნით ძალა, რომელიც იჩენდა აქტიურობას მისი უმჯობესი მხრით განვითარებისათვის. ეს ძალა დაითრგუნა! და სიჩუმემ დაისადგურა. ამბობენ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო თუ ეს არასდროს უკვე კაა ხანია არაა ჩამომდგარი! იქნებ ამ არასდროში ჟღარუნი აღარცაა მხნეობა?!
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
17.05.2012 09:59
კახა, დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. მართალი გითხრათ, სულ არ მგონია, რომ რამის წერა და ლაპარაკი დიდი მხნეობაა. ამისთვის არ ვწერ,რომ თავი მხნედ ვიგრძნო ან სხვებს მოვაჩვენო. უბრალოდ ვწერ რაღაცეებზე, რაც მაინტერესებს. სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს სტატიებს. პალამაზე წერა მგონი უფრო დიდი მხნეობაა:)

ავტორი: temur iakobashvili საიდან გვწერთ: amerika
17.05.2012 05:03
საინტერესო სტატიაა, მნიშვნელოვანი, მთავარი პრობლემა ამ და მსგავსი სტატიების არის არსებული სიტუაციის გაბუქება, ანუ პრობლემა რეალურად არსებობს, მაგრამ არ არსებობს "საშუალო ქართველისათვის", "საშუალო ქართველი" არც ეგეთი ბრმაა და არც ეგეთი ფუნდამენტალისტი. მემგონი ცოტა ზედმეტს პანიკობს ავტორი
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
17.05.2012 10:03
საშუალო ქართველი პირობითი სახელია. საშუალო-სტატისტიკური, გამოკითხვების მიერ შექმნილი. უკეთესი სახელი ამის აღსანიშნად ვერ მოვიფიქრე. შეიძლებოდა საშუალო მართლმადიდებელი ზოფილიყო.

ავტორი: განგრენა
17.05.2012 03:35
ძალიან მაგარია ზაალ. თქვენი ტექსტებიდან ჩანს, რომ ამის შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც გეყვით, რომ ყურს ნუ უგდებთ ამ კომენტარებს და რაც შეიძლება ხშირად გვიწერეთ. ჩვენ განმანათლებლობის ეპოქა არ გაგვივლია და პირდაპირ პოსტმოდერნში მოვხვდით. არ ვიცი ბელინიდან ჩანს თუ არა, მაგრამ აქ, ჩვენთან სიტუაცია საკმაოდ სწრაფად უარესდება. იმდენად, რომ გუშინ რაზეც თქმები ყალყზე გვიდგებოდა, დღეს უკვე აღარ გვაღიზიანებს. არაჩვეულებრივად სწორია თქვენი დებულება რელიგიის გაპაპსავებასა და ყოფის გარელიგიურებაზე (სულიერება სწორედ რომ არ არის და გარეგნული რელიგიური ელემენტებია უფრო მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის აღნიშვნა). მოკლედ, წერეთ რა. ისე რა სამწუხაროა, რომ ეკლესიის დამცველთაგან არავინ შემოდის აქ ნორმალურად მოაზროვნე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მარტო უწიგნური ფანატიკოსების საქმე იყოს რელიგია. არადა არ არის ასე, მერწმუნეთ.

ავტორი: მაია
17.05.2012 02:28
ცოტაც გავუძლოთ და ეს ტოტალური მართლმადიდებლობა ისეთ უკურეაქციას გამოიწვევს, რომ თქვენი მოწონებული. ხალხნო და ჯამაათნო, წერა-კითხვის ცოდნა აუცილებელია, ზეპირსიტყვაობის ეპოქა კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. გაიღვიძეთ, დეპოში ვართ! გუტენბერგი მე მგონი მეთხმუტმეტე საუკუნეში ცხოვრობდა.

ავტორი: მიმი
17.05.2012 01:44
მართალია ეს არ არის ზალიკოს ანალიზზე პასუხი, შემდეგი ამბის დაცნობისას ამ მეტად "სახალისო" ფრაზას გადავაწყდი, რომელიც არ შემიძლია არ ჩავრთო აქ.
"რა რეაქციები მოყვა გამგებლის მოადგილის ჩხუბს?"- (ავტ. ლელა კუნჭულია)
---
”მე ვარ გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანი... დილიდან საღამომდე აქა ვარ და რა საყვედურებით გვაძღობთ, არ ვიცი, რა... რა გნებავთ, ვერ ვხვდები, რა...”
სიტყვიერი დაპირისპირება თანდათან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც გამგებლის მოადგილე ჩხუბს ”გამშველებლების გარეშე”ითხოვდა.
როგორც თავად ბესო გაზდელიანმა აღნიშნა ტელეკომპანია ”მაესტროსთან“ საუბრისას, მას შეურაცხყოფა მიაყენეს და ამდენ ლანძღვასა და გინებას, მათ შორის პარტიის - ”ნაციონალური მოძრაობის” - მისამართით, ის, როგორც ქართველი კაცი, სვანი კაცი, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიტანდა.
----
ეს ქართველობის და "კაი კაცობის" მესვეური კაცი ნეტავ რომელ კატეგორიას განეკუთვნება, "მორწმუნეთა" თუ "მოდერნიზაციის მომხრეთა ლიბერალებს"... თუ უფრო ჰიბრიდული, გარდამავალი პოზიცია აქვს, და თავის ხედვებს და პრინციპებს პოლიტიკურ კონტესტებისდა მიხედვით იცვლის...
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
17.05.2012 10:05
მიმი, როგორ ხარ? გამგებლის მოადგილე გაზდელიანმა თავისი თავი მგონი კარგად აღწერა. მე კი შემიძლია, ჩემგანაც დავუმატო ერთი-ორი სიტყვა ამ აღწერას, მაგრამ არა მგონია, ძალიან საინტერესო იყოს:)

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
17.05.2012 01:44
სადღაცას ამოვიკითხე "სარეცხ მანქანას აკურთხებენო" და თითქოს კნინობით ფორმაში გამოხატავთ და პატრიარქს როგორც წოდებას თქვენდა უნებურად აღმატებით ფორმაში და ეს მაშინ გემართებათ ბ.ზაალ როდესაც ივიწყებთ მათ ადამიანობას
პ.ს. თქვენ ბ.ზაალ გაივლით ბეწვის ხიდზე?ანუ თემა სხვა ვეღარა ნახეთ?

ავტორი: anonimuri საიდან გვწერთ: batumi
17.05.2012 01:09
რატომ უჩნდებათ ადამიანებს ეკლესიის საქმეში ხელების ფათურის სურვილი? ვის ჭირდება და ვისთვის მოაქვს სიკეთე ამას? რატომ ვერ ვისწავლეთ ქართველებმა ჩვენი უფლებები და მოვალეობები?

ავტორი: ანონიმი
17.05.2012 00:45
სტატია წარმოადგენს კიდევ ერთ, საკმაოდ სუსტ მცდელობას მოახდინონ მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაცია. ავტორს ვურჩევ, რომ ცოტა მეტი ჟურნალისტური პროფესიონალიზმი გამოიჩინოს და საკუთარი სტატიებიდან ამოიღოს აშკარა ტენდენციურობა ეკლესიის დისკრედიტაციისა. მემგონი შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეთ, რომ ნამდვილი ჟურნალისტიკა გამორიცხავს ტენდენციურობას. საკმაოდ სუსტი პოზიციაა ის, რომ ერთეული სასულიერო პირების პირად მოსაზრებებს ან ქმედებებს ასაღებთ, როგორც ეკლესიის ხმას და საქმიანობას. გთხოვთ ნუ ამზადებთ ასეთ ნახევარფაბრიკატებს და ნუ შეგყავთ ადამიანები შეცდომაში.
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
17.05.2012 10:07
გმადლობთ. ჯერ ერთი, ჟურნალისტი არ ვარ და გამოვხატავ ჩემს პირად აზრს, რომელიც ვინმეს შეიძლება ტენდენციურად მოეჩვენოს. მეორე და მთავარი: როდიდან გახდა ქადაგება სასულიერო პირების პირადი მოსაზრება და არა ეკლესიის ხმა? აბა ეკლესიის ხმა რა არის?

ავტორი: ანონიმი
17.05.2012 00:29
გულის ამრევია ამ რადიოს პრიმიტიული "ბრძოლა" ეკლესიის წინააღმდეგ. დასთვალეთ ერთი რამდენ ტექტსებს აცხობენ ერთმანეთის მიყოლებით აქაური ავტორები.
ან რა წერია... რამე საინტერესო მაინც იყოს. რა თქვენი საქმეა კირილეს საათი? უნდა და უკეთია. აქვს.

ავტორი: ანონიმი
17.05.2012 00:18
დისერტაციას წერთ მართლმადიდებლობაზე?
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
17.05.2012 10:09
არა.

ავტორი: guram საიდან გვწერთ: Tbilisi
16.05.2012 22:53
ბრეგეტი, პეუგეოტი და რენაულტი.
:)
სანამ სხვის ინტელექტს მისდგებოდეთ, ვიკიპედიას მაინც გადახედეთ, კაცო. :))

ავტორი: ანონიმი
16.05.2012 22:31
ბატონო ზაალ იმდეია კიდევ ბევრჯერ შეეხებით ასეთ თემებს,რადგან არჩვეულებრივად გაქვთ აღწერილი არსებული რეალობა. მითუმეტეს განსხვავებული აზრი,კრეატიული აზროვნება და საერთოდ სიმართლის თქმა დღესდღეობით დიდი პრობლებაა.წარმატებებს გისურვებთ!

ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
16.05.2012 22:24
ბატონო ზაალ.

პრობლემები რომელზეც საუბრობთ რა თქმა უნდა არსებობს და ძაანაც,

სამწუხარო ისაა რომ, როცა ჭკვიანი კაცის ნაწერს ვკითხულობ ,ხშირად თავის ტკივილის წამლად გილიოტინის შემოთავაზებას ვაწყდები.

ეჭვი არაა ,თქვენი ბლოგი გაცილებით უფრო რაფინირებულადაა დაწერილი ვიდრე აქაური მებრძოლი ათეისტებისა ,მაგრამ ერთ რამეს ვისსურვებდი გამეგო.

რას ფიქრობთ ქრისტეს მოძღვრებაზე ,გამოადგება თუ არა ადამიანებს მის მიხედვით ცხოვრება თუ ჩვენ უფრო უკეთესი კანონები შევქმენით,

როგორც ქრისტე ამბობს .ადგილს რომელიც წმინდაა და ჩვენ ავაზაკებს დავუთმეთ, გილიოტინით მივადგეთ თუ ცოცხით.
პასუხი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი
17.05.2012 10:10
ბატონო ანონიმ,

პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი კანონები საზოგადოებისთვისაა, ქრისტეს მოძღვრება კი ადამიანისათვის. ერთი კეისრისაა, მეორე ღვთის. ორივეს შეერთება, მე მგონი, შეუძლებელია. თორემ ადამიანმა, თუ შეძლო, ქრისტეს მოძღვრებით თუ იცხოვრა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბედინიერი იქნება.

ავტორი: ანონიმი
16.05.2012 22:08
ანტიქრისტე და იუდას ძეგლის დამდგმელი ტროცკი უკვე დაიბადა და კაი ხანია რაც მოკლეს კიდეც სხვათა შორის. მაგისთანა ანტიქრისტეები პერიოდულად ჩნდებიან და ან ნებით და ან უნებურად კვდებიან. ასეთმა ანტიქრისტემ ერთხელ რემბრანდტის საყვარელ ლაიდენში ეკლესიის კარებს 1990-ან წლებში ეშმაკი მიახატა. სხვამ ეკლესიაში სტრიპტიზ-ბარი გამართა. მასეთები ბევრია. მოკლედ ლიბერალი ფუნდამენალისტები (მათი დევიზია "ვისაც ჩემნაირად არ ესმის თავისუფლება მოსასპობია") ეტაკებიან რაღაცის მორწმუნე ფუნდამენტალისტებს (მათი დევიზია "ვისაც ჩემნაირად არ ესმის ჭეშმარიტება მოსასპობია". ერთ ერთ ერთი მაგნაირი მერაბ მამარდაშვილიც იყო: დადიოდა და იძახოდა რომ მისებურად გაგებული ჭეშმარიტება რუსთაველის სამშობლოზე უფრო მნიშვნელოვანია). რა გიყოთ. ამბობენ რომ კალი იუგაა. ვნახოთ. ღმერთი ალბათ პერესტროიკის პრარაბების ხელით სჯის ცოდვილებს. აბა სულ ტალახში ხო არ აგორავებს კაცობრიობას. მერე იმ პრარაბებსაც მიხედავს და ასე...
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
 წინა    

ყველაზე პოპულარული