ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:07

საზოგადოება / საქართველო

15 ოჯახი სასიკვდილო საფრთხის ქვეშ

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ
ტექსტის ზომა - +
დუშეთის რაიონის სოფელ ზემო მლეთის მოსახლეობა უკვე წლებია განსახლებას ითხოვს. სოფლის თავზე ჩამოწოლილი მეწყერი სიცოცხლისთვის საშიშია. მოხუცები და ბავშვები ფაქტობრივად მდინარის კალაპოტში ცხოვრობენ.

ზემო მლეთის თავზე ღვარცოფული კერა უკვე 40 წელია არსებობს. 2010 წლის 24 აპრილს სტიქია სოფელს განმეორებით დაატყდა თავს. ღვარცოფმა არაგვი გადაკეტა, რის შედეგადაც მდინარე ხალხს სახლებში შეუვარდა. რამდენიმე სახლის პირველი სართული მას შემდეგ საცხოვრებლად გამოუსადეგარია.

„არსებობს გეოლოგების დასკვნა, რომ 15 ოჯახი გასასახლებელია. ძალიან უცნაურია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამ ხალხის გასახლება ვერ ხერხდება. შესაძლოა უცებ აიწიოს წყლის დონემ“, - ამბობს  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი.
შარშან მდინარეში დაიხრჩო სამი წლის ხატია ნაზღაიძე.

გვითხრეს, რომ შვიდ-შვიდი ათასი ლარია ჩვენზე დარიცხული, მაგრამ ამ ფულს ჯერ ხელს არ ვკიდებთ. ჯერ ნაკვეთები გამოგვიყონ, სადაც გადაგვასახლებენ და მერე ფული მოგვცენ ...

დღემდე მოსახლეობას სოფელში რიგრიგობით სძინავს, რათა წყალმა მოულოდნელად არ აიწიოს და გაქცევა მოასწრონ.

„გვითხრეს, რომ შვიდ-შვიდი ათასი ლარია ჩვენზე დარიცხული, მაგრამ ამ ფულს ჯერ ხელს არ ვკიდებთ. ჯერ ნაკვეთები გამოგვიყონ, სადაც გადაგვასახლებენ და მერე ფული მოგვცენ“, - ამბობს სტიქიით დაზარალებული ჯიმი გაგაძე.

ზემო მლეთის მცხოვრებ ცისანა ზაქაიძეს დაპირების არ სჯერა. მისი თქმით, დაპირებებს მთავრობა ყოველი არჩევნების წინ იძლევა, მაგრამ მერე აღარ ასრულებს.

„სანამ არჩევნები დამთავრდება, მანამდე გამოგვიყონ ნაკვეთები“, - ამბობს ის.
ქვეშეთის თემის გამგებლის მოადგილე იოსებ ზაქაიძე  აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის ფული მართლაც გამოყოფილია, მაგრამ სტიქიით დაზარალებულებს მისი აღება ჯერჯერობით არ სურთ.

„ამბობენ, ჯერ მიწები გამოგვიყონ და მერე ავიღებთ, ახლა რომ ავიღოთ, დაგვეხარჯებაო. ის მიწები ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ამჯერად ვმუშაობთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტს გადმოეცეს“, - ამბობს იოსებ ზაქაიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალოს“ წარმომადგენლის ილია გუჩმანიძის თქმით, სტიქიით დაზარალებულებთან დაკავშირებით პრობლემები სხვადასხვა მიზეზის გამო იქმნება. პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია კანონმდებლობის არარსებობა, კანონმდებლობისა, რომელიც სტიქიით დაზარალებულებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურებს დაარეგულირებს. ასევე პრობლემაა ამ მიმართულებით სახელმწიფოს ხედვისა და კონკრეტული გეგმის  უქონლობა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
19.06.2012 12:24
დღემდე მოსახლეობას სოფელში რიგრიგობით სძინავს, რათა წყალმა მოულოდნელად არ აიწიოს და გაქცევა მოასწრონ.

კაცო,ლენინმა თქვა იფხიზლეთო თორე მოვა და შეგჭამთ ბურჟუაო მარა ყველამ იფხიზლეთო,მანდ კი რიგ რიგობით ფხიზლობენ მარტო,რას ჰგავს ეს? არა,დააკლდათ ძერჟინსკის ხელი...ის ყველას გადაასახლებდა ერთბაშად. და უკან დაუბრუნებლად.

ავტორი: ანონიმი
19.06.2012 11:50
ასეთი ადამიანებისთვის და პრობლემებისთვის არ სცალია არავის!

ყველაზე პოპულარული